ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი IXI ნაწილიXII ნაწილიწინა კვირას მოდის კვირეული ჩატარდა. ის დღეები გადარბენაზე ვიყავი, ხან ერთი დიზაინერის ჩვენებას ვესწრებოდი, ხან მეორისას, პარალელურად ჩემი ახალი კოლექცია მომყავდა წესრიგში. ჩვენება მე უნდა დამეხურა. ამავე დროს მოწვეულ სტუმრებსაც ვხვდებოდი, ბაიარებთან კონტაქტებს ვამყარებდი. რაღა დავმალო და დიდი გაწამაწია მქონდა, რამაც არაქათი გამომაცალა. თუმცა, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ერთმა აზერბაჯანულმა ფირმამ ეგრევე გამიფორმა კონტრაქტი, ერთმა უკრაინელმა ბაიერმა სამი სხვადასხვა სტილის კოსტიუმის სერიული შეკვეთა მომცა. კიდევ იყო რამდენიმე პერსპექტივა, რამაც ენთუზიაზმით ამავსო. ეს წარმატება იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი წელი სამუშაო არ გამომელეოდა და გვარიანი მოგებაც დამრჩებოდა.
როგორც კი მოდის კვირეული დამთავრდა, განახლებული ძალებით შევუდექი მუშაობას. ატელიეში ვათენებდი და ვაღამებდი. შინ რომ მოვდიოდი, ჩემებს უკვე ეძინათ. მარკოს ხომ კიდევ უფრო იშვიათად ვხედავდი. რაც შეეხება ვასიკოს, მთლად დაიკარგა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მანერვიულებდა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, გულში ხინჯად არ დამრჩა-მეთქი. ასეთი უყურადღებობა მამაკაცს ჩემ მიმართ არასდროს გამოუჩენია, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ ასე საგანგებოდ იქცეოდა. ალბათ უნდოდა, დუმილი პირველს მე დამერღვია, რასაც ნამდვილად არ ვაპირებდი.
აი, ამ ყოფაში ვიყავი, რომ ერთ დღესაც ჩემი ატელიეს კარი გაიღო და ემილის ყოფილი დედამთილის ძველმოდურმა შლაპამ "შემოანათა". თვალებს არ დავუჯერე, ჩემკენ ღიმილით მომავალი რომ დავინახე. "ამას აქ რა უნდას" გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ მომეჭრა, გადამეხვია და ისე მომიჭირა მკლავები, მეგონა, სული გამძვრება-მეთქი. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ მისი სახელი ვერაფრის დიდებით ვერ გავიხსენე. ენის წვერზე მადგა და ვერა, ვერ მოვიგონე, რა ერქვა. რაც კი გავიფიქრე, არც ერთი არ "მოერგო" - მანანა? არა. ლალი? არც ლალი. თინა? არც ეგ... ღმერთო, გამახსენე, რა ჯანდაბა ჰქვია ამ ქალს!
ემილის დედამთილი ცოტა მოსუქებულიყო, მაგრამ უწინდელი პეწი არ დაეკარგა. ეტყობოდა, რომ თავის დროზე ლამაზი ქალი უნდა ყოფილიყო. ახლო ურთიერთობა მასთან არ მქონია, მაგრამ ვიცნობდი, რამდენჯერმე შევხვედრივართ ერთმანეთს. აი, სახელი კი ვერა და ვერ გავიხსენე.
- როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურები, კარლა, - ისე შინაურულად მომმართა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.
- გმადლობთ, ქალბატონო... - მორიდებით გავიღიმე და ჩემს ახალ მკერავს, ლილის ხელით ვანიშნე, მოდი-მეთქი. ეშმაკობა ვიხმარე, ახლა ამათ ერთმანეთს გავაცნობ და სახელსაც გავიგებ-მეთქი.
ლილი, ტანდაბალი და გამხდარი მკერავი, ულამაზესი ლურჯი თვალები რომ ჰქონდა და გაპრანჭული ტონით ლაპარაკობდა, მოკუსკუსდა და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.
- ლილი, ჩემი ემილი ხომ იცი შენ, ლამაზი გოგო რომ მყავს, ელისთან ერთად მოდის აქ.
- როგორ არ ვიცი, კარლა, შენ ლამაზი გოგოები ყველამ ვიცით, - ცოტა არ იყოს, დაბნეულმა მომიგო, რადგან ვერ მიხვდა, რა შუაში იყო ამწუთას ემილი.
- ჰოდა, გაიცანი, ეს ემილის დედამთილია, - მივუთითე ჩემს სტუმარზე და გაცნობის ცერემონიის შემდეგ ნაწილს დაველოდე.
- უი, რას ამბობთ... მოხარული ვარ, ქალბატონო... თქვენი რძალი ისეთი კარგი გოგოა... მე ლილი მქვია. - და ქალს თავისი კოხტა ხელი გაუწოდა.
- გვანცა, სასიამოვნოა, დიდად სასიამოვნო, - თავის კანტურით მიუგო ქალმა და ლილის პატარა ხელი კაცივით თავის ხელისგულებში მოიმწყვდია.
სკლეროზს მოუკვდა პატრონი! გვანცა, გვანცულა-დრანცულა! ეს როგორ დამავიწყდა? მახსოვს, ენი ხუმრობდა, ემილის დედამთილი დრანცა უფროა, ვიდრე გვანცაო და გვანცულა-დრანცულა შეარქვა. ქალბატონ გვანცას ლილი საუკეთესო მკერავად წარვუდგინე და რეკომენდაციაც გავუწიე, თუ რამის შეკერვას მოისურვებდა, ნაცნობობით შეღავათიანად მოვემსახურებოდით. ისე მიხაროდა მისი სახელის გაგება, თითქოს წლების წინ დაკარგული ნათესავი მეპოვოს. ვგრძნობდი, რომ ეს ქალი არც შემთხვევით იყო ჩემთან მოსული, არც რამის შესაძენად, რომ საუბარი აუცილებლად ემილის უნდა შეხებოდა. შესაბამისად, წინ "დახურული სხდომა" მელოდა მისი თავმჯდომარეობით.
- ყავას მიირთმევთ, ქალბატონო გვანცა? - შევეკითხე და ჩვენი მოსალოდნელი "სხდომა" ყავით გავხსენი.
- თუ არ დაიზარებთ, სიამოვნებით დავლევდი, მაგრამ ერთი პირობით, კარლა. ჩვენ შორეულები არ ვართ ერთმანეთისთვის და ქალბატონოთი არ მელაპარაკო, კარგი?
გაოცება ღიმილითა და თავის დაკვრით დავმალე. ოჰო... რაღაც საინტერესო გველის, გავიფიქრე და ქეთის გავძახე, ჩემს გამყიდველს, ყავა მოგვიდუღე-მეთქი.
- ო-ღონდ უ-შაქ-რო... - საჩვენებელი თითი მოიმარჯვა გვანცამ და სიტყვები დამარცვლით წარმოთქვა, თან თითო მარცვალზე თითს დირიჟორივით აქნევდა.
- ერთი უშაქრო, ქეთი, ჩემთვის კი ჩვეულებრივად! - მივაძახე სამზარეულოში შესულ გოგონას და სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი, რომ მოსალოდნელი საუბრისთვის სათანადოდ მოვმზადებულიყავი. მთავარი იყო, არ ჩავჭრილიყავი.
- მშვენიერი მაღაზია გაგიხსნია. შენ ყოველთვის ჭკვიანი გოგო იყავი, სულ გამოირჩეოდი შენი მეგობრებისგან. ბიჭი უკვე დიდი იქნება, არა?
- კი, კაცია უკვე, ბანკში მუშაობს, კარიერას იწყობს.
- ოოო, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. რაზე მუშაობს? თუ არ ვცდები, მარკოზი ჰქვია, არა?
- დიახ, მარკო, მარკოზი... ბანკირია... მილიონიან სესხებს გასცემს, ბიზნესსესხებს.
- აბა, უყურე შენ! ყოჩაღ, ყოჩაღ, გენცვა! ნეტავ ჩემი თაზოსთვისაც მაშოვნინა რამე ნორმალური სამსახური. დაიღალა უკვე, აღარ უნდა ჩვენს კმაყოფაზე ცხოვრება. კი არაფერს აკლებს მამამისი, მაგრამ ხომ იცი... ახალგაზრდებს თავის გემოზე უნდათ ყველაფერი.
- ასეც უნდა იყოს... გვანცა, რაც უფრო დამოუკიდებელია ადამიანი, მით უფრო ეცდება, საკუთარი ცხოვრება უკეთ მოიწყოს. მადა ეხსნება, ჯერ ტანსაცმელს შეიძენს, გამოიპრანჭება, მერე თავისი ოთახის მოწყობა მოესურვება, იატაკი, კედლები, მერე ავეჯი, მერე ეს, მერე ის და ასე...
- მართალი ხარ, გენცვა, მართალი... ეჰ... - ისე ამოიოხრა, მისი "ეჰ" სულ კანკალით დაირხა ჰაერში, - მაგრამ აი, პირადი ცხოვრებაც რომ ვერ აეწყო, მაგას არ ვიცი, რა მოვუხერხო. - ბოლო წინადადება თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა, თან ჩემკენ გადმოიხარა და სახე ახლოს მომიტანა.
პასუხი არ გავეცი, მხოლოდ გავიღიმე. ან კი რა უნდა მეპასუხა? თავის შვილს თვითონვე დაუნგრია აწყობილი ცხოვრება.
ამასობაში ქეთიმ ორი ფინჯანი ყავა მოიტანა და მაგიდაზე დაგვიდგა.
- გაიხარე, გენცვა, დიდი მადლობა, - დაუტკბა ჩემს გამყიდველს გვანცა და წითელლაქწასმულ ფრჩხილებზე ორივე ცერის ბალიში სათითაოდ შემოიტარა, მერე თითები ფინჯანს შემოაჭდო და ორთქლადენილ ყავას ჩააშტერდა.
- ყველაზე მეტად თაზოს ბედნიერება მინდოდა. მეტი რისთვის ვცხოვრობ ამქვეყნად? მის გარდა ვინ მყავს? ვიფიქრე, რახან პირველად არ გაუმართლა, ვინმეს გარიგებით მაინც მოვაყვანინებ-მეთქი. გავიკითხე, გამოვიკითხე და მოვძებნე ერთი კაააი გოგო, მშვენიერი ოჯახიდან იყო, მამა - ექიმი, დედა - მასწავლებელი, თვითონ საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობდა. აპაა, შენც არ მომიკვდე! ერთი-ორჯერ შეხვდა და მორჩა, ახლოს აღარ გაიკარა. რას ვიფიქრებდი, ისევ ემილი თუ უყვარდა? უკვე ქორწილისთვის ვემზადებოდით და ჩამიშალა მთელი გეგმები. აღარ ვიცი, რა გზას დავადგე. ერთმა მისმა მეგობარმა მითხრა, ემილისთან უნდა შერიგება, სხვას ეგ ცოლად არ მოიყვანსო. ვერ ვხვდები, რა ნახა მაგ გოგოში ასეთი? - გოროზი მზერა მომაპყრო, მაგრამ მის სიგოროზეს ისეთი ირონიით ალესილი მზერა დავახვედრე, რომ მიხვდა, ემილის ლანძღვით ჩემს გულს ვერ მოიგებდა, ამიტომ სასწრაფოდ შეცვალა სტრატეგია, - არა, განა ცუდი გოგოა ემილი, მაგრამ... უპატრონო, უნათესავო... ხომ გესმის, გენცვა, ცოტა რთულია ჩემთვის...
- უპატრონო რატომაა, გვანცა? - კოპებშეკრული მივაჩერდი, - ჩვენ აბა, ვინ ვართ? ჯერ ერთი, ასი კაცი ერთად ვპატრონობთ. მეორეც, ემილის სულაც არ სჭირდება სხვისი პატრონობა, აქეთ გვიპატრონებს ყველას. კარგი სამსახური აქვს, სოლიდური შემოსავალი, ახალახან მანქანაც იყიდა. არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს, ბინა აქვს და რა ვიცი... ვისი დასაწუნი რა სჭირს? განათლებული, ლამაზი, კარგად აღზრდილი ბავშვია, არავისთან არაფერი ეშლება, გადასარევი დიასახლისია... მაპატიე, მაგრამ თამაზზე ნაკლები ნამდვილად არ არის. - დაუნდობლად გადმოვულაგე ყველა კოზირი, რომელიც ხელთ მქონდა.
გაშრა. არ ელოდა, ასეთ რამეს თუ ვიტყოდი. შეპასუხება არ უცდია. ერთხანს უხმოდ იჯდა, რამდენჯერმე ყავა მოსვა და ჩახველების იმიტაციაც მოახდინა, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, დროს იგებდა, რომ ჩემთვის სათანადო პასუხი გაეცა.
ადვილი მისახვედრი იყო, რატომ უნდოდა მათი შერიგება. ემილი ახლა აღარ იყო უმწეო, მყარად ჰქონდა ფეხი მოკიდებული და მომგებიან სარძლოდაც კი მიაჩნდა.
- შენი არ მესმის, გვანცა, - მისი დაბნევით ვისარგებლე და ცეცხლი უფრო შევუნთე, - წეღან რომ თქვი, ჩემს შვილს პირველ ცოლში არ გაუმართლაო. საინტერესოა, რატომ არ გაუმართლა? ემილი მხოლოდ იმიტომაა შენთვის მიუღებელი, რომ დედ-მამა არ ჰყავს? მაპატიე, მაგრამ ეს არ არის მყარი არგუმენტი. თამაზს უყვარდა თავისი ცოლი, შენ კი ყველაფერი გააკეთე, რომ ერთმანეთს გაშორებოდნენ. ორსული გოგო გარეთ გამოაგდე. ერთხელაც არ დაინტერესდი, როგორი შვილიშვილი გყავს... ალბათ სახელიც არ იცი მისი. იცი, რა ბავშვია? სანაქებო!
- კარლა! - გვანცა ისევ ჩურჩულზე გადავიდა და კვლავ ჩემკენ გადმოიხარა, - ჩემი ბიჭი უბედურია. მე მისთვის ბედნიერება მინდოდა და პირიქით კი გამომივიდა. ვიცი, რომ ემილის აწყობილი აქვს საქმე, ეკონომიურად არ უჭირს. თაზო კიდევ დამიჩიავდა, გენცვა. თავისი ოთახიდან არც კი გამოდის. სულ ჩაფიქრებულია, სულ მოწყენილი... ჩემი თავი ჯანდაბას! რაღა დამრჩენია, დღეს თუ ხვალ მიწას მიმაბარებენ, არ მინდა, ასე საწყლად დარჩეს. ამიტომ მოვედი შენთან, უნდა მიშველო. როგორმე უნდა შევარიგოთ ჩვენი ბავშვები. დამეხმარე, გეხვეწები... - და უცებ თვალებზე ცრემლი მოადგა.
ამას არ ველოდი. მისნაირი ქვაქალისგან ცრემლები სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის. იყო კი გულწრფელი? ინანიებდა თავის საქციელს? ჰოც და არაც. იმის აღიარება არ უნდოდა, რომ შვილი თვითონვე გააუბედურა თავისი კუდაბზიკობით, არადა, იცოდა, რომ დააშავა და ახლა შეცდომის გამოსწორება სურდა, ოღონდ ისე, რომ დანაშაული არ ეღიარებინა.
- მე რა შემიძლია? - ხელები გავშალე, ვითომ უძლური ვიყავი მისი თხოვნის შესასრულებლად, - ახალგაზრდებმა თვითონ უნდა გაარკვიონ ერთმანეთში ყველაფერი. მე და შენ ამას არავინ გვეკითხება. უფრო სწორად, არავინ არ უნდა გვეკითხებოდეს. ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ მარკოს საქმეებში. განა ყველა გოგო მომწონებია, ვინც შეჰყვარებია და ჩემთვის გაუცვნია, მაგრამ ერთხელაც არ შემიმჩნევია, რომ მის არჩევანს არ ვიწონებდი. ეს მისი ცხოვრებაა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინ გამოადგება და ვინ არა. ემილი ახლა ის ემილი აღარ არის, როგორიც შენ გახსოვს. მან ცხოვრებისგან ბევრი მწარე გაკვეთილი მიიღო და გაიზარდა. ის ახლა ქალია, დამოუკიდებელი, თავისუფალი, რომელიც მყარად დგას ფეხზე და შეცდომას არ დაუშვებს. არ ვიცი, კიდევ უყვარს თუ არა თამაზი, ამაზე მასთან არ მისაუბრია. მეც გამიხარდება, თუ შერიგდებიან. რატომაც არა? ანგელოზივით სოფი ჰყავთ, ტიტინა, მხიარული, თბილი, ტკბილი... კიდევ გააჩენენ, კიდევ, კიდევ... გაზრდიან, დააფრთიანებენ... ერთმანეთს გვერდით დაუდგებიან. თუნდაც ერთად იმუშავებენ... განა მიხარია, ამდენი წელი მარტომ რომ გაატარა, უქმროდ, უკაცოდ? ამას ფუჭად ჩავლილი წლები ჰქვია.
- კარლა, მიშველე, გენცვა, შენ იქით გზა არ მაქვს. - ისევ მიჩურჩულა, თანაც გამძაფრებული მუდარით.
- მე კი დაველაპარაკები ემილის, მაგრამ ვერაფერს შეგპირდები. მთავარი მაინც თამაზია. მოვიდეს, დაელაპარაკოს, დაურეკოს, ბავშვი ნახოს... მარკოსაც ვეტყვი, ისიც იზამს რამეს. გოგოებიც გვერდით დაგვიდგებიან... ოღონდ...
- რა, რა გენცვა? - ცნობისმოყვარეობით მომაჩერდა.
- რა და... დავუშვათ, შერიგდნენ და ცალკე მოისურვეს ცხოვრება... შენ და შენი მეუღლე როგორ შეხვდებით ამ ამბავს?
- ცალკე? - უეცრად შეიცვალა, კრუხივით აიფოფრა და ადრინდელ გვანცად გადაიქცა, - ცალკე რატომ უნდა გავიდნენ? თაზოს რა, სახლი არა აქვს თუ კარი? აბა რისთვის მინდა იმხელა ბინა? მერე ჩვენ? ჩვენ ცოდოები არ ვართ მარტო? ვინ მოგვხედავს?
- თამაზის მისახედი რა გჭირს, გვანცა? შესანიშნავად გამოიყურები, დავრდომილი არ ხარ და უუნარო. შენი მეუღლე კიდევ... რა ვიცი, კაცი იმხელა ბიზნესს ატრიალებს და...
- მაგრამ ერთად რატომ არ უნდა ვიცხოვროთ? არავინ მათ ხელს არ შეუშლის. პირიქით, დავეხმარებით, შვილიშვილს მივხედავთ, მოვუვლით. სამივეს დავურეცხავ, სადილს მოვუმზადებ, მივდგები, მოვდგები... მე რა, კი არ ვიკბინები...
- არ ვიცი, გვანცა, მე ეს ისე ვთქვი, პირობითად, თვითონ რომ მოისურვონ ასე-მეთქი. შეიძლება შევცდე კიდევაც და სიამოვნებითაც მოინდომონ თქვენთან ცხოვრება, მე რა ვიცი? ეს მათი გადასაწყვეტია. მე რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ. დანარჩენი მერე ვნახოთ.
საბოლოოდ შევთანხმდით, რომ თვითონ შვილს დაელაპარაკებოდა, მერე მარკო დაურეკავდა თაზოს და ჩვენთან სახლში მოიყვანდა, მე კი ჩემი მხრივ, ემილის შევამზადებდი, რაშიც ელისი და ენი დამეხმარებოდნენ. ემილის ახლა ნამდვილად სჭირდებოდა სიახლე. სებასტიანის გამოხტომამ ისე ატკინა გული, რომ ჯერაც ვერ მოენელებინა.
გულთბილად დავემშვიდობე. დავაიმედე, გული მიგრძნობს, ეს საქმე გაიჩარხება, რადგან ემილი არავის ხვდება და არც მეორედ გათხოვებას აპირებს-მეთქი. აბა, სებასტიანის ამბავს ხომ არ მოვუყვებოდი?
მიხაროდა საქმის ასე შემობრუნება. ამ დღეებში მაქსის გაცნობა გველოდა, ჩვენთან უნდა მოსულიყო და თუ თაზოს სტუმრობაც დაემთხვეოდა, იქნებ ერთი დარტყმით ორი კურდღელი ერთად მოგვეკლა? ამაზე გოგოებს უნდა მოვთათბირებოდი, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა მაინც მარკოზე იყო. ყველაზე დიდი სამსახურის გაწევა ემილისთვის მას შეეძლო. ყველაზე მეტად სწორედ მას შესტკიოდა ემილიზე გული და ყველაფერს იღონებდა ცოლ-ქმრის შესარიგებლად. ამიტომაც დაყოვნება არ შეიძლებოდა, დღესვე უნდა მოვლაპარაკებოდი ჩემს შვილს...
სანამ მარკო სამსახურიდან მოვიდოდა, ელისი დავიმარტოხელე და ყველაფერი მოვუყევი. თავიდან აღშფოთდა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, იმასთან ცხოვრებას საერთოდ უკაცოდ ცხოვრება სჯობია, თამაზისნაირი კაცი რაში გამოადგება ემილისო, მაგრამ მისი გადაბირება მაინც მოვახერხე. ავუხსენი, რომ ემილისთვის ასე აჯობებდა. არც იმის თქმა დამვიწყებია, როგორი შეცვლილი მეჩვენა ემილის დედამთილი, როგორ ცდილობდა მათ შერიგებას და ამ ყველაფრის ინიციატორი რომ თვითონ იყო. ოღონდ ის დავმალე, შვილისა და რძლის ცალკე ცხოვრების წინააღმდეგი რომ იყო. ამწუთას ეს დეტალი მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა. მთავარი იყო, როგორმე შეგვერიგებინა და დანარჩენი მერე გამოჩნდებოდა. ემილისთან დალაპარაკება ელისმა თავის თავზე აიღო, მე კი მარკოს დაქოქვა ვითავე.
მარკო იმ ღამეს გვიან მოვიდა. საჭმელიც კი არ ჭამა, არ მშიაო. ცოტა ხანს ბავშვებს ეთამაშა, გოგოებსაც გაეხუმრა თავისებურად და მაღლა ასვლა რომ გადაწყვიტა, მეც თან გავყევი. კი გაუკვირდა, რა ხდება, რა კუდში მომყვებიო, მაგრამ როცა ვუთხარი, ემილიზე უნდა გელაპარაკო-მეთქი, აღარ გაუპროტესტებია.
დიდხანს ვილაპარაკეთ. მარკოს თურმე სცოდნია, თამაზს ემილისთან შერიგება რომ სურდა. მე და თაზომ უკვე ვილაპარაკეთ მაგ საკითხზეო. ამიტომ იყო თურმე სებასტიანის ჩამოსვლის წინააღმდეგი.
- ამას წინათ, გაბი და სოფი ცირკში რომ წავიყვანე, ხომ გახსოვს? თამაზიც ჩვენთან იყო. ბავშვის ნახვა უნდოდა და უარს ხომ ვერ ვეტყოდი? აუ, დე, შენ რომ მაგნაირი რამე გამიკეთო, ცხოვრებაში არ გაპატიებ, იცოდე. მაგარი ცუდი ქალია ის გვანცაა თუ დრანცა. ერთი გენახა, როგორ უყურებდა თაზო სოფის... კინაღამ ვიტირე. გაგიჟდა ბავშვზე. ჯერ ხომ სულ მუხლებზე ეჯდა, სანამ ცირკი დამთავრდებოდა, მერე კიდევ, გარეთ რომ გამოვედით, კისერზე შეისვა და ისე დაატარებდა. კარგა ხანს ფეხით ვიარეთ, ლამის მერიამდე მივედით. მერეღა დავბრუნდით უკან, რადგან მანქანა ზოოპარკთან მეყენა.
- კი მაგრამ, სოფის ერთხელაც რომ არ დასცდენია ეს ამბავი?
- იმიტომ, რომ გავაფრთხილე, თაზო ძია არ ახსენო სახლში-მეთქი. ერთხელაც სტუმრად მოვა ჩვენთან და ყველას სიურპრიზი მოვუწყოთ, გაგიჟდებიან, როცა გაიგებენ, რომ შენ თაზო ძიას იცნობ-მეთქი. ბავშვები ხომ იცი, რა ადვილი დასათანხმებლები არიან. იმის მერე ათჯერ მაინც მკითხა, თაზო ძია როდის უნდა მოიყვანო ჩვენთან სტუმრადო.
- ჰოდა, მოიყვანე ამ შაბათს, ელისს ხომ მაქსი მოჰყავს გასაცნობად. შენ თამაზს დაურეკე და ვნახოთ, რა მოხდება.
- რა უნდა მოხდეს? შე გგონია, ემილის თაზო არ უყვარს? გიჟდება, დამიჯერე! თუ გინდა, მაზიანს დაგიდებ.
- აი, შე საძაგელო! - თმა მოვუჩეჩე, - მაზიან მოგცემ ახლა ყურის ძირში! დედას ეგრე უნდა ელაპარაკო?.. მეც ეგ არ მინდა? ნეტავ მართლა უყვარდეს, სხვას რაღას ვინატრებ?
- მერე აქ რომ მოისურვონ ცხოვრება, შენ რა გეშველება? ისევ მე უნდა შემომისახლდე? - ეშმაკური მზერა მომაპყრო მარკომ.
- ნეტავ შერიგდებოდნენ და არ დავეძებ, რა მოჰყვება ამას. თუ მოისურვებენ, იცხოვრონ, ვინ დაუშლის? ბინა ემილისია და ხომ არ წავართმევ?
- და შენი გაკეთებული რემონტი? შენი ოცნების სახლი?
- ყველაფერი დალაგდება, დედიკო, შენ მაგაზე არ ინერვიულო. ბოლოს და ბოლოს, ენის მდგმურებს გავუშვებთ და იქ გადავალთ დანარჩენები. მთავარია, ყველანი ისევ ერთ კორპუსში ვიქნებით. ნუ, ვნახოთ... ჯერ მთავარი საქმე გაკეთდეს და შედეგზე მერე ვილაპარაკოთ.
- ჩათვალე, რომ მთავარი საქმე გაკეთებულია, დედუცი. ეგ მე მომანდე. ხომ იცი, რა შვილი გყავს, - დაიტრაბახა და მედიდურად მიიდო საჩვენებელი თითი გულზე, აქაოდა, შემომხედე, რა მაგარი შვილი გყავარო...
გულაჩუყებულმა შუბლი დავუკოცნე... რომელი დედა არ იამაყებდა ასეთი შვილით...
დაბლა რომ ჩამოვედი, სახლში უჩვეულო სიჩუმე დამხვდა. ემილის საძინებლის კარი შევაღე. სოფის ეძინა, ელისი და ემილი კი საწოლზე წამოკოტრიალებულები რაღაცაზე ჩურჩულებდნენ. ელისმა დამინახა თუ არა, თვალი ჩამიკრა, ემილიმ კი ისე მორცხვად შემომღიმა, მივხვდი, რაზეც საუბრობდნენ. კარი მოვხურე და ჩვენს ჰაი-ოთახში გავედი, სადაც ენის ბუხარი აეგიზგიზებინა, სავარძელში მოკალათებულიყო და საჟურნალე მაგიდაზე დაყრილ კონსპექტებში იქექებოდა.
- ვაა, აქ როგორ ცხელა... რა დროს ბუხარია, გოგო, რა გეტაკა ამ შუა გაზაფხულზე? მეცადინეობ?
- ჰო. - თავაუღებლად მიპასუხა და კვლავ ქექვა განაგრძო.
- გაბი სადღაა?
- ძინავს... იქით ოთახში. ჯესი ფეხებთან უწევს.
- ოოოხხ! რამდენჯერ გითხარით, შეაგდეთ ეგ ძაღლი სააბაზანოში-მეთქი, მოსვრის ახლა იქაურობას, - უკმაყოფილოდ წავიბუზღუნე და გამოვბრუნდი, რადგან ჩემი მობილურის ზარის ხმა მომესმა, ვიღაც თავს იკლავდა რეკვით.
რა თქმა უნდა, თავს იკლავდა... მობილურის ეკრანზე თეთრი ასოებით ციმციმებდა ჩემი სიზმრის ობიექტის სახელი: ვასიკო...
როგორც იქნა, გატყდა... ესეც ასე... აბა, რა ეგონა, სიჯიუტეში მაჯობებდა? უკაცრავად, ბატონო ჩემო! აღიარეთ, რომ მე გავიმარჯვე, თქვენ კი დამარცხდით!.. ახლა ვნახოთ, რას მოითხოვს ჩვენგან დამარცხებული მხარე.
მობილურს დავწვდი, მწვანე ღილაკს თითი მივაჭირე და სანამ ყურთან მივიდებდი, ხმაშენაზებულმა წარმოვთქვი:
- გისმენთ!..
- ხომ არ გეძინა, კარლა? გამარჯობა!
- არა, არ მეძინა, ვასკა... გაგიმარჯოს. მშვიდობაა?
- კი, კი. ისა... რაღაც მინდა გთხოვო, თუ არ მიწყენ.
- მთხოვე... თუ არ გიწყენ, - გამეღიმა ამ თუთიყუშურ დიალოგზე.
- ხუთი წუთით შემოდი ჩემთან, სულ ხუთი წუთით.
წამით შევყოყმანდი, მერე კი მივუგე:
- ხუთი წუთით შეიძლება. - მერე ტელეფონი გავთიშე და ჰოლისკენ გავემართე.
სანამ ბინიდან გავიდოდი, ჰოლის სარკეში ჩავიხედე... მშვენიერ ფორმაში ვიყავი...
გაგრძელება