ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი IXII ნაწილი
XIII ნაწილიკარი რაც შეიძლებოდა, ფრთხილად გამოვიხურე, რომ ჩემებს ხმაური არ გაეგონათ. არ მინდოდა, სცოდნოდათ, სად მივდიოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უდიდეს დანაშაულს ჩავდიოდი. რაც არის, არის. სხვათა შორის, დანაშაულიც უდიდესი გამოცდილებაა, თუ სინდისის ქენჯნას მოგგვრის, ასე არ არის?
მის კართან შევყოყმანდი. ზარი დავრეკო თუ დავაკაკუნო? იქნებ სულაც სახელური ჩამოვწიო? ისეთი ოხერია, კარს ღიად დატოვებდა. ამით კიდევ ერთხელ შემამოწმებს ალბათ - თუ არ დავრეკავ და არც დავაკაკუნებ, ანუ სახელურს ჩამოვწევ და მის ბინაში შინაურივით შევალ, ჩათვლის, რომ უკვე მისი ვარ. ნაადრევად ზეიმობ გამარჯვებას, შეფმზარეულო!
ღრმად ამოვისუნთქე, თავი შეძლებისდაგვარად დავიწყნარე და ზარის ღილაკს მარცხენა ხელის ცერით ოდნავ დავაწექი. ერთი წყვეტილი ზრრრ და მორჩა! პასუხად სიჩუმე... გაუსაძლისი. რა დამპალია! ელოდება, კარს როდის შევაღებ... კიდევ ერთი ზარი, ამჯერად საჩვენებელი თითით და ხანგრძლივად. ისევ სიჩუმე მპასუხობს, ჩქამიც კი არ ისმის შიგნიდან. ხედავ? სხვა გზას არ მიტოვებს, მაგრამ არა უშავს, რაც მთავარია, ორჯერ ხომ დავრეკე. ახლა შეშფოთებული სახე უნდა მივიღო, ვითომ ვიფიქრე, ისე ცუდად ხომ არ გახდა, რომ კარსაც ვერ მიღებს-მეთქი. ასეც მოვიქეცი. საჭირო ნიღაბი მოვირგე და სახელური გადავწიე. შეღებულ კარში თავი შევყავი და ის იყო, ვასიკო-მეთქი, უნდა დამეძახა, რომ სახიან-სხეულიანად ზღურბლზე გავქვავდი.
ვასიკო ჩემგან სამიოდე ნაბიჯის დაშორებით იდგა. ტანთ სააბაზანოს ხალათი მოესხა და ბალნიანი მკერდი სამკუთხედად მოუჩანდა ხალათის ჭრილში. აი, დახვედრაც ამას ჰქვია. ჩემი ხელოვნური შეშფოთება ბუნებრივმა გაოცებამ შეცვალა. ისე დავიბენი, მუხლები მომეკვეთა. მის შიშველ მკერდს სწრაფად მოვაცილე მზერა, ამიტომ ბოლომდე ვერ შევაფასე ვასკას მამაკაცურობის ხიბლი.
- კიდევ გამარჯობა, - ხმადაბლა წარმოვთქვი და მივხვდი, რომ მუხლებთან ერთად ხმაც მიკანკალებდა. დუეტში კანკალმა კი ისეთი დისჰარმონია შეუქმნა ჩემს სხეულს, რომ ძალაუნებურად ხელები ზურგს უკან შემოვიდე და კარს მივეყრდენი, რომ ღონეგამოცლილი იატაკზე არ ჩავცურებულიყავი.
- კიდევ გაგიმარჯოს, - კმაყოფილებით გადავსებული ღიმილით მომიგო და თავი მდაბლად დამიკრა. ჰმ, მისალმების ეს საცოდავი რიტუალი დღემდე აქტუალური დარჩა.
- მშვიდობაა?
- მოჩვენებითი, - მხიარულად მომიგო და "დამინდო", ხალათის კიდეები თითებით ჩაბღუჯა და ერთმანეთს გადაადო, რათა შიშველი მკერდი დაეფარა.
გმადლობ, ვასიკო!
უხმოდ ვიდექი და ველოდები, რას მეტყოდა. უხმოდ იდგა და მელოდებოდა, რას ვეტყოდი. სიჩუმემ ლამის ფრთები გამოისხა.
- დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე? მითხარი, ხუთი წუთითო და სამი უკვე გავიდა. ორი წუთი დაგრჩა, მერე კი ისევე წავალ, როგორც მოვედი, - ხმის კანკალს ვძლიე და უდარდელი ტონით ავლაპარაკდი.
- შემო, არ მიყვარს, მევალესავით კართან რომ დგანან. - ამ სიტყვებით გატრიალდა, ხელი ამიქნია და მანიშნა, მომყევიო.
მივყევი. ჩემს მუხლებს ჯერაც ვერ აღედგინა ძალა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მეკეცებოდა.
სასტუმრო ოთახში შესულს კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა - საჟურნალე მაგიდა ორი კაცისთვის იყო გაშლილი.
- ეს რას ნიშნავს? - კოპები შევიკარი და კარში გავიხიდე.
ღრმა ამოხვნეშით შემობრუნდა, თვალი თვალში გამიყარა და შუბლზე ნაოჭებასხმულმა ღრმა ხორხისმიერი ხმით "მახარა":
- ცუდად ვარ. უნდა დამეხმარო.
- მე რომელი ექიმი მნახე? - ერთი სული მქონდა, გამოვქცეულიყავი, მაგრამ რაღაც ძალა ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ მაძლევდა.
- ექიმი არ მჭირდება, შენ მჭირდები.
- მე-ე?
- ჰო, ჭკვიანი ქალის ჭკვიანური რჩევა. - დააკონკრეტა.
აჰა, აი, თურმე რაში ვჭირდები. მე კი მეგონა, ქათინაურებად დაიღვრებოდა, სიყვარულს ან რაღაც მსგავსს ამიხსნიდა. რა გაქექილია, იცის, როგორ "შემარბილოს".
ოთახში თბილოდა. როგორც ჩანს, ამაზეც წინასწარ იზრუნა, რომ სიცივეს არ შევეწუხებინე. საახალწლოდ, მახსოვს, ცუდად რომ იყო, სახლში ნამდვილი საყინულე ჰქონდა, ისე ციოდა. თუმცა, ახლა უკვე აპრილი იდგა და ისე აღარ უტევდა სიცივე.
მარტო კი ცხოვრობდა ვასიკო, მაგრამ პეწიანად, მის ბინას უქალობა არ ეტყობოდა. კოხტად იყო ყველაფერი მილაგებული, ერთ ზედმეტ ნივთს ვერ ნახავდით უადგილო ადგილას.
ჩემთვის განკუთვნილ სავარძელს მივაშურე და დავჯექი. თვითონ სუფრის თავში მოკალათდა, მეორე სავარძელში. ისე ახლოს ვისხედით ერთმანეთთან, რომ მისი მუხლის სიახლოვეს ინტუიციით ვგრძნობდი, თითქოს რამდენიმე გრადუსით მეტი სითბო მოდიოდა იქიდან.
- შევხურდეთ?
- შამპანურს არ ვსვამ.
- მაშინ კონიაკი... ას-ას გრამი მხოლოდ, მეტს არ დაგაძალებ.
- დაასხი, - კაცურად შევაგულიანე და კაცურადვე შევღიმე.
- რა მაგარი ქალი ხარ, თვითონაც არ იცი, - სევდა უცაბედად გადაეყარა შუბლიდან და გულიანად გაიცინა.
- ეს შენი რესტორნის ნობათია? - თვალით სალათებზე ვანიშნე.
- ჰო. ჩემი ხელითაა მომზადებული, აი, ამ მარჯვენა-მარცხენით, - ხელები მომუშტა, მაჯები ამოიტრიალა და ისე გაიშვირა წინ, როგორც დამნაშავემ, რომელსაც ბორკილი უნდა დაადონ.
- ოო, მაშინ გემრიელი იქნება. - როგორც იქნა, მოვეშვი, დავწყნარდი და გავლაღდი. უწინდელი დაძაბულობა შეუმჩნევლად გაქრა.
არაფერი ისე არ მიყვარს ამქვეყნად, როგორც ღამით ჭამა. ჭარბ წონას დიდად არ ვუჩივი, არ ვდიეტობ, ამიტომ ამ სიამოვნებაზე იშვიათად თუ ვიტყვი უარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი შემაწუხებს. სალათები, ზოგადად, ძნელი მოსანელებელი არ არის, მთავარია, სოკო არ ერიოს.
- ეს რისი სალათაა?
- ზეთისხილის. კიდევ კიტრი და ავოკადოა დამატებული. გადაიღე, მოგეწონება.
- მეორე?
- მეორე უფრო დესერტია, ანანასი, მანგო და პაპაია ურევია. ორივე უმაიონეზოა, საფირმო სოუსითაა შეკაზმული. თუ მოისურვებ, შენც გასწავლი, ოღონდ სხვა დროს.
- აუ, მართლა რა გემრიელია! ისე, მართალს ამბობენ, კაცებს უკეთ გამოსდით კერძების მომზადება, ვიდრე ქალებსო.
- ამბობენ, კი. დავლიოთ? გაგვიმარჯოს, ჩვენს ღამის შეხვედრას გაუმარჯოს! მიდი, მომიწკარუნე!
მივუწკარუნე, გაგვიმარჯოს-მეთქი და ბოლომდე დავცალე. მესიამოვნა. ვგრძნობდი, სასმელი როგორ ნელ-ნელა, რიტმულად მიხურებდა სხეულს ჯერ შიგნიდან, მერე გარედან, სიმხურვალე მთელ სახეზე მომედო.
- გავწითლდი, ხომ? - მიამიტურად ვკითხე და ხელისგულები ლოყებზე ჩამოვისვი.
- ცოტათი. კონიაკის ალები მოგიხდა, - ისევ ისე, გულღიად გაიცინა. ლამაზად იცინოდა.
- ახლა კი მომიყევი, რა გჭირს. - დანა-ჩანგალი თეფშს იქით-აქეთ შემოვულაგე, თითები ერთმანეთში გადავხლართე, ზედ ტუჩ-პირი ჩამოვდე, ნიკაპი კი ცერა თითებს ჩამოვაყრდენი.
- უშენობა. - თქვა და შეფმზარეულური ღიმილი მომაგება.
აჰა... რაღაც ამდაგვარს პირველ წუთებში უფრო მოველოდი, მაგრამ ახლა თუ მაჯახებდა, არ მეგონა, თუმცა არ დავბნეულვარ. არც მაშინ დვბნეულვარ, მისმა ხელმა მაგიდის ქვემოთ ჩემს მუხლზე რომ დაივანა. არ შევრხეულვარ, მაგრამ საკმაოდ უხეშად ვუთხარი:
- არ მსურს, შენი ხელი ჩემს მუხლზე დანავარდობდეს. თუ არადა, ავდგები და წავალ.
ნირწამხდარმა აიღო ხელი, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრია.
- კარლა... მე და შენ პატარა ბავშვები არ ვართ. ძალიან გთხოვ, ბოლომდე მათქმევინე, არ შემაწყვეტინო, კარგი? არ ვართ პატარები და ძალიან კარგად გვესმის, რასაც ერთმანეთისგან ვითხოვთ, ხომ ასეა?
- მე შენგან არაფერს ვითხოვ! - ხმას ავუწიე.
- ტყუილია, ითხოვ. ამას შენს მზერაში ვკითხულობ, შენი წარბების მოძრაობაშიც კი. თავს ნუ იტყუებ, ნურც შენს სურვილზე იტყვი უარს. ხანდახან წამიერი ტკბობა მთელ სიცოცხლეს უტოლდება, გესმის?
- მაპატიე, მაგრამ წამიერი ტკბობით მე ვერ დაგატკბობ, ვასკა, - იმედგაცრუებული ტონით მივუგე და წამოვდექი.
- რატომ, რატომ? შენ ხომ დიდი ხანია, კაცთან არ ყოფილხარ, შენ ხომ...
- იმიტომ, რომ მე მძიმე ყოფაქცევის ქალი ვარ და არა მსუბუქი! - მივახალე და გაკაპასებულმა თავი ძლივს დავიმორჩილე, სილა არ გამეწნა.
- მოიცა, შენ ვერ გამიგე... გთხოვ, დაჯექი და დამშვიდდი. აი, ასე, კარგი?
თან მინდოდა წასვლა, თან არ. ჩემი ერთი ნახევარი გასაქცევად იყო მზად, მეორე ნახევარი კი ჯიუტობდა, მასთან დარჩენას ამჯობინებდა.
ვასიკომ კიდევ ჩამოასხა, ჩემი სირჩა მარცხენა ხელით ხელში მომაჩეჩა, თავისი კი მარჯვენით აიღო, კიდევ ერთხელ მომიწკარუნა და გადაჰკრა. მეც არ დავახანე და გადავკარი. უსადღეგრძელოდ, ლოთურად. ცოტაც და მუშტებს დავაყრიდი.
- მომწონხარ, გესმის?
ო, როგორ შევამკობდი ახლა, მაგრამ... ჩემი მაღალი კულტურისგან აკრძალვებით ვიყავი შებოჭილი, რაც უფლებას არ მაძლევდა, ერთი გემრიელად შემეგინებინა, რაშიც ბადალი არ მყავდა. ისეთი გინება ვიცოდი, სართულს სართულზე დავადუღებდი ხოლმე.
- ვხედავ, შენს თვალებში ახლა ზიზღია, მაგრამ შევეცდები, ეს ზიზღი სიყვარულით შეგიცვალო. მე ეს შემიძლია, დამიჯერე. შემიძლია, რადგან იშვიათად, ქალმა მომხიბლოს. რადგან ეს შენ შეძელი, მეც ბევრ რამეს შევძლებ.
- სიყვარულის მოძალება გალაპარაკებს ამ სისულელეებს?
- არა. მოძალებული სიყვარული. ვიცი, გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ მიყვარხარ და ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ. ვიცი, შენთვის ძნელი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან შვილი გყავს, თანაც ამხელა, მაგრამ ეს შენი ცხოვრებაა, გესმის? შენი ცხოვრება კი შენვე უნდა მართო, სხვების დაუკითხავად.
- ჩემი ბიჭი არაფერ შუაშია. ის მე სხვანაირად მყავს აღზრდილი.
- მით უმეტეს, მაშინ რა გვიშლის ხელს, ერთად ვიყოთ? შენც ხომ მოგწონვარ? კარლა...
ახლა რომ მითხრას, მინდიხარო, მართლა გავარტყამ ხელს, რადგან ვერ ვიტან ამ საზიზღარ ავხორცულ სიტყვას, ნახევრად პოტენციადაკარგულ ბიძაკაცებს რომ სჩვევიათ ქალების შებმისას.
- მითხარი, ხომ მოგწონვარ? - გამიმეორა.
- არა, არ მომწონხარ.
- მატყუებ, ეს სიმართლე არ არის, - ვედრება გაუკრთა ხმაში.
- სიმართლე კიდევ უფრო უარესია, - განვაგრძე შეტევა, - შენ არავინ არ ხარ ჩემთვის, არაფერი არ ხარ... სიცარიელე ხარ. - დაუნდობლად მივაყარე და კვლავ წამოვდექი. ახლა კი მართლა დრო იყო, იქაურობას გავცლოდი.
რაღაცნაირად უცაბედად მოეშვა, მხრები ჩამოუვარდა, სახეზე ცვილისფერი დაედო, შუბლსა და ცხვირზე ოფლმა გამოჟონა.
მივხვდი, რომ გადავამლაშე და საშინელი შეურაცხყოფა მივაყენე. არა, ასე არ მინდოდა. თუ სიმართლეს გავუსწორებდი თვალს, მეც მომწონდა. მომწონდა იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი ასაკისა და მდგომარეობის ქალისთვის იყო დასაშვები. სიზმარში მასთან სექსიც კი მქონია. მაშინ რატომ გავიმეტე ასე?
- მაპატიე... ცუდად გამომივიდა, - შეწუხებული მხარზე შევეხე, - მაგრამ ყველა გზა მომიჭერი, რომ შენი სწრაფვა, ლოგინისკენ მიმავალი დაჩქარებული პროცესი როგორმე შემენელებინა. იმედია, არ მიწყენ და ხვალ სრულიად სხვა თვალით შეხედავ ამ ყველაფერს. სანამ წავალ, მითხარი, რომ გული არ გატკინე, კარგი?
მწარედ გაიღიმა, გამჭოლი მზერა მომაპყრო და გულდაწყვეტით მითხრა:
- რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ არაფერი არ ვარ... შენ ახლა სიცარიელეს ელაპარაკები.
იმწუთას რაღაც მოხდა ჩემში. პანიკამ, უცნაურმა შიშმა მომიცვა, შიშმა, რომ მას სამუდამოდ ვკარგავდი. ეს კი არ მინდოდა... უფრო მეტიც, მასთან მინდოდა. მოულოდნელად თითქოს დროის ისრებმა უკან დაიწყეს დახევა, ღრმა ახალგაზრდობისკენ, ვნების უცაბედი მოძალება რომ მემართებოდა. სხეული აღარ მემორჩილებოდა, ხელები, მკერდი, ტუჩები თავისით მიიწევდნენ მისკენ. ჩემდა უნებურად მკლავები მოვხვიე და მივეკარი.
- მაპატიე... - ვუჩურჩულე.
წამით გახევდა. მერე ოდნავ შეარხია თავი და თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა:
- სწორად ვერ გავიგე თუ იმედს მაძლევ?
- სწორად ვერ გაიგე. - ბოლო წუთს მაინც უკან დავიძიე.
ეს პატარა დამარცხება იყო.
ვაი, ჩემო დამღუპველო სიამაყევ!
სასწრაფოდ მოვშორდი და კარისკენ გავემართე. რატომ შევყოყმანდი? რისი მაქნისია ყოყმანი, როცა სურვილი გწვავს? გინდა? გააკეთე, რაღას ელოდები! ცხოვრების ნახევარს თუ არა, მესამედს მაინც ოცნებებში ვატარებთ. ამ დროს რეალურ ცხოვრებაში ბევრ ისეთ რამეზე ვამბობთ უარს, რომელიც მართლაც გაგვაბედნიერებს, თუნდაც წამით, ვასკას თქმის არ იყოს, ზოგჯერ წამიერი ტკბობაც კი მთელ სიცოცხლეს უდრის.
თვითონაც უკან მომყვა, კარამდე მომაცილა. გასვლისას შემოვბრუნდი, მინდოდა, მის თვალებში ჩამეხედა.
- გამოდის, ვერ მიგიხვდი... მაგარი ქაჯი ვარ, არა? - სევდაგარეული ხმით მკითხა.
ისევ დავყარე ფარ-ხმალი. მთელი ჩემი ნდომა, სინაზე და სურვილი ერთ მზერაში ჩავაქსოვე და მის სახეზე მიმოვატარე.
- შენ არასწორად გაიგე, - ჩურჩულით ამოვთქვი და ისე ღრმად და მომაკვდინებლად ამოვისუნთქე, ხეპრეც კი მიხვდებოდა, რა მსურდა.
- მაშინ შემაჩერე... - თქვა ვასიკომ, მკლავებში მომიწყვდია და მაკოცა...
შემდეგ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს, რა ხდებოდა. ხმები მახსენდება, ფეხით კარის გაღება-მიჯახუნებას რომ ახლდა თან, საძინებლის კარის სახელურის ჯაჯგური, ტანსაცმლის ნაჩქარევი გახდის შარიშური და სიამოვნებაშერეული შვების მომგვრელი ოხვრა, რომელიც ორივეს აღმოგვხდა... ვნება ჩაცხრა, მაგრამ ვასიკო არ მეშვებოდა. მეფერებოდა, მკოცნიდა, თითქოს ეშინოდა, უცებ არ გადამეფიქრებინა და არ გავქცეულიყავი.
- უნდა წავიდე, თორემ სახლში მომისაკლისებენ, - ასადგომად წამოვიწიე.
- აი, სწორედ ამის მეშინოდა. დარჩი ამაღამ. დილით ადრე გაგაღვიძებ და შენს ბინაში მე თვითონ შეგაპარებ. ვერავინ ვერაფერს გაიგებს.
სიცილი ამიტყდა.
- შემაპარებ მაგარია. - ისევ გამეცინა, - არა, უნდა გავიდე. გონს მოსვლა უნდა მოვასწრო.
- არ მითხრა, რომ ნანობ.
- ჯერ არა.
- როგორ? - იდაყვზე წამოიწია და სიბნელეში ისე დამაჩერდა, თითქოს ჩემს თვალებს ხედავდა.
- კარგი, ჰო, ვიხუმრე. სანანებელი არაფერი ჩამიდენია. მთავარია, ეს არ იყოს... - აღარ დავამთავრე.
- უკანასკნელი გინდოდა გეთქვა, არა?
- ჰო.
- სულელო... თვეებია, შენთან ყოფნა ოცნებად მექცა, სიზმრებიდან ვერ განგდევნე და მეუბნები, უკანასკნელიო? არაა, მაგის იმედი ნუ გექნება. შენ ისეთი ხარ, რომ...
- როგორი ისეთი?
- აი, როგორ გითხრა... ქვიშასავით მოუხელთებელი. რაც უფრო მეტად უჭერ, მით უფრო მეტი გცვივა ხელიდან. კაცს მშვიდად ყოფნის საშუალებას არასდროს მისცემ, სულ ფხიზლად უნდა იყო იმის შიშით, არიქა, ამ ქალმა არ მიმატოვოსო.
- კაი რა, მართლა ეგეთი გგონივარ?
- ფაქტია. ვერ ხედავ, ძლივს დაგიმორჩილე.
- მაგრამ შენ ეს მოახერხე.
- მერედა, რის ფასად?
გულიანი სიცილი ამიტყდა. სწრაფად წამოვხტი და ჩემს ტანსაცმელს დავუწყე ძებნა. ვასკამ ხალათი მოიცვა და შუქი აანთო. ცოტა კი მეუხერხულა, ასე მოულოდნელად ასე დედიშობილა რომ აღმოვჩნდი მის წინაშე, მაგრამ არ შევიმჩნიე. ბოლოს და ბოლოს, ახლახან ერთად არ ვიწექით? რიღასი უნდა მრცხვენოდეს?
ჩემი ზედა-ქვედა მოვხიკე და ფართხაფურთხით ჩავიცვი.
- წავედი... - ჩურჩულით ვთქვი და მკლავები ყელზე მოვხვიე.
- წავედით, - მიპასუხა მან და უეცრად ხელში ამიტაცა.
- რას შვრები, გამიშვი!
- კარამდე ასე უნდა მიგიყვანო.
კართან ჩამომსვა, მკერდზე მიმიხუტა, სულის შეგუბებამდე მომიჭირა მკლავები და ხმადაბლა, ნაღვლიანი ტონით მითხრა:
- რა მჩაქე ხარ, მაგრამ ჩემს გულს მაინც გაუჭირდება შენი ზიდვა.
- შენც ნუ შეეცდები ჩემს ზიდვას, გვერდიგვერდ, ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ. ამ მზის ქვეშ ადგილი ორივესთვის მოიძებნება.
ამ სიტყვებით ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი... სახლში კატასავით მოქნილი ნაბიჯებით შევიძურწე, თუმცა შიში აღარ უნდა მქონოდა. ჩემებს ეძინათ...
მომდევნო დღეებში ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი. რაც უნდა მეკეთებინა, მაინც ვასიკოსთან გატარებულ ღამეზე ვფიქრობდი. ასეთი დაბნეული კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. სამსახურში ვერ მცნობდნენ, გულს ვერაფერს ვუდებდი. როცა ვინმე მელაპარაკებოდა, უგულისყუროდ ვუსმენდი, ჩემი გონება სხვაგან დაფრინავდა. ამ გოგოს რა სჭირსო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ ჩემი მკერავები. ქეთი, ჩემი გამყიდველი, სულ თითის წვერებზე დადიოდა, ჩემს "შეფინიას" ფიქრები არ დავუფრთხოო. ყველა გრძნობდა, რმო ჩემს თავს რაღაც ხდებოდა, მაგრამ კარგი იყო ეს თუ ცუდი, ვერ გაერკვიათ.
გული სიამოვნებით მევსებოდა, როცა იმ წუთებს ვიხსენებდი, თან სინდისი მქენჯნიდა, რომ ჩემს ასაკში ასეთი ნაბიჯი გადავდგი. არ ვიცი, ვნანობდი თუ არა. უფრო ალბათ არა, მაგრამ გულს ის მიღრღნიდა, რომ ამის შესახებ ვერავის მოვუყვებოდი. მეგონა, რომ ყველას ვატყუებდი - ჩემს შვილსაც და შვილობილებსაც, რომლებსაც არასდროს არაფერს ვუმალავდი. წინ გულახდილობის საღამო გველოდა, რა უნდა მეთქვა? მომკალი და ვერ ვაღიარებდი, სხვა კაცთან რომ ვიწექი. არადა, ჩემთვის ეს არავის დაუძალებია. წლებია, მსგავსი სიამოვნება არ განმიცდია. მეგონა, ეს ერთი და მორჩა, მეტად აღარ მომინდებოდა ვასკასთან შეხვედრა და ყველაფრის გამეორება, მაგრამ შევცდი. რაც დრო გადიოდა, ვნება უფრო მიმძაფრდებოდა. ერთი სული მქონდა, კიდევ როდის ვნახავდი.
შინ გვიან ვბრუნდებოდი, რადგან სახეზე აშკარად მეტყობოდა მოუსვენრობა, ყველაფერს უხალისოდ ვაკეთებდი. თუ მანამ ყველაზე მეტს ვლაპარაკობდი, ახლა ხმას არ ვიღებდი, სადილსაც კი მდუმარებაში ვამზადებდი. ნებისმიერი რამ ნერვებს მიშლიდა - ჯესის ყეფა, ბავშვების სიცილი, გოგონების ჭორაობა, ის სიჩუმეც კი, გვიან ღამით რომ დაისადგურებდა, როცა ყველა მიიძინებდა.
ბოლოს მივხვდი, რაც მაღიზიანებდა - ვასიკოს სიჩუმე. ლამის ერთი კვირა გავიდა იმ ტკბილ-მწარე ღამის შემდეგ და თავი არ შემახსენა. არც ერთხელ. სწორედ ეს მაცოფებდა. თავისი გაისწორა და მორჩა? დამიკიდა? ამით დაამთავრა? - საკუთარ თავს ფიქრებში სლენგებით ვებაასებოდი.
მეექვსე თუ მეშვიდე დღეს, როგორც იქნა, მისგან პირველი სიგნალი მივიღე. "გძინავს?" - დამიმესიჯა. თანაც შუაღამე იყო, ლამის გამთენია. გული შემიქანდა - ცალკე შიშისგან, ცალკე სიხარულისგან. მესიჯობანას არ მოველოდი. საათს დავხედე, ოთხი ხდებოდა. ნეტავ რატომ არ სძინავს? რა არ აძინებს? - ეს ორი შეკითხვა მღრღნიდა.
მესიჯის სიგნალმა გამაღვიძა-მეთქი, მივწერე. ამას მოჰყვა, როგორ ხარ, მომენტრე, ხომ არ გეწყინა, რომ არ შეგეხმიანე და ასეთი რამეები. მერე შემაპარა, იქნებ ახლავე გამოსულიყავი ჩემთანო. ჰმ... ჩვენი ურთიერთობა რომ დალაგებული ყოფილიყო, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ შემაჩერებდა, ისე გავვარდებოდი, მაგრამ ჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი და უარი ვტკიცე, გვიანაა, ახლა არ შემიძლია-მეთქი. ამით ვაგრძნობინე, რომ გულდაწყვეტილი ვიყავი და ექვსდღიან იგნორირებას ასე ადვილად არ ვაპატიებდი. მაშინ ხვალ დაგირეკავ და სადმე გავიაროთო. ამაზე დავთანხმდი, დავემშვიდობე, ფერადი სიზმრები ვუსურვე და ღიმილით ვიცვალე გვერდი.
იმ ღამეს, ბოლო ერთი კვირის ღამეებისგან განსხვავებით, პირველად მეძინა მშვიდი, უშფოთველი ძილით...
მეორე დღეს, მართლაც, შუადღე იყო, რომ დამირეკა. სამსახურში ვიყავი. როცა ეკრანზე მისი სახელი აციმციმდა, ისე გავწითლდი, როგორც მეცხრეკლასელი შეყვარებული გოგონა, მაშინვე საგარდერობოში შევვარდი და იქიდან დაველაპარაკე. ეს უფანჯრო სათავსო იყო, ამიტომ მობილურის სიგნალს კარგად ვერ იჭერდა, რის გამოც მისი ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა, მაგრამ სანამ ცოტათი არ დავმშვიდდი, გარეთ არ გამოვედი. მერე კი აივანს მივაშურე და უფრო თამამად დაველაპარაკე.
- სამსახურში არ გამომიარო, კარგი? - ვთხოვე, - სადმე სხვაგან შეგხვდები.
- რატომ, ჩემი გამოჩენა გიტყდება შენს გოგოებთან? - იწყინა.
- არა, ეს რა შუაშია, უბრალოდ, არ მინდა, რამე იფიქრონ... არ ვარ იმ ასაკში...
- ოოოჰ, შენ და შენ ასაკი, - გაიცინა, - კარგი, რახან ეგრეა, მითხარი, სად მოვიდე.
- ოპერასთნ შეგიძლია? იქ მანქანას ადვილად გავაჩერებთ.
- მაშინ მე უმანქანოდ წამოვალ, მერე ცალ-ცალკე ხომ არ ვივლით.
ამაზე დავთანხმდი და შეხვედრისთვის მზადებას აფორიაქებული შევუდექი. განა რა მომზადება მინდოდა, ისედაც ყოველთვის ფორმაში ვიყავი, მოუვლელი სამსახურში არასდროს მივდიოდი, მაგრამ მაინც, როგორც კი პაემანი მოახლოვდა, ტუალეტში შევიკეტე და მაკიაჟი შევისწორე, პომადა უფრო სქლად გადავისვი, თმა კიდევ ერთხელ გადავივარცხნე და სარკის წინ მონდომებით დავტრიალდი.
საერთოდ, პუნქტუალური ვარ ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ახლა ცოტათი დამაგვიანდა, მაინცდამაინც ახლა, თუმცა, ჩემი ბრალი არ იყო. ვერაზე ისეთი საცობი დამხვდა, ძლივს გამოვაღწიე. ვასიკო ზუსტად შენობის წინ დარჭობილიყო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა სპექტაკლების აფიშებს. ისეთი ცხელი საღამო იყო, აპრილისას სულ რომ არ ჰგავდა.
- როგორ ცხელა, არა? - ეს იყო პირველი, რაც ვთქვი.
- ჰო, ზაფხულივით ამინდია, - დამიდასტურა მან, მხარზე ხელი გადამისრიალა და ყელზე ისე მოწყურებულად, თანაც ნაზად მაკოცა, რომ ჟრუანტელმა მომიცვა. მერე კი, ოხ, როგორ შევხურდი.
- ანუ ცრუ ზაფხული, არა? - შევცინე.
- არა, ზაფხული გაზაფხულში... მოდი, იქით გადავიდეთ, ერთი რესტორანში მეგულება.
- იცი რა? აგერ საჩაიეა, ძალიან მყუდრო და წყნარი, იქ შევიდეთ, არ ჯობია? არ მოგბეზრდა ეს რესტორანი?
- ჰმ, შენი ხათრით, თორემ რესტორნებისკენ გახედვაც არ მინდა, ყელში მაქვს ამოსული.
"ხმათა უმრავლესობით" საჩაიე ვამჯობინეთ, შევედით, ფანჯრის მაგიდასთან მოვკალათდით, ერთმანეთის პირისპირ დავსხჯედით და ჟასმინის ჩაი და ვაშლის ღვეზელი შევუკვეთეთ.
- იმ კვირაში რატომ არ შემომეხმიანე? - თვალები მოჭუტა და ეშმაკური ღიმილით მკითხა.
- შენ? - მისი მიმიკა ზუსტად გადავიღე და ისე მივაჩერდი.
- მე შენს რეაქციას ველოდებოდი.
- აი, თურმე რა ყოფილა! ნწ, ნწ, ნწ! - თავი გავაქნიე.
- მოდი, ხუმრობა იქით იყოს და, პირველ რიგში იმას გავიმეორებ, რაც წუხელ მოგწერე: მომენატრე. ისე მომენატრე, ისე, ისე, რომ... თავი დავკარგე. გჯერა?
- შენ?
- რა მე?
- შენ გჯერა? - სიცილი ამიტყდა.
- რომ არ მჯეროდეს, გეტყოდი?
არაფერი ვუპასუხე. სიჩუმე ჩამოვარდა. ამასობაში იგი თვალს არ მაშორებდა. მე მზერა ავარიდე და სიჩუმის გამო ჩემი ფრჩხილების თაღების თვალიერება დავიწყე, მკვეთრი თეთრი ფერი რომ დაჰკრავდა.
მან ჩემი თითები ხელისგულზე დაილაგა და სათითაოდ ყველა ფრჩხილზე მაკოცა, მერე კი მათ თვალიერებას შეუდგა.
- იცი, როგორ მიყურებ? - მოულოდნელად მკითხა.
- როგორ?
- ახალი შეყვარებულივით.
- შენც, - მივუგე და ავტკარცალდი. ისიც ამყვა.
მშვენიერი საღამო გამოგვივიდა.
- ახლა კი წავედით. მაინც მოგვიწევს იმ მხარეს გადასვლა.
- სად?
- აქვე, სასტუმროში. ნომერი დაჯავშნულია.
- გაგიჟდი?
- რა თქმა უნდა, - მიპასუხა და გაგიჟების უკეთ დასადასტურებლად მხრები აათამაშა.
ვასკამ ანგარიში გაასწორა და საჩაიედან ხელჩაკიდებული გამომიყვანა. ისე მორცხვად მივყვებოდი გვერდით, თითქოს წინ პირველი სექსი მელოდა. არ იყო პირველი, მაგრამ სასტუმროში სექსი ნამდვილად პირველი იქნებოდა. ალბათ ამიტომაც მრცხვენოდა.
კერძო სასტუმრო იყო, ზედა ქუჩაზე მდებარეობდა. მის გვერდით მდებარე პატარა სასადილოს "საოჯახო სამზარეულო" ერქვა, რომელიც ყოველ ათ წამში წითლად ციმციმებდა, მაგრამ რამდენიმე ასო ჩამქრალიყო და როცა დანარჩენები აინთებოდა, ასე იკითხებოდა: "საოჯახო სა ზარე ლო". იმდენად სასაცილოდ ჟღერდა წარწერა, რომ ორივეს გაგვეცინა…
მოგვიანებით ჩურჩულნარევი ხმით მეუბნებოდა:
- ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი სიყვარულით შევირთე. ამ ურთიერთობას ალბათ ისიც ამძაფრებს, რომ მისი დამალვა გვიწევს, არა? - ამ სიტყვებზე თავი ასწია და შემომხედა.
- ალბათ, - მორცხვი ღიმილით მივუგე...
სამი საათი დავრჩით სასტუმროში და შინ სულ ღიღინ-ღიღინით წამოვედით. საჭესთან ვასიკო დაჯდა...
ჩემი გვიან დაბრუნება არავის გაჰკვირვებია. ყველანი სახლში იყვნენ, მარკოც კი. შემოსვლისთანავე სააბაზანოში შევვარდი და წყლის თბილ მკლავებში მოქცეული მეზობელ ბინაში მყოფ ვასიკოს ვუღიმოდი. ვინ იცის, იქნებ ისიც შხაპის ქვეშ იდგა ახლა და ჩემსავით წყლის შხეფებს უშვერდა მკლავებს...
კიდევ ორი დღე და ვეღარ მოვითმინე. ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. გადავწყვიტე, მარკოსთვის ვასიკოს შესახებ მეთქვა. მიიღებდა თუ არ მიიღებდა, ჩემთვის სულერთი იყო. არ მინდოდა, მისგან ჩემი პირადი ცხოვრება დამალული მქონოდა. თანაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გამამტყუნებდა. ამიტომ პარასკევ საღამოს, როგორც კი მაღლა ასვლა დააპირა, თან გავყევი და დაველაპარაკე.
როცა ვუთხარი, ვასიკოსთან ურთიერთობა მაქვს-მეთქი, უცნაური გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე - თითქოს შიში, თითქოს მოულოდნელობა, - მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით, მერე მხრები შეარხია და დივანზე დადებულ პატარა დათუნიას დაავლო ხელი, ყურით გააქან-გამოაქანა და არ შემოუხედავს, ისე მკითხა:
- მე რატომ მეუბნები, დედა, ამას?
რამდენი ხანია, ჩემთვის დედათი არ მოუმართავს. ან კარლას მეძახდა, ან დედუცი-დედუსის, ან დე-ს.
- აბა ვის უნდა ვუთხრა? შენ ეს უნდა იცოდე, მარკო.
- შენი საქმისა შენ იცი. მე რა უფლება მაქვს, რამე გირჩიო ან აგიკრძალო? რა გინდა, რომ გითხრა?
დავიბენი.
- ჩხუბს ხომ არ დაგიწყებ, არა? ეს ხომ ღალატი არ არის, თავი გავიგიჟო? გაქვს უფლება, მეგობარი მამაკაცი გყავდეს და იყოლიე, სულაც არა ვარ წინააღმდეგი. ის კაცი კაი ტიპი ჩანს, ერთი-ორჯერ ველაპარაკე და რა ვიცი, ნორმალური ჩანს, რას ვერჩი. ოღონდ ნუ გამიბლატავდება, კარგი? იქ მამობას და ეგეთ რამეებს არ მიაწვეს, არ მევასება, ხომ იცი.
- რას ამბობ, მარკო, გათხოვებას კი არ ვაპირებ.
- ძალიანაც კარგი, რომ არ აპირებ, - რაღაცნაირად, თითქოს გულდაწყვეტილად ჩაიცინა და დათუნია გვერდზე მიაგდო, - სულაც არ მინდა, მე და დედაჩემი ერთდროულად დავოჯახდეთ. - ეს ისეთი გაღიზიანებული ტონით და მკვეთრი ხმით წამოიძახა, რომ შევტოკდი, - არ მესიამოვნება, ჩემს ძმაკაცებს ვუთხრა: იცით რაა? დედაჩემი გათხოვდა. გამიტყდება, გესმის? სხვა დანარჩენი პრობლემა არაა, დე, ცუდად არ გამიგო, - ეს თქვა თუ არა, წამოხტა, ჩემ წინ ჩაიმუხლა და თავი კალთაში ჩამიდო, - ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, ამიტომ მინდა, რომ შენც ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო და მარტო არ იყო. - მერე წამოიწია, ჩამეხუტა და კოცნა დამიწყო.
თვალები ცრემლით ამევსო, შვილი გულში ჩავიკარი და ჩურჩულით მადლობა გადავუხადე. აი, მაშინ კი ვიგრძენი შვება...
გაგრძელება