ონლაინრომანი "ცუდი დასაწყისი"
ავტორი:
სვეტა კვარაცხელიაI ნაწილი
II ნაწილიIII ნაწილიIV ნაწილიV ნაწილიVI ნაწილიVII ნაწილიიმ დღიდან ყველაფერი აირია ჩემს ცხოვრებაში. თითქოს ცუდი ამბები ერთმანეთს წაეწყო. ჩემი მშობლების გაყრის ამბავი მონელებული არ მქონდა, რომ ახალი, კიდევ ერთი გაუსაძლისი ტკივილი დამემატა.
ერთ დღეს ლუკასგან მესიჯი მივიღე. ის მწერდა, რომ საქართველოდან მიდიოდა და დიდხანს ვერ მნახავდა, თუმცა მპირდებოდა, რომ არ დამივიწყებდა და აუცილებლად ბევრ წერილს მომწერდა.
როგორც კი გაკვეთილები დამთავრდა, მასთან გავქანდი. სირბილით გავიარე გზა მის კორპუსამდე. კარი შეღებული დამხვდა. რომ შევედი, ლუკა თავის ტანსაცმელს ჩანთაში ალაგებდა.
- ეს რას ნიშნავს? - აქოშინებულმა ვკითხე.
- მივდივარ... თურქეთში.
- თურქეთში? რატომ?
- იმიტომ, რომ ასეა საჭირო. კლუბში ვიმღერებ, თან ვისწავლი. ახლობელმა გამიკეთა.
- და აქ რატომ არ გინდა დარჩენა?
- აქ იმდენ ფულს ვერ გამოვიმუშავებ, რომ თავიც ვირჩინო და ჩემებსაც მივეხმარო. ამიტომაც მივდივარ.
- არა, მაგიტომ არ მიდიხარ. ზუსტად ვიცი, რატომაც გადაწყვიტე წასვლა.
ლუკამ საქმიანობა შეწყვიტა, დოინჯი შემოიყარა და მომაჩერდა.
- და რატომ, როგორ გგონია?
- იმიტომ, რომ არ მაპატიე, იმ დღეს რაც გითხარი.
- რა სისულელეა, - ჩაიცინა.
- ჰო, ეგრეა. იმ საღამოს შემდეგ სულ სამჯერ შემხვდი, ერთი-ორჯერ დამირეკე და ეგ იყო. ასეთი რა გითხარი? ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს წარსულს შენთვის?
- ეგ რამ გაფიქრებინა? შენ არაფერ შუაში ხარ, ნეკა. მე ჩემი პრობლემების მოგვარება მინდა, ამიტომაც მივდივარ. შენ კი... აბა, რა გიყო, გინდა დაიჯერე, გინდ არა.
- მაშინ მეც გამოგყვები! - წამოვიძახე უცებ.
- გაგიჟდი? სად გამომყვები, ხომ არ გააფრინე! შენ ჯერ სკოლა უნდა დაამთავრო!
- არ მინდა სკოლის დამთავრება! შენთან მინდა! მეც ვიმუშავებ. ერთად ვიცხოვროთ. არ მინდა აქ უშენოდ, არა! - ცრემლები ყელში მომებჯინა.
- ნეკა, რა გემართება? - მხრებში ხელი ჩამავლო ლუკამ და შემაჯანჯღარა, - სამუდამოდ კი არ ვაპირებ თურქეთში დასახლებას, ერთი-ორი წელი და ჩამოვალ. მერე სულ ერთად ვიქნებით.
- არა, მერე ერთად ვერ ვიქნებით, - დანანებით გადავაქნიე თავი.
- და რატომ?
- იმიტომ, რომ ძალიან მალე დამივიწყებ. ვიცი.
ამაზე ლუკა ძალიან გაბრაზდა. უპასუხისმგებლო და არასერიოზული კაცი გგონივარო. შემპირდა, რომ ხშირად მომწერდა და დამირეკავდა...
ისე დავშორდით ერთმანეთს, სიყვარული არ აუხსნია. თუმცა, ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. რატომღაც, ვენდე მის სიტყვას. გულდამძიმებული მივუყვებოდი ქუჩას და მჯეროდა, რომ არ დამივიწყებდა. მჯეროდა, რომ ერთი-ორი წლის შემდეგ ჩამოვიდოდა და ჩვენ კვლავ გავაგრძელებდით შეხვედრებს. ეს რამდენიმეწლიანი განშორება კი უფრო გაამყარებდა ჩვენს ურთიერთობას...
* * *
ლუკამ სულ ექვსი წერილი მომწერა და რამდენჯერმე დამიმესიჯა. დარეკვა ერთხელაც არ უცდია. მე კი როგორ მენატრებოდა მისი ხმის გაგონება. მაგრამ პირველმა არ გადავდგი ნაბიჯი. განვლილმა ცხოვრებამ ერთი რამ ჯიუტად მასწავლა - შენს თავმოყვარეობას უნდა გაუფრთხილდე! რაც მეტად გატკენენ გულს, მით უფრო უნდა გაიმძაფრო თავმოყვარეობა!
ლუკას წერილებიდან მისი ახალი ამპლუის ამბებს ვიგებდი. ის მშვენივრად მოეწყო თურქეთში. არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს. სწავლის პარალელურად, სამსახურიც იშოვა და თავის რჩენა არ უჭირდა. თავდაპირველად წერილები მალ-მალე მოდიოდა, დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ - თვეში ერთხელ, ბოლოს საერთოდ შეწყდა. თუ პირველ ხანებში გრძელ წერილებს მწერდა, მერე თანდათან შეამოკლა. ბოლოს მიღებულ ბარათში კი მხოლოდ სამი წინადადება ეწერა.
ცოტა არ იყოს, პირველ ხანებში გამიჭირდა, ყოველდღე ველოდებოდი, როდის დამიმესიჯებდა, ან მომწერდა, მაგრამ ამაოდ. მისგან აღარაფერი ისმოდა. თანდათან ვეგუებოდი მდგომარეობას და ვხვდებოდი, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ლუკას ვახსოვდი თუ არა. მტკივნეულად აღარ აღვიქვამდი მის სიჩუმეს. ასე მეგონა, ერთ ადგილს ვიყავი მიყინული და ადგილიდან დაძვრის სურვილი არ გამაჩნდა. ბევრი რამ დამიშავებია ჩემი თავისთვის, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი არასდროს მინანია, დანაშაულის გრძნობას არ შევუწუხებივარ. ახლა კი... ახლა კი სწორედ ეს შეგრძნება მაწუხებდა, მხრავდა და მოსვენებას არ მაძლევდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გავიზარდე, დავქალდი და სხვა თვალით დავუწყე ცხოვრებას ყურება. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. გამუდმებით იმაზე ვეკამათებოდი ჩემს ორეულს, როგორი ვიქნებოდი, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი ან განსხვავებული ხასიათი მქონოდა, ან ჩემი მშობლები არ დაშორებოდნენ ერთმანეთს... თითქოს ვაანალიზებდი ჩემს ცხოვრებას, ვიჩხრიკებოდი ჩემს არცთუ იღბლიან წარსულში და ვერც ერთ ჩემს საქციელს გამართლებას ვერ ვუძებნიდი. ვხვდებოდი, რომ მე თვითონ შევქმენი ჩემი ჯოჯოხეთი და სხვას არავის ამაში ბრალი არ მიუძღოდა. უფრო მეტიც - ცოტათი ალბათ მართლაც იყო ჩემი ბრალი, დედა და მამა რომ გაიყარნენ.
ერთ საღამოს დედა სწორედ ამ თემაზე დამელაპარაკა. თავისი სურვილით, სრულიად მოულოდნელად გამიბა საუბარი.
- შეცდომა ყველას მოსვლია ცხოვრებაში. მთავარი ეს არ არის. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთი და იმავე სახის შეცდომა მეორედ არ დაუშვას ადამიანმა. არ ვიცი, გასაგებად გიხსნი თუ არა, მაგრამ მინდა, ისე იცხოვრო, რომ ჩემსავით ტკივილიანი გზის გავლამ არ მოგიწიოს.
ვუსმენდი დედას და გული ცრემლით მევსებოდა. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ აცრემლება გულსაც შეძლებია. ამ ცრემლს ჩემ გარდა ვერავინ გრძნობდა, ჩემ გარდა ვერავინ ხედავდა, მე კი უფრო და უფრო მისველდებოდა გულის კედლები მარილიანი ცრემლებით.
გულამომჯდარმა თავი ავწიე და დედას თვალებში შევხედე.
- დე, მე რომ შევიცვალო... აი, სულ, სულ რომ შევიცვალო, აბსოლუტურად სხვანაირი რომ გავხდე, შენ და მამას რომ გაგიხარდებათ, ისეთი, ყველაფერი რომ მოგიყვეთ ყოველთვის, შერიგდებით? იქნებ გადაიფიქროთ განქორწინება?
დედას თვალები გაუფართოვდა. ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე კი ხმაშეცვლილმა მომიგო:
- ნეკა, იცი, შენ ახლა რა თქვი? ყველაზე ჭკვიანური რამ, რაც ოდესმე გითქვამს. ძალიან მახარებს შენი ასეთი შემობრუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და წინ დიდი მომავალი გელის. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ, შვილო, მეც, მამაშენსაც, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ამით არ შეიცვლება. რაც მამასა და ჩემს შორის იყო, უკვე წარსულის კუთვნილებაა. მისი დაბრუნება არ მოხდება. მაპატიე...
- რატომ, დედა, რატომ?
- იმიტომ, რომ უკვე ძალიან დაგვიანებულია.
- კი მაგრამ, განა რა მოხდა ასეთი? ამდენი წელია, ერთად ხართ, ერთად მოდიხართ. გასაგებია, რომ ორივეს თქვენ-თქვენი ცხოვრება გქონდათ, მაგრამ ამას ხომ თქვენთვის ხელი არ შეუშლია, ერთ ჭერქვეშ გეცხოვრათ?
- სწორედ ამიტომაა წარსულის უკან დაბრუნება შეუძლებელი, შვილო.
მისთვის პასუხი არ გამიცია. არც არაფერი მქონდა სათქმელი. მათ ჩემი არ ესმოდათ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ოჯახისადმი ასეთი მიდგომით მათ ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრება დაანგრიეს.
* * *
საღამო ხანი იყო. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, რაღაცნაირად აღრენილი. რატომღაც, კესოსთან მომინდა დალაპარაკება. მობილურზე დავურეკე.
- კესო, როგორ ხარ?
- ნეკა, შე-ენ? - გაკვირვებული ტონით მკითხა კესომ, თითქოს არ სჯეროდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი.
- ჰო, მე ვარ. რაღაც მინდოდა მეთქვა...
- გისმენ, კესო.
- აი, ამ დღეებში თუ შეკრებას აპირებთ, მეც წამოვალ, კარგი?
- მართლა? რა მაგარია! მაშინ ახლავე გამოდი, კარგ ადგილას მივდივარ.
კესოს ისე გაუხარდა ჩემი ზარი, ჭკუაზე არ იყო.
დედას დავუბარე, კლასელთან მივდივარ-მეთქი და კესოს მივადექი. ის მარტო იყო სახლში, სარკის წინ იდგა და იპრანჭებოდა.
- სად მივდივართ? - ვკითხე ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა.
კესომ ორჭოფულად ამათვალიერა.
- შეუფერებლად გაცვია. დაბადების დღეზე მივდივართ. ერთი ბიჭი გვყავს მეგობრებში, იმან დაგვპატიჟა. გაგაცნობ. ვინ იცის, იქნებ მოეწონო კიდეც. მოიცა, ჩემსას გათხოვებ რამეს, ეგენი კი გაიხადე და აქ დატოვე, მერე წაიღებ, - საქმიანად წარმოთქვა და გარდერობიდან ტანსაცმლის გამოლაგებას შეუდგა.
დიდხანს ვარჩიეთ. ბოლოს არჩევანი ლურჯ კაბაზე შევაჩერეთ, რომელიც ყველაზე მეტად მომიხდა.
უცნაური იყო... სარკეში ვათვალიერებდი ჩემს თავს და უკვე ვფიქრობდი იმ უცნობ ბიჭზე, რომელსაც ფულიანი მამიკო ჰყავდა. რაცაა, ესაა. თუ ეშმაკს მივყიდე სული, ბარემ ბოლომდე მივყვები ამ გზას. მოსახდენი, ჯობია, მოხდეს!
როცა კესო გაპრანჭვას მორჩა, ჩემი მორთვის სურვილმა მოუარა. ახლა მე დამსვა სარკის წინ და ჩემი მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა.
- როგორ მიხარია, ისევ ერთად რომ ვართ, - ტაში შემოჰკრა ბოლოს და პატარა გოგოსავით ადგილზე ხტუნაობას მოჰყვა.
შემდეგ მის ახალ მეგობართან წავედით. ის ბიჭი მართლაც მდიდარი ოჯახის შვილი აღმოჩნდა.
დამხვდურთაგან ორიოდე ადამიანს თუ ვიცნობდი, დანარჩენებს პირველად ვხედავდი. ხუთი წუთიც არ იყო გასული ჩვენი მისვლიდან, რომ ერთი ბიჭი მომიახლოვდა, თავხედურად ჩამაშტერდა თვალებში და მედიდური ტონით მითხრა:
- რაღაც ძალიან კარგი ხარ... აქამდე რატომ არ გიცნობდი?
ირონიულად ავხედე, მაგრამ პასუხი არ გამიცია. არც სხვას დავკონტაქტებივარ არავის. ახლა მხოლოდ დალევა მინდოდა. ჩემთვის მივჯექი მაგიდის ერთ კუთხეში და არაყი დავისხი. რამდენიმე ჭიქა მარტომ დავლიე, ჩემთვის, ჩუმად. ცოტა ხანში ოთახი ატრიალდა. სამყაროც ატრიალდა ჩემ ირგვლივ. მერე ბუნდოვნად, აქა-იქ მახსოვს რაღაცები. ერთხანს ვცეკვავდი კიდეც. ბოლოს, როგორც ჩანს, გავითიშე...
* * *
როცა გამომეღვიძა, ოთახში მარტო ვიყავი. გარეთ ყაყანის ხმები ისმოდა. ისინი დროსტარებას აგრძელებდნენ. ავდექი და შეუმჩნევლად გამოვედი გარეთ.
შინ მისულს ცრემლები წამსკდა. სანამ მაღლა ავიდოდი, ბაღში შევედი, მერხზე ჩამოვჯექი და გულიანად ვიტირე... დიდხანს... დიდხანს.... სამაგიეროდ, მომეშვა. ისეთი შვება ვიგრძენი, რომ შევმსუბუქდი. გულზე ლოდად აღარ მაწვებოდა დარდი.
სწორედ ამ დროს ნაბიჯების ხმა შემოესმა. მოვიხედე. დედა იყო. მას თავშალი მოეხურა და ჩემკენ მოაბიჯებდა. ალბათ ჩემი ტირილის ხმა თუ გაიგონა.
- აქ რას უზიხარ? - დედა გვერდით დამიჯდა და თმაზე მაკოაცა.
- ისე, უბრალოდ. არ მეძინება ჯერ.
- ტიროდი, არა?
- ჰო, ცოტა წავიტირე.
- ხანდახან კარგია ტირილი, - ამოიოხრა, - სულს წმენდს.
- და გულს ამშვიდებს, - დავამატე.
- მართალი ხარ, გულსაც ამშვიდებს. გაწყენინა ვინმემ?
- არა, არავინ.
- მაშინ...
- რა მატირებდა? რატომ ტირიან ადამიანები? შენ რატომ ტირი ხოლმე? ამეტირა და... უცებ მოვიხედე უკან, გადავხედე ჩემს წარსულს და იმდენი რამე არ მომეწონა იქ, რომ თავი ვერ შევიკავე.
- წარსული წარსულს უნდა გაატანო, ნეკა, განსაკუთრებით ცუდი მოგონებები. გასაგებია?
- სათქმელად ადვილია, - მხრები ავიჩეჩე, - აი, შენ და მამა ერთმანეთს შორდებით. როგორ გგონია, შეძლებ, მამა წარსულს გაატანო? ვფიქრობ, არ გაგიადვილდება.
- ეგ სხვა ამბავია. ჩვენს ამბავს შენსას ნუ ადარებ. შენ ჯერ ბავშვი ხარ, ბევრი არაფერი გინახავს, ჩვენი კი ლამის მთელი ცხოვრება ერთად გავლიეთ.
- და მაშინ რაღატომ ანგრევთ ოჯახს? ან ჩვენზე რატომ არ ფიქრობთ?
- თქვენზე რომ ვფიქრობთ, იმიტომაც. ხომ არ შეიძლება გამუდმებით მშობლების ჩხუბს და აყალმაყალს უყუროთ? ხომ მოქმედებს ეს თქვენს ფსიქიკაზე?
- და რომ შორდებით, ეს არ იმოქმედებს? ამაზე გიფიქრიათ?
დედამ ამოიოხრა და თავშალის ბოლოთი ცრემლი მოიწმინდა. ახლა ის ტიროდა.
- მამაშენს სხვა უყვარს. მას არ უნდა ჩემთან ცხოვრების გაგრძელება.
- სხვა შენც გიყვარს. თანაც, დიდი ხანია, ასე ცალ-ცალკე სხვა გიყვართ, მაგრამ მაინც იყავით ერთად. ეგ არ არის საბაბი.
- მოდი, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ, გთხოვ. გაივლის დრო, გაიზრდები და მიხვდები, რომ ამ ეტაპზე ასე ჯობდა, - ცივად წარმოთქვა დედამ, ადგა და დამტოვა.
კიდევ დიდხანს ვიჯექი ბაღში.
კიდევ დიდხანს ვფიქრობდი დედაზე, მამაზე, სანდრიკაზე, ჩემს თავზე...
კიდევ დიდხანს ვტიროდი...
მერე ავედი ჩემს ოთახში და საწოლზე მივეგდე... მალე მკვდარივით დამეძინა...
* * *
ერთ თვეში გადავიდნენ მამა და სანდრიკა. მამამ ბინა იქირავა. ის დღეები რომ მახსენდება, ახლაც ცუდად ვხდები. ჩემი ძმის სახე არ დამავიწყდება, მისი თვალები. სავსე ცრემლით, ტკივილით, შიშით, დაბნეულობით. როგორ ჩაეხუტა, როცა მემშვიდობებოდა. ისე ჩამეკრა, თითქოს სამუდამოდ მიდიოდა ჩვენგან. მერე აღრიალდა. მთელი ხმით გაჰყვიროდა.
- ნეკააა! შენთან მინდაააა! მარტო არ მინდაააა!
ძლივს დავაწყნარეთ. დედას ახლოსაც არ გაეკარა, არც დაემშვიდობა. ვერ აპატია. მისი აზრით, დედამ თავიდან მოიშორა იგი, მიატოვა. მისთვის ძნელი გასაგები იყო, რატომ მოხდა ასე. ამას ხანდახან მეც ვერ ვხვდები. რა მოხდებოდა, ორივე დედასთან დავრჩენილიყავით? რატომ გადაწყვიტეს ასე? რა აუცილებელი იყო, სანდრო მამაჩემს წაეყვანა? ეს შეკითხვა არასდროს დამისვამს ჩემი მშობლებისთვის. უფრო მეტიც, რაც მამა სახლიდან წავიდა, რაღაცნაირად გავუცხოვდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელ სამყაროში მარტო დავრჩი.
თუმცა, მალევე გამიარა ამ ყველაფერმა. შევეჩვიე შეცვლილ ცხოვრებას. დედამ ყველაფერი იღონა, რომ მას კვლავ დავახლოვებოდი. უფრო გულახდილი გახდა. ყველაფერს მიყვებოდა თავის თავზე. ისეთ პირად რაღაცებს, არავისთვის რომ არასდროს მოუყოლია.
დედასთან საუბრის შემდეგ ბევრს ვფიქრობდი ზოგადად ქალზე. ყველა ქალის თავგადასავალი მცირე ნიუანსებით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ალბათ ასე ინება განგებამ. ნუთუ მეც ასეთი მომავალი მელის? ნეტავ რამდენი დამარცხენა ან გამარჯვება მელის? რამდენი ტკივილი და სიხარული?
კითხვა ბევრი მქონდა, პასუხი - არც ერთი.
* * *
ამას წინათ ლუკა შემხვდა ქუჩაში. ჩამოსულა. საოცრად მეჩვენა შეცვლილი. გასუქებულა, აღარ იყო ძველებურად აწოწილი და ძველებამოჩრილი. ძლივს ვიცანი. ჩემს დანახვაზე აილეწა. მე კი რეაქცია არ მქონია. უცნაური იყო. ადამიანი, რომელიც ერთ დროს მიყვარდა, ემოციას აღარ იწვევდა ჩემში.
- ვერ გიცანი, - გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
- მაგრად შევიცვალე, არა?
- ჰო. მოსუქებულხარ.
- აბა რა იქნება. იქ ისეთი კვება იყო, ისეთი მსუყე საჭმლები, ძალაუნებურად უნდა გეჭამა.
- სულ ჩამოხვედი?
- არა, ორ კვირაში უნდა გავბრუნდე. მომენატრა აქაურობა და ცოტა ხნით ჩამოვედი.
- დიდი ხანია?
- მეექვსე დღეა.
შევხედე. არაფერი მითქვამს, მაგრამ ერთი მზერით ვაგრძნობინე საყვედური. თითქმის კვირაა, ჩამოსულია და ერთხელაც არ გავახსენდი. ხომ შეეძლო, მოვეკითხე მაინც? მე ასე არ მოვიქცეოდი.
- ვაპირებდი შენს ნახვას, - მიხვდა, რაც გავიფიქრე.
- არ გინდა. თავს ნუ იმართლებ. ძველი სიმღერების გახსენება არაა საჭირო, - უკმეხად გავაწყვეტინე. სულაც არ მსიამოვნებდა, თავს რომ იმართლებდა. მაღიზიანებდა უკვე.
- იქ ძალიან დატვირთული ვარ, ვერაფრისთვის ვერ ვიცლი, ამიტომ არ გწერდი.
- თორემ ისე სულ ჩემზე ფიქრობდი, არა? - დამცინავად გავხედე.
- ჰო, - დაბნეულმა მიპასუხა.
- ისე შეგრცხვა შენ ცხვირი! - ნაზის უყვარდა ეს ფრაზა და მეც ზუსტად იმ ინტონაციით წარმოვთქვი, როგორც მან იცოდა და ხუთი თითით ქოქოლაც ზედ მივაყოლე,
- რა, არ გჯერა? - დაფრთხა ლუკა.
- იქ ახალი შეყვარებული არ გაგიჩენია? - ირონიას არ ვეშვებოდი, - ჩემზე ლამაზი, ჩემზე მხიარული და ჩემზე ბევრად მუსიკალური?
- დამცინი? - სხეული დაეჭიმა ლუკას.
- რა სისულელეა, ჩემი დასაცინი რა გჭირს. გეკითხები, რა არ შეიძლება, შეგეკითხო?
- არა, არავინ შემყვარებია. იქ სულ რუსები არიან და თურქები. ქართველებიც არიან, მაგრამ ისინი...
- ისინი საშენოები არ არიან. წესიერ გოგოს რა უნდა თურქეთში, არა? - უშნოდ გადავიხარხარე.
- მე შენზე ვფიქრობდი. მერე რა, რომ არ გწერდი? მართლა ვფიქრობდი. თან სულ, უბრალოდ, ასე მოხდა, ვერ მოვახერხე.
წარბები ავზიდე და მრავალმნიშვნელოვანი მზერა ვესროლე. მცირე პაუზის შემდეგ კი ვუთხარი:
- მშვიდობით, ლუკა. სულაც არ ხარ ვალდებული, ჩემზე იფიქრო, იმიტომ, რომ არც მე ვფიქრობ შენზე. რომ დაგინახე, მხოლოდ მაშინ გამახსენდი, თორემ აქამდე შენი არსებობაც არ მახსოვდა, - სარკასტული ღიმილი შევაფრქვიე ყოფილ შეყვარებულს, ხელი დავუქნიე და გავშორდი.
ამ შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ასე თუ ისე, უწყინარი სამაგიერო გადავუხადე ჩემი მიტოვებისთვის. ღირსი იყო. ვიცი, აუცილებლად ატკენდა გულს ჩემი სიტყვები და ისიც ვიცი, რომ აუცილებლად ინანებდა, ასე რომ მომექცა. ეს კარგია. ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი იქნება მისთვის. იმედია, სხვას ჩემსავით აღარ მოექცევა. ის ჭკვიანი ბიჭია და შეცდომებზე ისწავლის. ყველას როდი შეუძლია ეს. მას კი შეუძლია.
მორჩა! ის, რაც იყო, წარსულს ჩაჰბარდა. მართალი ყოფილა დედა. ჯობია, ყველაფერი წარსულს გაატანო, რაც შინაგან დისკომფორტს გიქმნის. ასეც მოვიქცევი. ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული, ჯერ კიდევ შეიძლება ბევრი რამის გამოსწორება. ახლა პირობას მივცემ ჩემს თავს, რომ დაუფიქრებელ ნაბიჯს არასდროს გადავდგამ, ყველაფერს თავიდან დავიწყებ, ნორმალურად ვიცხოვრებ და ფსკერისკენ არ დავეშვები. აუცილებლად ვიპოვი ჩემს თავს, ჩემს ადგილს ამ ცოდვილ დედამიწაზე და ვიქნები ბედნიერი...
* * *
აი, სულ ეს იყო, რისი მოყოლაც თქვენთვის მინდოდა. ახლა უკვე სრულწლოვანი ვარ და ჩემს წარსულს, თავისი შეცდომებით, ღიმილიანად ვიხსენებ. შეყვარებული არ მყავს. უკვე დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამ გრძნობას. ფრთხილად ვარჩევ ბიჭებსაც. ვისაც ვიცნობ, მათ შორის არც ერთი არ არის ის, ვისაც ჩემს მეორე ნახევარს ვუწოდებდი. რატომღაც, მგონია, ის სულ სხვანაირი უნდა იყოს, ოღონდ არ ვიცი, როგორი. ამას ალბათ, მოვა დრო და გული მიკარნახებს, გონება დამანახვებს. ერთ მშვენიერ დღესაც, მიმახედებს ერთი კარგი ბიჭისკენ და მეტყვის: "ნეკა, შეხედე! აი, ეს ის არის!" და მეც შემიყვარდება და მასაც შევუყვარდები...
სხვა დანარჩენს რაც შეეხება, მე და დედა კვლავ ერთად ვცხოვრობთ. არცთუ ურიგოდ ვგრძნობთ თავს. მე უკვე სტუდენტი ვარ, პირველკურსელი. სანდრიკაც გაიზარდა, წვერიც კი წამოუვიდა. ცოტა მოენგრა სახე, გარდატეხის ასაკი დაეწყო და ხმაც დაუბოხდა, მაგრამ მაინც სიმპათიური ბიჭია. ის და მამა ხშირად მოდიან ჩვენთან. მამამ ბინა იყიდა, ახლა აღარ ცხოვრობენ ნაქირავებში. მეორე ცოლი არ შეურთავს, ჰყავს ისევ ძველი საყვარელი.
სტუდენტი რომ გავხდი, მამამ პატარა ვახშამი მომიწყო თავის ახალ სახლში. კვლავ ყველანი ერთად ვიყავით - მე, დედა, სანდრიკა, მამა და ეს დიდი ბედნიერება იყო. სანდრო ძიაც მოვიდა, მამაჩემის საყვარელიც. კარგად ვიმხიარულეთ...
ერთ საღამოს ჩემს უჯრას ვალაგებდი და პატარა ყუთს ავხადე თავი, შიგ თორნიკეს ნაჩუქარი კენჭები და ლუკას წერილები იდო... რა დრო გასულა!
ზოგჯერ ლუკას გიტარის ხმა ჩამესმის და ის მელოდია, მე რომ მომიძღვნა...
ეს ერთადერთია, რისი დავიწყებაც არ შემიძლია...
დღეს 18 წლის ვხდები!
დასასრული