ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი Iნაწილი IIნაწილი IIIIVნაწილიV ნაწილიასეთი სუსხიანი ზამთარი არ მახსოვს. ყინვა მინუს ოცსაც კი ურტყამდა. კიდევ კარგი, რომ მოთოვა და ყინვა ცოტათი მაინც მოტეხა. ჭირის დღესავით მეზარებოდა დილით საბნიდან გამოძრომა და სამსახურში წასვლა, მაგრამ მოდის კვირეულისთვის ვემზადებოდით და უფლება არ მქონდა, ჩემს მკერავებს გვერდით არ ვყოლოდი. ყველაზე კომფორტულად ენი გრძნობდა თავს, მთელი დღე შინ იყო, არ სწავლობდა, არ მუშაობდა და არც გარეთ გადიოდა. ასე რომ, ვერაგულ ზამთარს სულაც ვერ გრძნობდა. კიდევ კარგი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მიწევდა სიარული და მანქანით დავდიოდი, თორემ ალბათ გავითოშებოდი. არ მიყვარს ზამთარი. უფრო სწორად, ცოტა ხანს მიყვარს. ჩვენთან კი იმდენ თვეს გრძელდება, ბრრრ... ნამდვილი სასჯელია. ტონა ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა, მერე კოლჰოტიო, ქუდიო, შარფიო, ხელთათმანიო, ჩექმაო, ესაო, ისაო... დამღლელია, სხვა თუ არაფერი.
სამაგიეროდ, საღამო ხანი მიყვარს. დავჯდები ხოლმე ჩემს ეკლექტიკურ კუთხეში, ბუხართან ახლოს, დავანთებ ცეცხლს, შემოვიკეცავ სავარძელში ფეხებს და ან ვკითხულობ, ან ესკიზებს ვხატავ, ან ინტერნეტში დავძრომიალებ და მოდის სიახლეებს ვეცნობი. თუ ამ ყველაფრის ხასიათზე არ ვარ, მოგონებებს ერთად მოვუყრი ხოლმე თავს და წარსულში ხეტიალს ვიწყებ.
ახლაც სწორედ "მოგონებების საათი" მაქვს. ენი ლოჯიაში წამოწოლილა და კითხულობს. ამ ბოლო დროს სულ წიგნებშია ჩაფლული, თავს მაღლა არ სწევს. გაბი სკოლაშია, დეკემბერი კი არის, მაგრამ არდადეგები ჯერ არ დასწყებია. ელისი და ემილი თავიანთ ფირმაში არიან, მარკოც სამსახურშია. სოფი - ბაღში. მე დაახლოებით ერთი საათის წინ მოვედი ატელიედან, სახელდახელო ვახშამი გავუმზადე ყველას, მერე კარტოფილი გავთალე და წყლიან ჯამში ჩავყარე, რომ მათი მოსვლის დროისთვის შევწვა და აი, ახლა ვნირვანობ. თვალები დახუჭული მაქვს და წლებს უკან-უკან თითქოს ასკინკილით ვახტები. მახსენდება, როგორ არ მიშვებდნენ ჩემები პიონერთა ბანაკში, იქ მკაცრი რეჟიმია და ბავშვი ცოდოა, აჯობებს, სანატორიუმში გავუშვათ, თავისუფლად იქნება და დაისვენებსო. ბებია მიიჩნევდა, რომ სკოლისა და ბანაკის რეჟიმი ერთი და იგივე იყო და აბა, როგორღა უნდა დაესვენა ბავშვის გონებას? ამ პრინციპით საბავშვო ბაღშიც არ მივლია თავის დროზე. ბაღში კარგს რას ისწავლის, აჯობებს, ჩვენ თვითონ ვასწავლოთ ლექსები და სიმღერები, დისციპლინასაც მივაჩვიოთ და ზრდილობასაცო. ამიტომაც, ის "მკაცრი სიამოვნებანი", რაც უბაღობითა და უბანაკობით დამაკლდა, სახლში ამანაზღაურებინეს. სკოლაში რომ შევედი, წერაც ვიცოდი, კითხვაც, უამრავი ლექსიც, სიმღერაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, პიანინოზე დაკვრაც. ჩემს ბავშვობაში მოდაში იყო სიმღერა "წეროები მიფრინავენ შორს". აბა, როგორ შეიძლებოდა, ამის დაკვრა არ გცოდნოდა? სირცხვილიც კი იყო. ახლა თამაშები იკითხეთ? "ვისი სული გსურს", "ცარცობანა", "ჩაძირობანა"... ახლა ვიღა ერთობა ამგვარი თამაშებით, ალბათ არც იციან, თითოეული მათგანი რას ნიშნავს. არცაა საჭირო. ოცდამეერთე საუკუნეს თავისი კრიტერიუმები აქვს და სრულიად განსხვავებული გონების ბავშვებს საჭიროებს და არა ისეთებს, როგორებიც ჩვენ ვიყავით. სექსზე ხომ აბსოლუტურად არ გვქონდა წარმოდგენა. ეროტიკულ სცენებს შემთხვევით თუ წავაწყდებოდით ფილმებში ან წიგნებში. მახსოვს, "ჩოჩარა" რომ წავიკითხე პირველად, ბაბუაჩემის ბიბლიოთეკიდან მოვიპარე წიგნი, რადგან მის წაკითხვას მიშლიდნენ, ჯერ 13 წლის ხარ და შენთვის ადრეაო. მე კიდევ ოთახში შევიტანდი, ფარანს ავანთებდი, თავზე საბანს წავიხურავდი და ისე ვკითხულობდი.
დღეს კი 13 წლის გოგო-ბიჭებმა ბევრად მეტი იციან ეროტიკასა თუ პორნოგრაფიაზე, ვიდრე თუნდაც მე ახლა ვიცი. დრო ისე გარბის, როგორც ადიდებული მდინარე და თუ ფეხი არ აუწყვე, ოი, როგორ ჩამორჩები!.. განსაკუთრებით, თუ შვილი გყავს. მისი აღზრდის პერიოდში ერთი ნიუანსიც თუ გამოგეპარა, მორჩა, ისე გაგისხლტება ხელიდან, აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ.
კიდევ კარგი, ყოველთვის განსხვავებულად ვაზროვნებდი. მუდამ წინ ვუსწრებდი დროს, მეტი და მეტი დოზით მსურდა თავისუფლება. რა თქმა უნდა, ძალზე ბევრ რამეში ვყავდი შეზღუდული მამაჩემს, მაშინ ასე იყო მიღებული და მორჩა. ადრეულ ასაკში ჩემი პრობლემა სიგამხდრე იყო, ფენა-ფენა ვიცვამდი ქვედაბოლოებს, ხანდახან შიგნით სპორტულ შარვალსაც ამოვიცვამდი, რომ მთლად ჩხირივით არ გამოვჩენილიყავი. მერე და მერე ჩაცმის თავისუფალი სტილი ჩამომიყალიბდა, რასაც ჩემები სასტიკად მიშლიდნენ. ქალი ქალს უნდა ჰგავდესო. ასეთი რამეები მაშინვე საზოგადოების განსჯის საგანი ხდებოდა. ხშირად პროტესტის გამოც კი ჩამიცვამს სრულიად შეუსაბამოდ. თუმცა, ბევრი რამ ახლაც მიუღებელია ადამიანებისთვის.
მე დღესაც ბევრი რამის მიმართ მიჩნდება პროტესტი, განსაკუთრებით, თუ ვინმეზე ჭორაობენ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მისი განსჯის უფლება კი არავის. როცა ვინმეს მიმართ რაღაცის გამო აგრესიას გამოხატავენ, მე ყოველთვის ვიცავ: რა მოხდა მერე? ვიტყვი და მორჩა, მოსაუბრეს ჩემთან ჭორაობის გაგრძელების სურვილი ეკარგება. ამას წინათ ერთმა მეგობარმა შემომჩივლა, ჩემს ბიჭს განათხოვარი, ბავშვიანი ქალი უყვარს და ცოლად შერთვა სურს, ვერაფერი შევასმინეო. თავს იკლავდა ქალი. მერე რა მოხდა-მეთქი და ისე შემომხედა, თითქოს მრუშობაში გამოვუტყდი. არადა, ვიცი, რომ მართალი ვარ. აი, ჩემი ელისი ან ემილი, ორივე განათხოვარია, ორივე ბავშვიანი. უცოლო ბიჭს რომ შეუყვარდეს რომელიმე მათგანი, რა, მიუღებელია? არ შეიძლება? ვითომ რატომ?
იმ ჩემმა მეგობარმა მაკომ ჩემი აზრი რომ მოისმინა, უცებ კითხვა შემომიტრიალა, შენმა მარკომ რომ ბავშვიანი ქალი მოყვანოს, გაგიხარდებოდაო? გახარებით ალბათ არ გამიხარდება, მაგრამ თუ ერთმანეთი ეყვარებათ, ხელს ნამდვილად არ შევუშლი. ეს მისი ცხოვრებაა და არჩევანიც მან უნდა გააკეთოს-მეთქი. ეჰ, ამას ახლა ამბობ, როცა ამ პრობლემის წინაშე არ დგახარ, თორემ შენ რომ გეხებოდეს, სულ სხვა ხასიათზე დადგებოდიო, ხელის ჩაქნევით მითხრა მაკომ და არც დამემშვიდობა, ისე მიმატოვა შუა ქუჩაში...
ამგვარ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ კარტოფილის შიშხინის ხმა შემომესმა. თავი რეალობაში დავაბრუნე და უცებ გამახსენდა, რომ ჯამში ჩაყრილი კარტოფილის შეწვა დამვიწყებოდა და წამოვხტი. სამზარეულოში ენი უკვე შესდგომოდა საქმეს.
- მე შევწვავ, კერი, წადი შენ, დაისვენე, - თავისი ღუღუნა ხმით მითხრა.
- სულ გადამავიწყდა, იცი? სკლეროზ!
- არა უშავს, ჯერ მაინც არ მოსულან და...
- საცაა, მოვლ... - წინადადების დამთავრება ვერ მოვასწარი, რომ ელისის "ვაიმე, როგორ გავიყინემ" სამზარეულოში შემოაღწია.
სამივენი შემოლაგდნენ - ელისი, ემილი და სოფი.
- ჩემი დახატული გოგოოო! - დავიხარე, ხელები მუხლებს დავაბჯინე და სოფის თვალებით მივეალერსე. ისიც გამოიქცა და ყელზე ჩამომეკიდა.
- პატარა ციყვი... რა ხდება, სოფი, ბაღში? - ქურთუკი გავხადე, ქუდი მოვხადე და კულულები ავუჩეჩე. ლოყები წითლად უღვიოდა ყინვისგან.
- ჟეიმი გვაქ ახალ წელს, - მომიჩლიფინა, - მე უნა ვიმღელო.
- ვაა, რა მაგარია!
- დაგაგვიანდათ... - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ენიმ და კარტოფილს მოურია.
- აუ, შეგვჭამა გზაში, გუნდაობა მინდაო და მოვედით თუ არა, სკვერში გადავიყვანეთ.
- ყველიანი მაკარონი გაგიმზადეთ, კარტოფილიც მალე იქნება, - ჩავაყენე გოგონები საქმის კურსში. - ახალი და კარგი რა არის?
- ისეთი არაფერი, - ჩუმი ხმით თქვა ემილიმ, - გრძელდება ზამთარი.
- ზამთარი ჩვენი მღელვარებისა, - ირონიულად დაამატა ენიმ და ელისს გახედა.
- შენ სულ ნუ მავნებლობ, რა! - ელისმა ენის შეუღრინა.
- რაო? რაღაც ხდება და მე არ ვიცი? - წარბები ავწკიპე.
- აუუუ, მაგარი ტიპი გავიცანი, კარლა, - ელისი ჩამეხუტა და იმ ვიწრო სამზარეულოში ჩემთან ერთად დაბზრიალდა.
- დღეეს? - ინტერესით შევაჩერდი.
- არა, კაცო, ერთი კვირა იქნება ალბათ, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყოოო, - ტაში შემოჰკრა და ხტუნვა-ხტუნვით ისევ დაბზრიალდა, ოღონდ ამჯერად უჩემოდ.
- და მე ახლა ვიგებ ამას? - ვითომ გაბრაზებულმა ტუჩები მოვკუმე.
- აბა, გულახდილობის დღე ხვალაა და მანამ რომ მომეყოლა, შაბათს რაღა მეთქვა? - ელისი ღიმილს ვეღარ ერეოდა, ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.
ამ დროს კარზე მძლავრად დააბრახუნეს, აშკარად ვიღაცამ წიხლები მოიშველია.
- ეს ვინაა, ზარს რომ ვერ სწვდება? - გავიოცე.
- მე გავაღებ! - იყვირა ელისმა, პალტო სკამზე მიაგდო და ჰოლში გავარდა.
კარის გაღების ხმა და ელისის შეკივლება ერთად გავიგონეთ და ყველანი გავცვივდით. სადარბაზოში ვიღაც იდგა, თავზე სავარძელი შემოედო და სახე არ უჩანდა. ყავისფერი შუზით მაშინვე მივხვდი, რომ მარკო იყო.
- რა გაღრიალებს, გოგო, მე ვარ, - დახშულად მოისმა მისი ხმა.
მარკო ძლივს შემოეტია ჰოლში და მაშინვე ბუხრის ოთახისკენ აიღო გეზი. ყველანი უკან მივყევით. აი, მარკომაც მოიწყო თავისთვის კომფორტი - სავარძელი უყიდია.
- ნახე? - ჩემმა ბიჭმა ელისს გახედა, - აბა, კიდევ მითხარი, მოაჩოჩე ეგ დივანიო.
სავარძელი ერთობ განსხვავებული იყო, არც ფერით ჰგავდა ჩვენსას და არც დიზაინით. მაღალი საზურგე ჰქონდა და ზედმეტად ფაფუკი ბალიში. უფრო სწორად, ორმაგად რბილი იყო, ცალკე ბალიში მოჰყვებოდა.
- აუ, რა მაგარია, მარკო! - ელისმა ტაში შემოჰკრა და ეგრევე სავარძელში ჩახტა, - ვაიმეე, რა რბილი რამეააა!
- ჰოდა, ეგრე! ახლა არ მითხრა გამიცვალე და რამე. პონტია, არ გაგიცვლი!
- ნუ გამიცვლი, რა. შენ რომ არ იქნები, მაშინ ჩავჯდები.
- დედა, რა მიეცი? - მე მაშინვე კომერციულმა მხარემ დამაინტერესა.
- ეგ მე ვიცი, - თავმომწონედ აიქნია საჩვენებელი თითი.
- მალკო, მე ხომ დამშვამ? - სოფი მუხლებზე შემოეხვია.
- ადე, გოგო, ჩასვი ბავშვი! - მარკომ ელისი ძალით წამოაყენა, ბალიში კარგად ააფუა და სოფი ზედ დასვა.
- პატარა პრინცესა! - მოწონების ნიშნად მარკომ ხელები გაშალა და სოფი თავის გადაქნევ-გადმოქნევით შეათვალიერა, - მაგრა გიხდება, სოოფ!
- ჩემია, ხო? - სოფიმ სავარძელში ხტუნვა დაიწყო.
- მე და შენ ერთად დავსხდეთ ხოლმე, როცა მოვალ, კარგი? - მარკომ ბავშვი ხელში აიყვანა და ჩაკოცნა, - ჩემი პატარა ქალი!
- კარლა, გაბი სადაა? - უეცრად გაახსენდა ელისს.
მეც მხოლოდ ახლა მოვისაკლისე ბიჭი. ღმერთო ჩემო, აქამდე რატომ არ გამახსენდა?
- ვაიმე, კი არ ვიცი... რატომ დააგვიანდა ასე? - მაშინვე მობილური მოვიძიე და გაბის ნომერი მოვძებნე.
პირველსავე ზარზე მიპასუხა:
- უკვე მოვედი, სადარბაზოსთან ვარ.
ახლა კვლავ ჰოლისკენ გავცვივდით ქალები. იმწუთას გაბიმაც შემოაღო კარი.
- სად იყავი, დე? რატომ დააგვიანე? - ელისი ჩაცუცქდა და ბიჭი გულში ჩიკრა.
- ბიჭებმა ვიგუნდავეთ და დამაგვიანდა, - აქოშინებული ბავშვი სულს ძლივს ითქვამდა.
- მერე ვერ დარეკე? - ამჯერად ისე უყვირა დედამისმა, რომ შევხტი.
- ელის, რატომ უყვირი? რა მოხდა მერე, იგუნდავა, ქვეყანა ხომ არ დაუქცევია? - გაბის გამოვესარჩლე.
- აბა, ახლა ჩხუბი და რამე არ იყოს, მე და გაბის გვშია. - დაიბუბუნა მარკომ და ბიჭი ხელში აიტაცა, - რა უნდათ ამ გოიმებს შენგან, ძმაო, ა?
- მე რა ვიცი, აბა! - სიხარულისგან თვალებგაცისკროვნებულმა გაბიმ მარკოს ორივე ხელი მოხვია და ჩაეხუტა.
ახლა უკვე ყველანი ვიყავით. გემრიელად ვივახშმეთ და ჰაი-ოთახში გადავინაცვლეთ. მარკო თავისი ახალი სავარძლით სოფისთან ერთად შუაში ჩავისვით და საღამოს მეორე ნაწილიც დაიწყო.
- შენ აარჩიე ეგ სავარძელი თუ?.. - დაინტერესდა ელისი.
- თუ. - ლაკონიურად მოუჭრა მარკომ.
- კაი ნუ, თქვი რა, - არ მოისვენა ელისმა.
- აბა, ვინ ამარჩევინებდა შენი აზრით?
- მე რა ვიცი, ქალების მეტი რა გყავს.
- ქალის გემოვნების სავარძელი არ მინდოდა. ჩემი გემოვნების მინდოდა და ავარჩიე კიდევაც.
- მაგარია.
- მართლა, რა ღირდა? ძვირი იქნებოდა ალბათ, არა?
- რა შენი საქმეა. ჩემი ფული მივეცი, შენი კი არა, - მარკო სოფის კულულებს თითზე იხვევდა და ელისს ისე ელაზღანდარებოდა.
- მითხარი, რა.
- შენ არა, აი, ემილი თუ მკითხავს, იმას ვეტყვი, - ჩემმა ბიჭმა ემილის ეშმაკურად გახედა.
ემილიმ ღიმილის თერაპია მოიშველია და უსიტყვოდ, მხოლოდ მზერით იკითხა, რამდენი გადაიხადეო.
- 690 ლარი, - თქვა მარკომ და ყველამ ერთხმად, ხმაურნარევი ემოციით გამოვხატეთ გაოცება.
- გაგიჟდი, შვილო? ამდენი ფული გადაყარე ამ საშინელებაში? - უკმაყოფილება ვერ დავმალე, - უფრო იაფიანში ვერ ჩაჯდებოდი თუ ბევრი ფული გქონდა?
- ბევრი ფული მქონდა, - მეორე ვარიანტი აირჩია მარკომ.
- ჰოდა, მომადგები ხვალ მე, გზის ფული მომეციო, - გავაგრძელე ბუზღუნი.
- რა ბოროტებაა ბევრი ფული, ხედავ? - გაიცინა ელისმა.
- ფული ბოროტება სულაც არაა, - შენიშნა ენიმ, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა.
- მართალი ხარ, ენი, ბოროტება ისა, რომ მალე თავდება, არა? - დაუდასტურა მარკომ და მოწონების ნიშნად ცერი შემართა.
- ოხ, დაიწყო კომერციული ფილოსოფოსობა, - უკბინა ელისმა, - ენიმ ოღონდ შენი მხარე დაიჭიროს და რა გინდა, რომ არ თქვას.
- შენ კი არ გგავს, - დაეჯღანა მარკო.
- ელისო, ენა დაიმოკლე, თორემ მე დაგიმოკლებ! - ენიმ თვალები დააბრიალა და გაგულისებული ოთახიდან გავიდა.
- რატომ ხარ ასეთი წუპაკი? რას ერჩი ამ გოგოს, ძლივს ხასიათზე მოდის.
- არაფერსაც არ ვერჩი, კარლა, რა ვთქვი ასეთი? - ელისსაც წაუხდა გუნება.
- ოოჰ, რა გჭირთ, ვერ გავიგე, ჩემი მოსვლა გეწყინათ თუ ჩემი სავარძლის? - მარკომ კვლავ ხუმრობით სცადა სიტუაციის განეიტრალება.
ყველას გაგვეცინა. მოულოდნელად მარკომ თავში შემოირტყა ხელი:
- აუ, ბიჯო, სულ დამავიწყდა. ემილი, იცი დღეს ვინ იყო ჩემთან?
- ვინ? - ემილი წინ გადმოიხარა, თითები ერთმანეთში ჩახლართა და ნიკაპი ზედ ჩამოდო.
- შენი დედამთილი.
როგორ გაწითლდა გოგო! სახე უცაბედად გაუქვავდა და სიტყვა ვერ დაძრა, ისიც ვერ იკითხა, რა უნდოდაო. სამაგიეროდ, მე ვიკითხე:
- რა უნდოდა?
- სესხი მინდაო.
- უი! რატომ, რა გაუჭირდათ ასეთი?
- თამაზს ცოლი მოჰყავსო. - ისე უდარდელად წამოისროლა ჩემმა შვილმა, გავცოფდი, როგორ არ უფიქრდება, რას ამბობს-მეთქი.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ემილის სანთლისფერი დასდებოდა, მაგრამ სახის გამომეტყველება არ შესცვლია, ისევ ისე, ქანდაკებასავით გაშეშებული იჯდა.
- რატომ გაჩუმდი, ემი? - ჩურჩულით შეეკითხა მარკო, მის თვალებში პატარა ჭინკები ცეკვავდნენ.
- მე საერთოდ ჩუმი ვარ, ელისივით ხმაურით ვერ გაგაკვირვებ, - მშრალად წარმოთქვა.
- შენ მგონი, ისევ გიყვარს ის კაცი, ა? მითხარი, ემი, არ დამიმალო და მერე მე ვიცი, ყურებით მოგითრევ აქ, - დაიქადნა მარკომ.
- დაივიწყე, - ჩუმად წარმოთქვა ემილიმ, - რაღა დროს სიყვარულია, მორჩა უკვე.
- როცა შენგან ვიღაც მიდის, უნდა გაუშვა. - დავიწყე ხმადაბლა, - ბედისწერა ზედმეტ ადამიანებს გამორიცხავს შენ ირგვლივ. შეიძლება ის ცუდი სულაც არ იყოს, მაგრამ აშკარაა, რომ მან თავისი როლი უკვე ითამაშა შენს ცხოვრებაში. გავა დრო და ახალი შემსრულებელი გამოჩნდება, რომელიც ძველებურად აგაღელვებს, აგაფორიაქებს და სათანადო ადგილს დაიკავებს შენს გულში.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, - სევდამ ერთიანად მოიცვა ემილის სახე.
- კაი, რა იყო, - მარკომ ხელები გაშალა, - რა ჰერბარიუმის ყვავილს დაემსგავსე. ვიხუმრე, მართლა ცოლი კი არ მოჰყავს, რემონტი უნდა გავაკეთოთო, შენმა დედამთილმა. "შუტკა". "შუტკაა", - იყვირა მარკომ და გაიცინა.
ელისმა იქვე, საჟურნალე მაგიდაზე ლარნაკში ჩადებულ ქრიზანთემებს ხელი წამოავლო და მარკოს ესროლა:
- რა ბოროტი ხარ, შე საზიზღარო! შეიძლება ასე ხუმრობა?
ემილის თითქოს გულზე მოეშვაო, ღრმად ამოიოხრა და ოდნავ ჩაიღიმა.
- დედა, რატომ იცი ხოლმე ასე? ისე სერიოზულად დააბრეხვებ ამ შენს ტყუილებს, ყველანი ვიჯერებთ.
- მერე მაგაშია მთელი კაიფი - ტყუილი ისე უნდა თქვა, რომ ყველა დააჯერო. აბა, თუ მიმიხვდით, რაღა გამოვიდა? - ისევ გაიცინა მარკომ, ფეხი ფეხზე გადაიდო და სოფი მუხლზე შემოისვა, - გავჭენდეთ, სოფი?
სოფიმ კმაყოფილმა დაუქნია თავი და "გაჭენდნენ". ბავშვი ისე იცინოდა, რომ ჩვენც გადმოგვედო და დაძაბულობაც განელდა.
საღამო კი იმით დასრულდა, რომ მარკომ ენის ყავა მოადუღებინა და ყელი რომ ჩაიგემრიელა, მხოლოდ ამის შემდეგ დაგვემშვიდობა.
ჩვენ კი შაბათისთვის მოვემზადეთ, წინ გულახდილობის საღამო გველოდა...
დეკემბრის ბოლო კვირას ისე აცივდა, ძვალსა და რბილში ატანდა. ახალი წელი ახლოვდებოდა და თადარიგი უნდა დამეჭირა. ახლა თუ არ შევიძენდი ზოგიერთ პროდუქტს, მერე აუცილებლად გაძვირდებოდა. შაბათს, ინათა თუ არა, ბაზარში გავვარდი და სანამ ჩემები გაიღვიძებდნენ, უკვე შინ ვიყავი. მერე ელისი და ემილი სამსახურში გავისტუმრე, ბავშვები და ენი ვასაუზმე და ატელიეში გავედი, რომ თანამშრომლებისთვის მეთქვა, შემდეგ კვირას დაისვენეთ, აღარ მოხვიდეთ-მეთქი. მხოლოდ ქეთი დავტოვე, გამყიდველი, ისიც სამშაბათამდე. ვინიცობაა, ვინმეს საახალწლოდ ახალი სამოსის შეძენა მოესურვებინა, თან შევპირდი, დამატებით პრემიას გამოგიწერ-მეთქი.
შუადღისას უკვე სამზარეულოში ვტრიალებდი. ჩემს მოსვლამდე გაბი გამძვრალიყო, დაუბარებია, კლასელებთან ერთად საციგაოდ მივდივარო. ბოლო დროს არ მომწონდა ამ ბავშვის საქციელი, - ხან იგვიანებდა, ხან ჩემი ნებართვის გარეშე სადღაც წავიდოდა, უკან კი გვიან ბრუნდებოდა. ჯერ პატარა იყო საიმისოდ, რომ მეფიქრა, ცუდ წრეში ხომ არ მოხვდა-მეთქი, მაგრამ მაინც მაფიქრებდა მისი ასე უცნაურად გაუჩინარება.
ის იყო, სადილის მომზადებას მოვრჩი, სოფი დავაძინე და ენისთან ერთად ლოჯიაში მოვკალათდი, რომ გაბიც მოვიდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სახეაწითლებულმა ხელში ატატებული ლეკვი მოიყოლა თან.
- ეს რა არის, გაბი? - ლამის ვიკივლე.
- ლეკვია. ნახე, რა ლამაზი და საყვარელია, კარლა. - და ფაფუკ ბეწვზე ხელი გადაუსვა.
ლეკვი მართლაც საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ ძაღლი მინდოდა ახლა სახლში?
- ვისია, საიდან მოიყვანე? - ვიფიქრე, ალბათ რომელიღაც ამხანაგისაა და დროებით მოიყვანა-მეთქი.
- ჩემია. ვიპოვე.
- იპოვე? შენ ხომ არ გაგიჟდი, შვილო! არ იცი, რომ ძაღლს სახლში არ შემოგაყვანინებ? ახლავე წაიყვანე და დასვი, სადაც იპოვე, თუ მართლა იპოვე! ვინ იცის, როგორ ეძებს პატრონი. ასეთ ჯიშიან ლეკვს გარეთ არავინ გააგდებდა.
- აუ, არა რააა! კარლა, გთხოვ, გვყავდეს ცოტა ხნით. არავისი არაა, ჩემია, რა, ჩემი კლასელის მამამ მაჩუქა, - ლამის ყელი "გამოიღადრა" ცერა და საჩვენებელი თითით.
ამასობაში ლეკვმა ყეფა ატეხა. ისეთი მჭახე ხმა ჰქონდა, გული შემიღონდა.
- მოაშორე-მეთქი აქედან, სანამ ჩემი ხელით მომისვრია ფანჯრიდან! - ცხოვრებაში პირველად ვუყვირე ბავშვს და კარისკენ მივუთითე.
ამ ხმაურზე სოფის გაეღვიძა და ფეხშიშველი შემოტანტალდა ლოჯიაში.
- იყოს, კეროლაინ, რას გიშლის? რიგრიგობით როგორმე მოვუვლით, - ამჯერად ენიმ გამოიდო თავი.
- რას ამბობ, გოგო, იცი, ძაღლს რამდენი რამ უნდა? საჭმელი, აცრა, ჭიის წამალი, გასეირნება... ვიცი მე, ყველაფერი ჩემს კისერზე გადავა მერე.
- მე გავასეირნებ. - შესძახა გაბიმ.
- მეც! - აჰყვა სოფი, რომელსაც უკვე ჩაებღუჯა ლეკვის ყურები.
- კი, როგორ არა, დილის ექვს საათზე ადგები, არა? - გაბრაზებულმა გაბის შევუტიე.
- ავდგები, დედას გეფიცები!
- მეც, - ისევ აჰყვა სოფი.
ამაზე თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. შინაური ცხოველები ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ სხვასთან მხოლოდ და არა ჩემს სახლში, მაგრამ ბავშვები ისეთი მომლოდინე თვალებით მომჩერებოდნენ, ცოტა არ იყოს, შევყოყმანდი.
- და სად უნდა დაიძინოს, ხომ ვერ მეტყვით?
- გარეთ, აივანზე! - გაბის იმედი მოეცა და ახტუნავდა.
- გაიყინება ამ სიცივეში, შე ბოთე. სახლი უნდა მაშინ თავისი. სად ვიშოვო ახლა მე ძაღლის სახლი?
- მარკო გამიკეთებს!
- ჰო, მარკო, კი, - დაუდასტურა სოფიმ და გაბისთვის ლეკვის ჩამორთმევა დააპირა, მაგრამ ბოლო მომენტში შეეშინდა და გადაიფიქრა.
ენიმ იმწუთასვე ტელეფონი მოიმარჯვა და მარკოსთან დარეკა. ცოტა ხანს ესაუბრა, მერე კი მობილური მე გამომიწოდა.
- დე, მართლა შარპეია?
- ხო! - ჯავრის ამოსაყრელად ჩემს შვილს დავუღრინე.
- მერე, რა პანიკაში ხარ? მაგარია. ვნახავ რამეს, ბოლოს და ბოლოს, დავამზადებინებ ელიავაზე, შენ მაგაზე არ იდარდო.
- ჰო, თქვენ რა გენაღვლებათ! ძაღლი აკლია ამ ოჯახს, მეტი არაფერი! - კი ვბუზღუნებდი, მაგრამ აშკარად აღარ ვიყავი წინააღმდეგი, ისეთი ლეკვი იყო.
- მიდი, მიდი, ლალისთან გადადი, ზოოში და უყიდეთ პედიგრი. თუ ძალიან გაგაწვალებთ, მერე ჩემთან ავიყვან და ეგ იქნება. მორჩა, აღარ მცალია, სესხი მაქვს დასაწერი. - მარკომ ამ სიტყვებით ტელეფონი გამითიშა.
ბავშვები ცნობისმოყვარეობით მომჩერებოდნენ, რას ვიტყოდი. ცოტა ხანს შუბლშეკრული ვიდექი, მერე კი გავიღიმე და უნდა მოგესმინათ, რა ყიჟინა დასცეს. ენიც კი აჰყვა პატარებს და გახარებულები სასტუმრო ოთახში გავარდნენ.
ასე შემოგვემატა ახალი ოჯახის წევრი - ქალბატონი ჯესი. მე კი უკვე იმაზე ფიქრით ვიკლავდი თავს, როცა ატყდებოდა, რა ჯანდაბა მომეხერხებინა მისთვის...
გაგრძელება