ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი Iნაწილი IIნაწილი III
IVნაწილიდილისთვის ენის მდგომარეობა ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო. არც ტიროდა, არც ყვიროდა, გეგონებოდათ, არაფერი დამართნიაო. ერთადერთი, ჭამაზე სასტიკი უარი განაცხადა. ექიმმა დაგვამშვიდა, ამხელა სტრესის მერე პაციენტებს უჭირთ საკვების მიღება, ამიტომ ნურაფერს დააძალებთ, ჯერაც შოკშია და როცა გადაუვლის, ყველაფერი დალაგდებაო. ვიფიქრეთ, ჯანდაბას, რახან გადარჩა, რა თავში ვიხლიდით მაგის ქალწულობას, დრო გავიდოდა და ყველას დაავიწყებოდა, რაც შეემთხვა. ყოველ შემთხვევაში, შევეცადეთ, შემთხვევა შეძლებისდაგვარად მიგვეჩუმათებინა. ტელევიზიის საქმე მოვაგვარეთ, რომ არ გაეშუქებინათ, ამაში ჯინამ იმარჯვა.
იმ ღამეს მძღოლს ვერ მიაგნეს. რაციით მაშინვე გადასცეს ნომერი, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერსად იპოვეს. შეიძლება სულაც მიიმალა სადმე. სახლშიც დაადგნენ, მაგრამ ცოლმა თქვა, შინ რომ დაბრუნდა, მალევე ვიღაც კლიენტმა დაურეკა, აეროპორტში უნდა გაეყვანა და ჯერ არ დაბრუნებულაო. რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მისი ნათქვამი, ეშმაკმა უწყის.
დილით კი გამომძიებელი ისევ დაგვადგა თავზე. ჩვენ ჯერაც კლინიკაში ვიყავით. უპოვიათ მძღოლი რომელიღაც საავადმყოფოში, წელს ქვემოთ მოწყვეტილი, ნაცემი, ფეხები დამტვრეული, თუ გადარჩა, კაცობას ვერასდროს აღიდგენს, მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლში გაატარებსო, ჩაგვიკაკლა გამომძიებელმა.
ისე გაგვაოგნა ამ ამბავმა, ხმა ვერ ამოვიღეთ. მე მაშინვე მარკოზე ვიეჭვე, მაგან ხომ არაფერი ჩაიფიქრა-მეთქი, მაგრამ კრინტს როგორ დავძრავდი. დაგვიწყეს დაკითხვა, ვინ გყავთ კაცი, სად იყვნენ წუხელ, ასე, ისე.... ცოცხალი თავით არ გავთქვით მარკო, თითქოს წინასწარ ვიყავით ამაზე შეთანხმებულები.
მოგვიანებით, როცა მძღოლი გონს მოვიდა, სულ სხვა რამ თქვა. გამოძახება მქონდა, ვიღაც ბიჭებმა აეროპორტში მთხოვეს წაყვანა, მაგრამ მერე მაიძულეს, კუკიაზე, სადღაც ჩიხში შევსულიყავი და ფულის და მობილურის წართმევა დამიპირეს, მე კი წინააღმდეგობა გავუწიე და მაგრად მცემესო.
ჩვენ ამის გაგონებაზე ერთმანეთს გადავხედეთ. შვებით ამოვისუნთქე, ჩემი შვილი არაფერ შუაში არ ყოფილა-მეთქი. როგორც ჩანს, ღმერთმა დასაჯა ავის ჩამდენი, სამართალმა პური ჭამაო, სამივეს ამ აზრმა გაგვიელვა.
თუმცა, მერე, რამდენიმე თვე რომ გავიდა, სრულიად შემთხვევით ამოტივტივდა სიმართლე. მარკოს ერთი ძმაკაცი, რომლის მამა ერთ-ერთი რაონის პოლიციის უფროსია, ჩვენთან ქეიფობდა. კარგად რომ შეთვრა, მთხოვა, კარლა დეიდა, ყავა მომიდუყეთ, დალევა აღარ მინდაო. გავედი სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად, თვითონ ლოჯიაში დაჯდა ჩაფიქრებული. გავიტანე ყავით სავსე ფინჯანი და წინ დავუდგი. აი, სწორედ მაშინ ალაპარაკდა. მაგ მძღოლს ხომ ვუტირეთ დედა, ბოლომდე დავლეწეთ, არ დავინდეთო. ენის გამო მზად ვიყავით, სულაც მოგვეკლა, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ, ჯობია, მთელი ცხოვრება ასე იტანჯოსო. ფერი მეცვალა. კითხვა არ დამისვამს, ემანდ არ მიხვდეს, მე რომ არაფერი ვიცი და უცებ არ გაჩუმდეს-მეთქი. ერთი ეგ ვუთხარი, ყოჩაღ თქვენ, რომ არ შეგეშინდათ და ოპერატიულად მიაგენით-მეთქი და... მოხსნა გუდას პირი.
თურმე მარკოს მისთვის დაურეკავს, ნომერი მიუცია, რომელიც ალმას მობილურიდან გადაიწერა, მაგრამ როდის და რა მომენტში, ვერაფრით ვერ აღვიდგინე, და უთხოვია, იქნებ მამაშენი დაგვეხმაროს და ეს კაცი ახლავე გვაპოვნინოსო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ კაცმა მისამართი მაშინვე ამოაგდო თურმე, სადაც მძღოლი ცხოვრობდა, ბიჭები კი ერთმანეთს შეხვდნენ და დაურეკეს, აეროპორტში გვინდა გასვლა და თქვენი ნომერი ახლობელმა მოგვცაო. დაიბარეს რუსთაველის მეტროსთან, თვითონ კი იქვე, სახლთან ჩაუსაფრდნენ, რადგან უარი რომ ეთქვა, შინ აპირებდნენ შევარდნას. არ ვიცი, რა ფსიქიკა ჰქონდა იმ კაცს ამისთანა, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩაიდინა, მაინც გავიდა სამუშაოდ. სადარბაზოდან გამოვიდა თუ არა, ბიჭებმა ხელი სტაცეს, თავისსავე ტაქსიში ჩატენეს და კუკიაზე აიყვანეს. სწორედ იქ დამართეს ის, რაც დამართეს, სწორედ იმ ადგილას, სადაც ენი იპოვეს...
აი, ასე იძია შური ჩემმა ბიჭმა ენიზე და ამაზე არასდროს სიტყვაც არ დასცდენია. ჩემმა გოგოებმა და მათმა შვილებმა ეს ამბავი ჩემგან შეიტყვეს, მაგრამ საიდუმლო შევინახეთ და მარკოსთვის არც ერთს არაფერი გვიგრძნობინებია.
ის მძღოლი კი გადარჩა, მაგრამ ფეხზე დადგომა მართლაც ვეღარ შეძლო. რადგან საქმე ასე შეტრიალდა, პოლიციიდან განცხადება გამოვიტანეთ, რომ არ გაგვეხმაურებინა, რაც უფრო ჩუმად ჩაივლიდა ეს ამბავი, მით უკეთესი იქნებოდა ენისთვის.
რაც შეეხება ენის, იმ დღის შემდეგ სახლში ჩაიკეტა. ბალეტზეც უარი თქვა და უნივერსიტეტზეც. მას შემდეგ წლების განმავლობაში გარეთ არ გასულა. ორიოდე სიტყვას თუ იტყოდა, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ რამეს შევეკითხებოდით.
დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ არავისთან მეგობრობდა, მხოლოდ ჩვენს შვილებში თუ გაერეოდა. ესენიც, ელისი, ემილი და მარკო ხშირად სტუმრობდნენ, ცდილობდნენ გაერთოთ, როგორც შეეძლოთ, ტანჯვას უმსუბუქებდნენ.
ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. ამასობაში მარკომ, ელისმა და ემილიმ უნივერსიტეტები დაამთავრეს და მუშაობაც დაიწყეს. მარკომ საბანკო საქმე აირჩია და ბანკში დაიწყო მუშაობა. სამი თვე სტაჟიორად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი ფხა გამოიჩინა, რომ მეორე თვეს უკვე შტატში ჩასვეს და ექვის თვის შემდეგ დააწინაურეს. მას შემდეგ აგერ, ექვსი თუ შვიდი წელი გავიდა და სამი პოზიციით წინ წაიწია. მალე ფილიალის დირექტორი გავხდებიო, ეს აქვს გეგმაში და ვიცი, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
ემილი და ელისი ერთ-ერთ მარკეტინგულ ფირმაში ერთად მოეწყვნენ სამუშაოდ, საქმე შეისწავლეს, ბიზნესში გათვითცნობიერდნენ და ახლა უკვე კარგად მისდით საქმეები. შარშან სამაკლერო ფირმა გახსნეს ერთობლივად და უკვე გამოცდილი რეალტორები არიან. ელისი უფროსია, ემილი - ოფის-მენეჯერი, ჰყავთ ცამეტი თანამშრომელი და მიდის მუშაობა.
იმ ამბის შემდეგ ალმა რაღაცნაირად გაგვიუცხოვდა. ერთხანს გაგვირბოდა, ახლოს არ გვიშვებდა, თუ ენის სანახავად ავიდოდით, თვითონ ოთახში შეიკეტებოდა და ჩვენ ბავშვთან გვტოვებდა, ფაქტობრივად, არ გველაპარაკებოდა. გვიკვირდა მისი საქციელი, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნიდით. მერე და მერე მივხვდი, რაც დაემართა. მასში თითქოს შურის მომენტში ჩასახლდა - ჩემი დაქალის შვილები გალაღებულები და ბედნიერები არიან, ჩემი კი, აი, ასე დამეჩაგრაო.
ცოტა დრო რომ გავიდა, თანდათან მოიბრუნა გული ჩვენკენ, მაგრამ ისე წარამარა ეცვლებოდა გუნება-განწყობილება, სახტად გვტოვებდა. მასში თითქოს რამდენიმე ქალი იყო ერთდროულად ჩასახლებული, თანაც ყველა სხვადასხვა ზნის. ხან გვეფერებოდა, ხან გვეჩხუბებოდა და სახლიდან გვაგდებდა. მერე ტიროდა და ბოდიშს იხდიდა...
სამსახურიდან წამოვიდა და დარჩა უმუშევარი, არც კერძო პრაქტიკით იყო დაკავებული, ყველა კლიენტი დაკარგა, ვის ბავშვსაც ოჯახებში აკითხავდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენი სარჩენი გახდა. მე და ჯინა ყველაფერს ვითმენდით, გვერდში ვედექით, დარდს ვუმსუბუქებდით, სანამ სახლიდან ისევ გაგვყრიდა. ფული შემოელეოდა და მერე კვლავ გვირეკავდა...
ერთხელაც მოვკიდეთ ხელი და ფსიქიატრთან მივიყვანეთ. კარგი ექიმი შეგვხვდა, სტრესული ფსიქოზია და მკურნალობა სჭირდებაო. დავტოვეთ კლინიკაში. არ რჩებოდა, გაჰკიოდა, ჯინა, კარლა, მიშველეთ, არ დამტოვოთო, იქაურობა აიკლო. მაინც დავტოვეთ. ორ კვირაში გამოწერეს და როგორც იქნა, მოიხედა...
კი მოიხედა, მაგრამ საქმის თავიდან აწყობა გაუჭირდა. სამსახური ვერ იშოვა, ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა. დეპრესიასაც ვერ გაუმკლავდა. ჩვენს კმაყოფაზეც სანამ იქნებოდა? მერე ვიღაც თავისმა ყოფილმა თანამშრომელმა ურჩია, საბერძნეთში წასულიყო და იქ ემუშავა. უშოვა კიდევაც ადგილი ერთ ოჯახში, სადაც მოხუცი ქალისთვის ექიმი სჭირდებოდათ. ჭკუაში დაუჯდა. ერთ საღამოს ამოვიდა ჩემთან და მითხრა, მტკიცედ გადავწყვიტე წასვლა და ენი შენ უნდა დაგიტოვოო. აბა, უარი როგორ მეთქვა? აქეთ ემილიც მოსავლელი გვყავდა. ბოლოს ჯინასაც დავურეკეთ, ჩემთან გამოვიყვანეთ და დავიწყეთ ფიქრი, როგორ ჯობდა.
ბოლოს, ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. მე, ემილი და ენი მატილდას ბინაში ვიცხოვრებდით, ალმას ბინას კი გავაქირავებდით. ალმა იქიდანაც გამოგვიგზავნიდა ყოველთვე გარკვეულ თანხას, იმის მიხედვით, საქმე როგორ წაუვიდოდა. მე ასე იმიტომ "დავიჩაგრე" თავი, რომ ბიჭის პატრონი ვიყავი. მარკო სულ გაიძახოდა, ნეტავ მარტო ვცხოვრობდე, ჩემს გემოზე და შენ ჩემთან სტუმრად მოდიოდეო. სულ ნაირ-ნაირი გოგოები ამოჰყავდა სახლში. რამდენჯერ დაურეკავს საღამოხანს, ატელიედან შინ წამოსვლას რომ ვაპირებდი, დედუცი, იქნებ ერთი-ორი საათი შეაგვიანოო. ვიცოდი, მორიგი გოგო ეყოლებოდა ამოყვანილი და სხვა რა მრჩებოდა, ხან ალმას ავუვლიდი, ხან ჯინას გავუვლიდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემი გოგოები არც ერთი სახლში არ იყო და შუა ზამთარში ქუჩაში მომიწია ხეტიალმა, თან მანქანაც ხელოსანთან მყავდა მიყვანილი და გავითოშე. როცა დამირეკა, ამდენ ხანს სად ხარო, გავოცდი. ორი საათი არ მითხარი-მეთქი? რამდენი ხანია, ცირა წავიდა და გელოდებიო...
ჰოდა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. რაც მთავარია, ერთ კორპუსში ვიქნებოდით, ჩემს შვილს ყოველდღე ვნახავდი, ბინასაც დავულაგებდი და საჭმელსაც მოვუმზადებდი, ან ჩვენთან შემოივლიდა, დანაყრდებოდა და მერე ავიდოდა სახლში.
ერთი სიტყვით, საქმე ასე მოვაგვარეთ და ალმა გავაცილეთ. ჩვენს შვილებს ისე გაუხარდათ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ენიც კი გამოცოცხლდა და ხუმრობის ხასიათზე დადგა. ისე უცებ შეიცვალა გოგო, ვეღარ ვცნობდით. შუბლს ძველებურად არ ხსნიდა, მაგრამ ისეთი ენაკვიმატი გახდა, სიცილით გვხოცავდა. როგორც ჩანს, დედის გამუდმებული წუწუნი, ოხვრა და გაჭირვებაში ცხოვრება თრგუნავდა, სახლის სიტუაცია ყელში ჰქონდა ამოსული. დედა გაისტუმრა თუ არა, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდა. მართალია, არც ახლა იყო ენად გაკრეფილი და იშვიათად დაილაპარაკებდა, მაგრამ ისეთ რამეს იტყოდა, გულიანად ვიცინოდით. ელისს ხან ელისაბედს ეძახდა, ხან ლისას, ხანაც ელისოს და ვინ მოთვლის, რამდენჯერ შეუცვლიდა ხოლმე სახელს. ემილის მილა იოვოვიჩიო, გასძახებდა, მარკოს - მარკო პოლო ან მარკიზიო, მეც ხან რას გამომიძებნიდა მეტსახელად და ხან რას. კარლა ძნელი გამოსათქმელია, კერის დაგიძახებო, ერთხელ ძალზე სერიოზულად მითხრა. რაც გაგიხარდება, ის დამიძახე-მეთქი, მეც დავთანხმდი, ჩემი რა მიდიოდა? ეს კერი კიდევ ზოგჯერ კეროლაინად იქცეოდა, ზოგჯერ - კარად, მე კიდევ არ ვიმჩნევდი. მთავარი ის იყო, რომ გამოცოცხლდა გოგო. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მარკოს მიეკედლა.
ერთხელ მარკომ უთხრა, კარამდე მაინც მიმაცილე, ამ სკამზე მილურსმულივით რომ ზიხარო და ისიც მუნჯივით მიჰყვა უკან. მერე კარიდან მარკომ ლიფტამდე მიიტყუა, მერე ერთხელ ლიფტში შეაგდო და ჩვენთან აიყვანა, თუმცა მალევე ჩამოიყვანა, ლამის იტირაო. ასე თანდათან მიაჩვია და ბოლოს, როცა ჩემი ბიჭი ეტყოდა, ენი, წამო ჩემთან, მულტიკს ერთად ვუყუროთო, თვალებგაბრწყინებული მიჰყვებოდა.
მარკო ყოველ საღამოს შემოდის ჩვენთან, სანამ სახლში ავა. მაშინაც კი, როცა ვინმე გოგო ახლავს თან. ჩვენი გოგოები უკვე დაუახლოვდნენ მის გოგოებს - ცაროს, ინას, მაკას, რომელიც ენის სასტიკად არ მოსწონს და მაკულატურას ეძახის, ანას, თამუნას და რა ვიცი, რომელიც ერთი ჩამოვთვალო. ერთხელ სახელები ერთმანეთში ამერია და ერთ გოგოს მთელი საღამო თამუნა ვეძახე. მოულოდნელად მარკოსგან მესიჯი მომდის, მაგას ანა ჰქვიაო.
მარკო შეყვარებულიც რამდენჯერმე იყო. როცა ვინმესთან სერიოზულ ურთიერთობას გააბამდა, მოყვანისთანავე ასე გვაცნობდა, ეს ჩემი შეყვარებულიაო, ხოლო თუ ისე, გასართობად მოჰყავდა ვინმე, იტყოდა, ჩემი მეგობარიაო. ამის მიხედვით ვხვდებოდით, ვისთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. როცა მარტო მოდიოდა, ელისს საშინელ დღეში ჰყავდა, სულ აშაყირებდა, ენიმ ტყუილად კი არ შეგარქვა მარკიზი, ვისაც თითს გაუტკაცუნებ, ყველა გოგო შენიაო. მხოლოდ ემილი არ ეუბნებოდა არაფერს. ის როგორი სერიოზულიც იყო, ისეთივე სერიოზული დარჩა, ზედმეტი არც ლაპარაკი უყვარდა და არც ხუმრობა.
ალბათ ყურში მოგხვდათ, ელისსაც რომ ჩვენთან ვახსენებ. ჰო, არ მოგესმათ. ახლა ელისიც ჩვენთან ცხოვრობს თავის პატარა, ექვსი წლის ბიჭუნასთან ერთად. გაბრიელი, ანუ გაბი, როგორც ჩვენ შევარქვით, არაჩვეულებრივი ბავშვია. ელისი ქმარს გაშორდა და შინ დაბრუნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა და ჯინა იტალიაში გადაბარგდა, ელისიც ჩვენთან დასახლდა. თუმცა, ეს სხვა ისტორიაა და უფრო დაწვრილებით მოყოლას საჭიროებს...
ფაქტი ისაა, რომ ახლა ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ - მე, ელისი, ენი და ემილი... ფაქტობრივად, მარკოც, რომელიც დაძინებამდე თითქმის სულ ჩვენთანაა...
გადმოვედი თუ არა მატილდას ბინაში, მაშინვე რემონტი წამოვიწყე. მინდოდა, ისე მომეწყო იქაურობა, როგორც ჩემი ოცნების სახლი, რომელიც არ მღირსებია. ჩემი ბინის გარემონტება მარკოს გემოვნებით მოხდა, მას როგორც უნდოდა, ყველაფერი ისე გავაკეთეთ. საწყალი ბებიაჩემი ვერ მოესწრო გარემონტებულ ბინაში ცხოვრებას, მანამ გარდაიცვალა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. თანაც, იმ პერიოდში ჩემი ბიზნესის გაფართოებით ვიყავი დაკავებული და რემონტისთვის არ მცხელოდა. რასაც ვიშოვიდი, თითოეულ თეთრს ატელიეს მოწყობაში ვაბანდებდი.
მატილდას სამოთახიან ბინას გვერდითა მხრიდან მთელ სიგანეზე მოშენება ჰქონდა. ერთ დროს იყო ასეთი ბუმი - კორპუსებს გვერდიდან ოთახებს უშენებდნენ. ვისაც ფხა ჰქონდა და საშუალება, ეგრევე ამოჰყავდა კედლები, ვისაც არა - რჩებოდა გამოჩიჩხინებული რკინები, გეგონებოდათ, ერთ დიდ სიცარიელეს დაუდვია სართულებს შორის ბინაო. არც ალმას დასცალდა მოშენების გარემონტება, ამიტომაც, გარედან რომ შეხედავდი, კატაკომბებს მოგაგონებდათ იქაურობა.
ფული მქონდა. ჩემი ფრანგული გამოცდილების წყალობით შეკვეთები არ მელეოდა. მართალია, საფრანგეთში არ გამქონდა ჩემი შექმნილი მოდელები, მაგრამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში იცოცხლე, გადიოდა.
გოგოები ძალიან დამეხმარნენ. კაცებივით მედგნენ გვერდში. არც მარკო ჩამორჩენია მათ, ყველა კაცურ საქმეს, მასალის მოტანა იქნებოდა თუ ხელოსნების დაქირავება, თვითონ თავობდა. მას კლიენტურა არ აკლდა, მის მსესხებლებში მშენებლებიც ერივნენ, ხელოსნებიც და სანტექნიკის სპეციალისტებიც. ჰოდა, მოყარა და მოყარა ყველა ერთად.
ორ თვეში ისეთი ოთახი მოვამატეთ ჩვენს ბინას, ავ თვალს არ ენახვებოდა. თავისუფლად გამოვიდოდა ორი ოთახი, მაგრამ არ ვისურვე. მიყვარს სივრცე, თანაც კედლები მინის ვარჩიე, რომ ნათელი ყოფილიყო და შიგნით ზამთრის ბაღი მომეწყო, თუმცა ზაფხულის ბაღიც თამამად დაერქმეოდა. სამივე კედლის გაყოლებაზე ტეკომა გავუშვი თავისი ფორთოხლისფერი ყვავილებით, შუა-შუა - ხვიარა ვარდები, ყვითელი, წითელი და თეთრი. ყველა მცენარე დიდ, ლამაზ კერამიკულ ქოთნებში ჩავრგეთ და სიმეტრიულად განვალაგეთ. იმ კედელთან, რომელიც ჩვენს ბინას ემიჯნებოდა, ბუხარი გავაკეთებინე, არა ისეთი, ჩვენთან რომ იციან, არამედ თანამედროვე დიზაინის, წმინდა ევროპული. ისეთი რემონტი გამომივიდა, ევრო კი არა, ჰიპერევრორემონტი უფრო ითქმოდა.
როცა ოთახის გაწყობას მოვრჩით, ორი დივანი და სამი სავარძელი ვიყიდეთ, მათგან ორი - ორადგილიანი, გასაშლელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში საწოლებადაც გამოდგებოდა.
განსაკუთრებით მყუდრო ზამთარში იყო აქაურობა, როცა ბუხარში ცეცხლს დავანთებდით და ირგვლივ შემოვუსხდებოდით. ორადგილიანი სავარძლები ელისისა და ემილისთვის გავითვალისწინე, რადგან მათ შვილები ჰყავდათ და ერთად მოკალათება უყვარდათ. გაბი უკვე დიდი ბიჭი იყო, შვიდის ხდებოდა, სკოლაში დადიოდა და კაცობდა. ემილის პატარა გოგონა, სოფი ჯერ მხოლოდ ორი წლის იყო, მაგრამ ისეთი გატლეკილი, სიცილით გვხოცავდა.
ერთადერთი, მარკო დამრჩა "დაჩაგრული". მას სავარძელი არ ხვდებოდა, როცა ყველანი შინ ვიყავით და მოშორებით დივანზე ჩამოჯდებოდა ხოლმე. მაშინ ელისი გააშაყირებდა, მარკო, მოსწიე აქეთ ის დივანი, ახლოს მოიჩოჩეო და იყო ერთი გნიასი.
- მე გამოვასწორებ მაგ სიტუაციას! - დაქადნებით იტყოდა ხოლმე მარკო და თავს დააკანტურებდა, დამაცადეთ, თუ არ შეგშურდეთო, იმგვარი ჟესტით.
ემილიზე არ მითქვამს... ხომ ისეთი უტყვი და სერიოზული იყო, მაგრამ საკმარისად ჩუმჩუმელა ყოფილა. რომ თხოვდებოდა, არავის არ გვითხრა, ისიც კი არ ვიცოდით, ვინმე თუ უყვარდა. მეხის გავარდნას ჰგავდა მისი გაპარვის ამბავი. ყველანი დაგვშოკა. მისი ქმარი ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ დედამთილმა ემილი პირველივე დღიდან აითვალწუნა, ჩემი ოჯახის შესაფერისი გოგო არ არის, ობოლი და უპატრონო რძალი რად მინდოდა, ჩემმა შვილმა სიბერე გამიმწარაო. იმდენი ქნა, იმდენი ქნა, რომ ცხრა თვის ორსული ემილი იძულებული გახდა, ქმრის სახლიდან გამოქცეულიყო.
ყველანაირად ვეცადე, შემერიგებინა, რადგან ვიცოდი, თამაზი უყვარდა, მაგრამ ჩვენი სიძე ისე იყო მშობლებზე დამოკიდებული, არაფერი გამომივიდა. ბიჭს სამსახური არ ჰქონდა და დედ-მამის კმაყოფაზე ცხოვრობდა, ცალკე გასვლაზე დედამისმა კატეგორიული უარი განაცხადა, ერთი ვაჟი მყავს და ვერ გადავიტან, ცალკე იცხოვროსო. თამაზს კი იმას ჩასჩიჩინებდა, ზედსიძედ რატომ უნდა შეხვიდე, როცა ასეთი ბინა გაქვს, თავმოყვარე კაცი ასე არ მოიქცეოდაო. ისიც დანებდა და დარჩა ემილი მარტო, გადმოვიდა თავის ბინაში და ტირილს მიეცა. არ დამავიწყდება, მაშინ რა დღეში იყო, დარდმა თვალები დაუმძიმა, ისედაც გულჩათხრობილი მთლად დამუნჯდა.
ყველაფერი სოფის დაბადებამ შეცვალა. ბავშვმა ახალი ცხოვრებისკენ უბიძგა დედამისს და ჩვენც გვეშველა.
ახლა სოფი უკვე "დიდი" გოგოა, ხანდახან ენამოჩლექით აქეთ გვასწავლის ჭკუას თავისი სასაცილო ლექსიკით - "ქელები დაიბანე ჭამის წინ?" "ადექი, ლოცა შტუმალი მოდის", "გაბი, შანამ ადგები, მადლობა უნდა თქვა" და ა.შ.
ერთი სიტყვით, მატილდას ახლა უკვე ოთხოთახიან ბინაში ექვსნი ვცხოვრობთ - ელისი თავისი შვილით, ემილი თავისი შვილით, მე და ენი. მარკო კი გვსტუმრობს - ხან მარტო, ხან თავის მეგობრებთან ერთად.
ყოველ შაბათ საღამოს გულახდილობის დღეს ვაწყობთ, შემოვუსხდებით ბუხარს ჩვენს ჰაი-ოთახში (ასე შევარქვით), არა აქვს მნიშვნელობა, ზამთარია და ბუხარი აგიზგიზებულია თუ ზაფხულია და ჩამქრალი - ეს ხელს არ გვიშლის, ერთმანეთს მთელი კვირის თავგასავლები გავუზიაროთ. ხან ჯინა ჩაგვერთვება ხოლმე სკაიპით იტალიიდან, ხან ალბა - საბერძნეთიდან და ასე ვხალისობთ.
ჩემი გოგოები ძალიან, ძალიან მოხდენილები და ეშხიანები არიან, მაგრამ ენი მაინც გამორჩეულად მომწონს. ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზი, რომ მისი სილამაზე ჩვენს ოთახებში არ ეტევა. ცუდი ის არის, რომ კორპუსს გარეთ ფეხს არ ადგამს, არ იცის, ქვეყანაზე რა ხდება. არ იცის, როგორ შეიცვალა თბილისი ბოლო წლების განმავლობაში. ვერა და ვერ მოტეხა მარკომ და ვერაფრით გარეთ ვერ გაიტყუა. თუმცა, იმედს არ კარგავს და დაქადნებით ეტყვის ხოლმე, მაგის დროც მოვა და მერე შენ თვითონ შემეხვეწებიო.
მე თითოეულ მათგანს შევხარი. მერე რა, რომ პირადი ცხოვრება ვერც ერთმა ვერ მოიწყო. ეს ჯერჯერობითაა ასე, თორემ ყველაფერი კარგად იქნება. ახალგაზრდები არიან, კიდევ მოასწრებენ ფრთების გაშლას, შეყვარებას, გათხოვებას და შვილების გაჩენას. მე ასე მწამს და ვიცი, რომ არ ვცდები.
რაც შემეხება მე, ყველანაირად ვცდილობ, მეგობრობაც გავუწიო მათ და დედობაც. ცდას არ ვაკლებ, რომ ისე ვიზრუნო თითოეულ მათგანზე, როგორც მათი დედები იზრუნებდნენ. სიმართლე რომ ითქვას, ალმასა და ჯინაზე მეტი ამაგი ახლა მე მაქვს ელისსა და ენიზე, ემილიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მას ხომ ჩვენ გარდა ქვეყანაზე არავინ ჰყავს, მშიშარა ქმრის გარდა.
რაც დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე, ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე. მინდოდა, რადიკალურად შევცვლილიყავი და ჩემი პიროვნების საუკეთესო ვერსია შემექმნა. გამომივიდა - კომპიუტერში გადაყენებული ვინდოუსივით ვარ - კარლა 2020- ყველას გემოვნებას ვაკმაყოფილებ. კარგი დიასახლისიც ვარ, კარგი დიზაინერიც და კარგი მეგობარიც - ეს ყველაფერი ერთ ლამაზ ყუთშია თითქოს შეფუთული, საუკეთესო ღვინის ბუკეტივით. ალბათ ამიტომაცაა, რომ ყველას ვუყვარვარ, არც მტერი მყავს და არც მოშურნე. ჩემი კონკურენტებიც კი არ იბოღმებიან ჩემი წარმატებების გამო, ისინიც კი აღიარებენ, რომ მე პროფესიონალი ვარ და ჩემი ნიშა მიჭირავს მოდის არენაზე.
კაცი, როგორც ასეთი, არ მყავს. არც თვალი დამიდგამს არავისთვის. როგორც ჩანს, გავიარე ის ასაკი, როცა ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ დასაშვები იქნებოდა. ახლა აგერ, შვილიშვილების პატრონი ვარ, რა დროს ჩემი კაცი და გათხოვება-საყვარლის გაჩენაა? არასდროს! თუმცა, არასდროს თქვა არასდროსო, ნათქვამია. ამ გამოთქმას ჩარლზ დიკენსს მიაწერენ "პიკვიკის კლუბის ჩანაწერებიდან". ალბათ ასეა, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ვის რა გველოდება წინ, წარმოდგენაც არა გვაქვს. აი, თუნდაც წინა კვირის ამბავი.
საღამო ხანი იყო, სამზარეულოში ვიჯექი და სოფის ვაჭმევდი. სოფი, მართალია, "დიდი" გოგოა და დანა-ჩანგლის ხმარებასაც ცდილობს, მაგრამ ჩემი ხელიდან მიწოდებული ლუკმა მაინც ყველაფერს ურჩევნია.
კარი გაიღო და სამსახურიდან დაბრუნებული ელისი და ემილი შემოვიდნენ. კარის გაღებამ ორპირი შექმნა და ზამთრის სუსხის ფრაგმენტმა სამზარეულოშიც შემოაღწია.
- ჩქარა მიხურეთ კარი, სარკმელი ღიაა, ჩაიმტვრევაა! - გავძახე გოგოებს და მორიგი ლუკმა სოფის პირში ჩავტენე.
ელისი მოგვესალმა და ორივე ჩაგვკოცნა.
ემილმა მხოლოდ ხელი აგვიწია და პირდაპირ საძინებელს მიაშურა, ისევე უთქმელად, როგორც იცოდა ხოლმე.
- კარლა, ვინაა ეს ჩვენი ახალი მეზობელი? - ელისი ორაზროვანი ღიმილით შემომაჩერდა, ცალი ხელი წელზე დოინჯად შემოირტყა და შეირწა.
- ვინ მეზობელი?
- აი, ჩვენ გვერდით ბინა რომ გაიყიდა.
- მე რა ვიცი, აბა, თვალით არ მინახავს არავინ.
- იცი რა მაგარი კაცია? დაცემა.
- კაცია? - სოფისკენ გაწვდილი ლუკმიანი ხელი ჰაერში გამიშეშდა.
- მერედა, რა კაცი! ზუსტად საშენოა, რომ იცოდე.
- ოხხ! - გამეცინა.
- მართლა გეუბნები, მე და ემილი პირდაღებული მივაჩერდით ერთმანეთს, რომ მოგვესალმა. ავეჯი შეჰქონდათ. ხმაური არ გაგიგონია?
- არა, რა ვიცი, არ გამიმახვილებია ყურადღება.
- აი, იქსფაქტორის ინგლისელი საიმონი რომაა, ზუსტად იმას ჰგავს.
- უჰ, შენ რა გითხარი! - სიცილი ამიტყდა და ვეღარ გავჩერდი. იმდენი ვიცინე, რომ მთელი ჩემი ცხოვრების სიცილთა ერთობლიობის რეკორდი მოვხსენი.
- იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის, - ნიშნის მოგებით თქვა ელისმა და გავიდა, თან მომაძახა, - აგერ ნახავ, რაც მოხდება.
- იქნება და... იქნება და... - სულს ძლივს ვითქვამდი, - ცოლიანი რომ იყოს? - როგორც იქნა, დავასრულე წინადადება.
- არა, მარტოხელაა. უკვე გამოვკითხე.
- რაოო?! გამოვკითხეო? მოდი, გოგო, აქ! - უკან მოვუხმე.
ისიც ნახევრად გახდილი შემობრუნდა.
- რა იყო?
- რას ჰქვია, გამოჰკითხე, როგორ გამოჰკითხე?
- ისე, უბრალოდ. ცოლ-შვილით გადმოხვედით-მეთქი, ვკითხე და არა, მარტო ვარ, ოჯახი არ მყავსო!
- ო, რა აფერისტი იმერელი ხარ, ვინ იცის! - ისევ წამსკდა სიცილი.
ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ იმ წუთიდან ინტერესი მომეძალა. ისე მომინდა იმ საიმონს მიმგვანებული "საჩემო" კაცის დანახვა, სადარბაზოში ყოველ გაფაჩუნებაზე კართან მივრბოდი და სათვალთვალოში ვიცქირებოდი თითის წვერებზე აწეული. ვერა, ერთხელაც ვერ მოვკარი თვალი. გვერდითა ბინიდან კი ჩამიჩუმი არ ისმოდა. იქ ადრე ერთი ქალი ცხოვრობდა, ჩიორა ერქვა. უცნაური წყევლა იცოდა - "შენ დაგემართა გაუწყლოება", "გაგიხმეს ფილტვი", "გაგიშტერდეს გული", "დაგეცეს მეტეორი", "შენ აორთქლდი კოსმოსში" და რა ვიცი, მრავალი ასეთი აბდაუბდა. რამდენჯერ მიჩხუბია გაბის გამო. ისე დამიწყევლიდა ბავშვს რაღაც უაზრობის გამო, რომ თავს ვერ ვიკავებდი. როცა შვილებმა ბინა გაუყიდეს და ვარკეთილში გადაასახლეს, ისე გაგვიხარდა, რომ იმ საღამოს მაგრად ვიქეიფეთ და ჩიორას სხვაგან გადასვლა აღვნიშნეთ. სამაგიეროდ, იმაზე დავიწყეთ ფიქრი, ვინ იქნებოდა ჩვენი ახალი მეზობელი. ვაითუ, ჩიორაზე უარესი გამომდგარიყო.
როგორც ჩანს, არ გამოდგა. ზოგადად, სამეზობლოდ მარტოხელა მამაკაცი ხელსაყრელი შემთხვევაა. მას შეუძლია ყველაფერში დაგეხმაროს, მით უფრო, თუ მის გვერდით მარტოხელა ქალების მთელი არმია ცხოვრობს.
ჰოდა, კარგა ხანს ვიყავი ასე ჩასაფრებული. ის კი არა, დილით, სახლიდან რომ გავდიოდი, გარედან შემოვძახებდი ხოლმე ენის, ბავშვები რომ მოვლენ, საჭმელი გაუცხელე-მეთქი და კარს ხმაურით ვაჯახუნებდი, იქნებ ამ დროს მაინც გამოიხედოს-მეთქი. არააა. ერთხელაც არ გამოიხედა. ვიფიქრე, ან მაგარი ძილისგუდაა და გვიან იღვიძებს, ან მეზობლები ფეხებზე ჰკიდია-მეთქი.
ერთხელაც, მახსოვს, კვირადღე იყო და ყველანი შინ ვიყავით, რომ ვიღაცამ ზარი დარეკა და კარის გასაღებად, როგორც ყოველთვის, ელისი გაქანდა. მამაკაცის სასიამოვნო ხმა შემომესმა, ცოტა მარილს ხომ ვერ მომცემდითო.
- როგორ არა, მობრძანდით! - ელისს ხმა ისე გაეპრანჭა, მივხვდი, ერთობ სიმპათიურ ვინმეს ელაპარაკებოდა.
ცნობისმოყვარეობამ მძლია და ჰოლისკენ გავქანდი. ოპააა! აი, ისიც... ღმერთო, მართლა როგორ ჰგავდა საიმონს. დიდი ვერაფერი სიმპათიურია ეს საიმონი, მაგრამ... მაგრამ მაინც სიმპათიურია. ყოველ შემთხვევაში, ეს კაცი ნამდვილად კაი ტიპი იყო. საიმონთან შედარებით უფრო რბილი ნაკვთები ჰქონდა და მისი სახის მთლიანი გამომეტყველება, თვალებიან-ტუჩებიანად სითბოს ირგვლივ მტვრის ნაწილაკებივით ფანტავდა.
ჩემს დანახვაზე სახტად დარჩენილი კაცის რეაქცია ჰქონდა. ერთხანს გაჩუმდა, მერე კი თავი უცნაურად - ჯერ წინ წამოსწია და მერე დახარა, და თავაზიანობად დაიღვარა:
- მოგესალმებით, ქალბატონო. მარილი არ მქონია სახლში და... მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ, ვასო მდინარაძე. შინაურობაში ვასკას მეძახიან.
- ძალიან სასიამოვნოა, ბატონო ჩემო, - გავუღიმე და ამ ღიმილში მთელი ის გრძნობა ჩავატიე, რაც მისმა ნახვამ განმაცდევინა, - მე კარლა ვარ. მობრძანდით, ერთმანეთი გავიცნოთ, - ეს ისე უნებურად წამომცდა, ჩემი თავის მე თვითონ გამიკვირდა, საიდან ასეთი თავხედური სითამამე-მეთქი.
იმანაც, თითქოს ამას ელოდაო, წამითაც არ წაიყოყმანა, მაშინვე ჰოლში შემოაბიჯა. სამზერეულოში შევუძეხი და იმწამსვე ყავა შევთავაზე. სიამოვნებითო, კვლავ თავი დამიკრა და მორიდებით მოიჩოჩა სკამი.
ელისმა ეშმაკურად გამომხედა და გაქრა, ისე უცებ აორთლდა, თვალი ვერ მივადევნე, თავის ოთახში გავიდა თუ ემილისაში. ენი ლოჯიაში იჯდა, წიგნს კითხულობდა. კი გაიგონა, ვიღაც რომ შემოვიდა, მაგრამ ადგომით თავი არ შეუწუხებია.
მე და ვასკა უცებ გავუშინაურდით ერთმანეთს. ჩემზე ორი წლით უმცროსი ყოფილა, უცოლო, გაყრილი. ყოფილ ცოლთან ორი შვილი ჰყოლია, ქალ-ვაჟი. ერთ-ერთი რესტორნის შეფმზარეულად უმუშავია თურმე. წარმოშობით ქუთაისელი იყო და მართლაც, ქუთაისისთვის დამახასიათებელი იუმორით გამოირჩეოდა. ისეთ სასაცილო ამბებს ჰყვებოდა, ჩემი სიცილის ხმა ალბათ გარეთ, ქუჩაში ისმოდა. იმდენად ხმაურიანი გამოდგა ჩვენი გაცნობის წუთები, რომ ელისმაც კი ვერ მოითმინა და შემოგვიერთდა.
აი, ასე გავიცანით ვასკა, რომელსაც ენიმ მაშინვე გამოუძებნა მეტსახელი და ვასაკა შეარქვა. რა თქმა უნდა, ბაყაყს არაფერი მიუგავდა, მაგრამ მისი სახელის ინტერპრეტაცია ალბათ ენისთვის სხვა საშუალებას არ იძლეოდა.
ჩვენს ახალ მეზობელს იმ დღესვე შეეტყო, რომ თვალი დამადგა. ისეთი მოწიწებით მომესალმებოდა ხოლმე, ისეთი თვალებით მიყურებდა, აშკარა იყო, დატყვევებული მყავდა. მუხედავად ამისა, მისგან შორს მეჭირა თავი, დისტანცია რომ დავიჭირე, ბოლომდე დავიცავი. მანაც იგრძნო ეს და ისე მოთოკა თავი, ქათინაურების თქმაც კი არ უცდია.
ეს კიდევ არაფერი... ერთ საღამოს, მარკომ რომ შემოგვიარა, საუბარი ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო:
- დედუცი, ვინაა ის სიმპათიური მამრი, თქვენ გვერდით რომ დასახლებულა? - მაინცდამაინც მე მკითხა.
რატომღაც, გავწითლდი, თითქოს დანაშაულის ადგილას წამასწრესო.
- ახალი მეზობელია. რა იყო? - სოფის მაისურს ვკემსავდი და ამიტომ თავისთვის არ ამიწევია, ხელსაქმე გავაგრძელე.
- არაფერი. კაი "როჟაა".
- შენც მოგეწონა, მარკო, ხო? - ელისი მარკოს მივარდა, - მეც მაგრა მომწონს.
- შენ ჩუ! - მარკომ ელისს ცხვირზე წკიპურტი გაჰკრა, - შენთვის ბებერია ეგ კაცი, აი... - და წარბებაწკეპილმა ირიბად ჩემკენ გამოიხედა, თან ყველაფრისმთქმელი ღიმილით.
მივხვდი, რომ მე მიმიზნებდა, თავი მსწრაფლ ავწიე და სათვალის ზემოდან გავხედე.
- მარკოზ! - ასე მაშინ ვეძახდი, როცა მასზე ვბრაზდებოდი, - მოკეტე!
ბავშვებს სიცილი აუტყდათ, ემილისაც კი ისე გულიანად გაეცინა, მეც გადამედო.
- თქვენი თავები აშაყირეთ თქვენ, უყურე ამათ! - მოჩვენებითი სიბრაზით წამოვიძახე, არადა, ჩემ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა იცინოდა, თავს ვერ ვიკავებდი.
ეს ის მომენტი იყო, როცა რაღაცაზე სიცილი აგიტყდება და ვერა და ვერ ჩერდები. მერე თითი რომ დაგანახვოს ადამიანმა, იმაზეც რომ იჭაჭები. აი, ასე დაგვემართა ყველას.
- კაი, გეყოთ ახლა, გავიცინეთ და მორჩა, - ვცადე, სერიოზულად მეთქვა, მაგრამ მარკოს შევხედე თუ არა, კვლავ ისტერიკული სიცილი ამიტყდა.
კარგა ხანს ვერ დავწყნარდით. სოფი და გაბიც კი ტკარცალებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, რა იყო აქ სასაცილო.
- სირცხვილია, ბავშვებო, გავიხუმრეთ და მორჩა. მეორედ ეგეთი რამე არ მითხრათ, ის კაცი სულაც არ მომწონს და საერთოდ, რა დროს ჩემი კაცია. შენ მაინც არ გრცხვენია, მარკო, დედას ასე უნდა უთხრა?
მარკომ უცნაური მზერა მესროლა. მხოლოდ წამით, მაგრამ იმ წამიერ მზერაში მივხვდი, რომ მიხვდა... რა დასამალია და მსიამოვნებდა, ვასკასნაირი მამაკაცი რომ მეფოფინებოდა. ჩემს შვილს კი რას გამოვაპარებდი?
მე კი სწორედ რომ "ფროიდი" დამემართა, რომელიც თვლიდა, რომ ადამიანებს, ბევრ მისაღებ სურვილთან ერთად, ჰქონდათ მათთვის მიუღებელი რიგი სურვილებისა, რომლებსაც იკლავდნენ და არაცნობიერში "ყრიდნენ". ძილში "მოკლული" სურვილები "ცოცხლდებოდნენ" და თავის გათავისუფლებას ლამობდნენ, მაგრამ ფსიქიკა მათ თავის "მებრძოლებს" ახვედრებდა; იწყებოდა ომი, რომლის შედეგადაც "მოკლული" სურვილები მახინჯდებოდნენ, სახეს იცვლიდნენ, კოშმარულ სიზმრებად იქცეოდნენ და ადამიანებს მოსვენებას უკარგავდნენ.
აი, ასე გამოცხადდა ვასკა ჩემს სიზმრებში...
გაგრძელება