ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი Iნაწილი IIნაწილი IIIIV ნაწილიV ნაწილიVI ნაწილი
ლეკვმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საღამოს, როცა ყველანი შევიკრიბეთ, პატარა ჯესი ხელიდან ხელში გადადიოდა. მარკო მოვიდა და ისეთი ლამაზი სახლი მოუტანა, მეც კი სიამოვნებით ვიცხოვრებდი შიგ. შიდა კედლები დათბილული იყო, ბალიშიც კი უყიდია მარკოს, ამაზე დაწვება და არ შესცივდებაო, მაგრამ ჯერ მთლად პატარა იყო, ალბათ დაახლოებით ექვსი-შვიდი თვის, ამიტომ გარეთ ვერ გავაგდებდით. ბავშვებმა მაშინვე მიუჩინეს ადგილი სააბაზანოში, სადაც ჯამებით საჭმელი და წყალი დაუდგეს, თან ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ, ახლა ჩემი ჯერია, მე უნდა დავიჭიროო.
არც ემილის გამოუთქვამს პროტესტი და არც ელისს, ჯესი ორივეს მოეწონა.
რომ შეღამდა და დრო მოვიდა, ბუხარს შემოვსხდომოდით, ენი და გაბი სადღაც გაქრნენ. არადა, გულახდილობის საათი დგებოდა, ბავშვები უნდა დაგვეძინებინა და გვესაუბრა.
მარკო თავისთან ავიდა, ამიტომ ვიფიქრე, ალბათ ორივენი მას გაჰყვნენ-მეთქი, მაგრამ როცა მარკო ჩამოვიდა, არ ვიცი, ჩემთან არ ყოფილანო, თავი გააქნია. ამ დროს გაბუსხული ტუჩებით სოფი მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა:
- ჯეში გააშეილნეს და მე ალ წამიკანეს.
გაოცებისგან დავმუნჯდი. ენის, რომელიც ამდენი წელია, ეზოში არ გასულა, ლეკვის გაყვანა მოუსურვებია. გავიფიქრე, თუ ასე წაადგება ეს ლეკვი ჩვენს ოჯახს, ხმას როგორ ამოვიღებ, სულ რომ ააოხროს აქაურობა-მეთქი.
დაველოდეთ მათ დაბრუნებას, თან განცვიფრებულები ენის ცვლილების ამბავს ერთმანეთს ვუზიარებდით.
- რაც დრო გადის, უფრო და უფრო უბრუნდება ცხოვრებას, - თქვა ელისმა.
- თან რამდენს კითხულობს, არა? - დაამატა ემილიმ.
- აბა რაა! - ფეხებგაჩაჩხულმა მარკომ ხელებიც გაშალა, - ჩემი სკოლაა, ტყუილად კი არ ვშრომობ, - კმაყოფილი ღიმილით წამოიძახა.
სიყვარულით გავხედე ჩემს შვილს. მართლაც ყველაფერს აკეთებდა, რომ ენის სიცოცხლის ხალისი დაჰბრუნებოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ გაბი და ჯესი ხმაურით შემოიჭრნენ სახლში. ენი დაბნეული ღიმილით ორივეს უკან მოჰყვებოდა. ყველანი გავაფრთხილე, არამც და არამც არ გაამახვილოთ მის გასვლაზე ყურადღება და არაფერი აგრძნობინოთ-მეთქი და მართლაც, გოგოებმა მთელი ყურადღება ჯესისკენ მიმართეს, ვითომ არც გაჰკვირვებიათ, ენი რომ გარეთ გავიდა.
- გავასეირნეთ, - დამნაშავესავით აისვეტა ენი კართან და მის ძგიდეს მიეყრდნო, - შემეშინდა გაბის მარტო გაშვება, ბნელა უკვე.
- კარგი გოგო ხარ შენ, - ვუთხარი და საჰაერო კოცნა გავუგზავნე.
მერე ბავშვებს ელისმა ხელ-პირი დაბანა, ავახშმა და დასაძინებლად გაიყვანა.
ჩვენ კი ბუხართან მოვკალათდით და ერთმანეთს ღიმილით მივაჩერდით.
- რა ვქნათ, ჯერ ალმას და ჯინას წავესკაიპოთ თუ ჩვენ ვისაუბროთ?
- ჯერ ჩვენ, - თქვა ელისმა და საიდუმლოებებით სავსე მზერა ემილის მიანათა.
- ხო, ხო, ხო, რამდენ რამეს ამბობს ეგ შენი ლამაზი თვალები, რომ იცოდე, - სიცილი ვერ შევიკავე, - კარგი, ბატონო, ასე იყოს... ვინ დაიწყებს?
- მე! - მოსწავლესავით ასწია ელისმა ორი თითი და სავარძელში აცმუკდა.
- დაიწყე! - დირიჟორივით ავიქნიე ორივე ხელი და ხელსაქმე მოვიმარჯვე - წეღან ჯესისთვის სამსახურიდან წამოღებული შალის ნაჭრის მონარჩენებისგან ჯილეტი გამოვჭერი და მის დაბლანდვას შევუდექი.
- სადღაც ათი დღის წინ ერთი ბიჭი გავიცანი. - ელისი მოყოლას შეუდგა.
- მაგარი ბიჭია, - ჩააკვეხა სიტყვა ემილიმ და გაწითლდა.
- ვინაა, რას წარმოადგენს? - საჭირბოროტო კითხვა დავსვი.
- მაქსი ჰქვია, ბინის ყიდვა უნდა. პირველად რომ დავიბარე სამსახურში და დამინახა, გაშეშდა, თვალს ვერ მაცილებდა, გაოგნებული მომჩერებოდა.
- ვინაა ეს დაცემა ქალიო, არა? გაოგნდებოდა, - სიცილნარევი ხმით შენიშნა მარკომ.
- მარკო ხარ თუ სარკო, ცოტა ხნით შეგიძლია მაცალო? თორემ აღარაფერს აღარ ვიტყვი. - იწყინა ელისმა.
"სარკო" მეგრულად "საოცრებას", "სასწაულს" ნიშნავს. ამ ბოლო დროს ელისმა ამ სიტყვის წარამარა ხმარება დაიწყო, თანაც მარკოსთან მიმართებაში. უცებ გონება გამინათდა.
- მეგრელია?
- კი... საიდან მიხვდი? - ელისი ბედნიერებისგან ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.
- სარკო რომ აიჩემე ბოლო დროს, იქიდან. ალბათ გითხრა, სარკო გოგო ხარო, არა?
- ვაიმე, მართლა ასე მითხრა და მთელი დღე ვარკვევდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, იცი?
- მერე მე ვერ მკითხე? გეტყოდი.
- შენ რა, მეგრული იცი? - გაიოცა ელისმა.
- ფრანგული ხომ ვიცი. მეგრული და ფრანგული რამ გაყო ერთმანეთისგან? - გავიხუმრე და ყველა გავაცინე.
როცა ჩავწყნარდით, ელისმა გააგრძელა:
- ხოდა, მოკლედ, ლამის მთელი ვაკე და საბურთალო მომატარა ბინის ძებნაში. ხან რა არ მოეწონა და ხან რა. მართლა დამღალა. ვიფიქრე, ეს არაფრის მყიდველი არ არის, ტყუილად დამატარებს აღმა-დაღმა, ხვალ რომ მოვა, უარს ვეტყვი და სხვა რეალტორს გადავაბარებ-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, გადაირია. მორჩა, აღარ გაგაწვალებ, მე შენი არჩეული ბინა მინდა, თორემ სხვისი რომ მდომებოდა, შენ არ მოგაკითხავდიო. ბოლოს შემომთავაზა, შენ რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს, მითხარი და მეც იმას ვიყიდიო. დღეს მოვიდა და კიდევ ერთხელ ვნახეთ ის ბინა, მე რომ ვგიჟდები.
- ვააა! - მარკომ ფეხი ფეხზე გადაიდო.
- მართლა! ხელშეკრულება ორშაბათს უნდა გავაფორმოთ. ახლა ვჩალიჩობ, იქნებ ცოტა დავაკლებინო პატრონს, მაქსს ცოტა ეძვირება - სხვათა შორის, მაქსიმილიანე ჰქვია საბუთებით.
- მერე, მერე? სად მუშაობს?
- კომპიუტერული ფირმა აქვს, ნორმალური შემოსავალი. ქსელური მარკეტინგის ფირმაა, ძირითადად ბანკებთან თანამშრომლობს.
- რამდენი წლისაა ის შენი მაქსია თუ ფაქსი? - დაინტერესდა ენი.
ენის გააქტიურება იმდენად გვიხაროდა, სხვა დროს თუ შავ დღეს დააყენებდა ემილი მისი სასურველი მამაკაცის სახელის ასე გამასხარავებისთვის, ამჯერად მისი დაცინვა გადაყლაპა და მთელი სერიოზულობით მიუგო:
- ჩემზე ორი წლითაა უფროსი. მარტო ცხოვრობს. დედა ჰყავს და და-ძმა. და გათხოვილია, ძმა - ცოლშვილიანი და დედასთან ცხოვრობენ. ეგ ნაქირავებშია და ახლა თავისთვის უნდა ბინის ყიდვა.
- ესე იგი, ფულიანია?
- ნუ, მთლად მილიონერი არ არის, მაგრამ კარგად გამოიმუშავებს.
- უკვე გითხრა, რომ მოსწონხარ?
- კი, დღეს მითხრა და თან სერიოზულად ვფიქრობო, რამე ისე არ იფიქროო.
- იცის, ბავშვი რომ გყავს და ქმარს გაყრილი ხარ?
- ეგ თავიდანვე გაიგო, მაგის პრობლემა არა აქვს.
- აჰაა, - ორაზროვნად ჩაილაპარაკა მარკომ, - კექსი უკვე ჭამეთ?
"კექსის ჭამა" ჩვენი ლექსიკონის მიხედვით სექსით დაკავებას ნიშნავს. ბავშვებთან ხშირად რომ არ ვახსენოთ სიტყვა სექსი, ამიტომ ეს ტერმინი შემოვიღეთ, რაც მარკოს დამსახურებაა. ბავშების გამო სხვა ტერმინებიც დაინერგა, რომელსაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება აქვს ეროტიკასთან. მაგალითად, ქალის მკერდს მთებად მოიხსენიებენ, ორგანიზმი ნი-ს გარეშე კი იცით, რასაც აღნიშნავს და ასე შემდეგ.
- კაი რა, მარკო, სულ რატომ მასხრობ? - თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა ელისს.
- რა იყო, არ შეიძლება გკითხო? რა არის აქ აღმაშფოთებელი? - არ შეეპუა ჩემი შვილი.
- ჯერ ახლახან გავიცანით ერთმანეთი.
მარკოს ხარხარი აუტყდა.
- ელო, ყველა გოგო, ვინც აქ მომიყვანია და შენ გინახავს, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც დამიტესტავს, როგორ მიირთმევს კექსს, - "აღიარებითი ჩვენება" მისცა მარკომ და ენის გადახედა, - რა უნდა ამას, ენი, ა?
- კექსი მოენატრა, სხვა არაფერი, - მხარი აუბა ენიმაც და ისევ სიცილი ატყდა.
- ელის, მოიყვანე ერთი ჩვენთან, გაგვაცანი, - მე მაშინვე საქმიანი დავიჭირე.
- უი, არა რა, კარლა! ჯერ ვერ ვეტყვი. ცოტა ხომ უნდა გავშინაურდეთ.
- ჯერ კექსი ხომ...
- მარკო! - წინადადების დამთავრება არ აცალა ელისმა და წამოხტა.
- კარგი, გეყოფათ! სხვა? კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი?
- მე არა. დანარჩენი მერე. ვნახოთ, იმ კვირაში რა მოხდება.
- მშვენიერია. შემდეგი ვინაა?
- ახლა ემილი იტყვის, მასაც აქვს სათქმელი, - თქვა ელისმა.
- არა, არა, ჯერ არაფერი, - ემილის სახე ჭარხალივით გაუხდა და დარცხვენილმა თავი ჩაღუნა.
- კაი, გოგო, სანამ უნდა მალო?.. მაშინ მე ვიტყვი, - ინიციატივა ხელში აიღო ელისმა და გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ ემილი ანიშებდა, არ თქვაო, - ორი თვის წინ ფეისბუქში ერთი პარიზელი ფრანგი ბიჭი გაიცნო. ბიჭი რა, კაცია უკვე, 36 წლის.
- პარიზელი? - ფრანგის ხსენებაზე თვალები გამიბრწყინდა, - მართლა, ემილი? მერედა, რატომ გვიმალავ? როდის აქეთ გაგიჩნდა ჩვენგან საიდუმლოებები?
- არა, კარლა, ჯერ სერიოზული არაფერია, ამიტომ... უბრალოდ, ვმეგობრობთ და ესაა სულ.
- მეგობრობით იწყება ყველაფერი, - ჩაურთო მარკომ.
- კი მაგრამ, შენ რომ ფრანგული არ იცი? - მომაგონდა უცებ.
- ინგლისურად ვსაუბრობთ. - განერვიულებული ემილი თითებს ერთმანეთში ხლართავდა და თავს მაღლა არ სწევდა, თვალებში შემოხედვის ერიდებოდა.
- კარგია, შვილო, თუ ნორმალური ადამიანია, დასამალი რა არის.
- სოფიზე აბოდებს. არა, ემილი? თქვი, რა დაგემართა? სულ მე ხომ არ ვილაპარაკებ შენ მაგივრად? - უსაყვედურა ელისმა.
- ჰო, ძალიან შეუყვარდა სოფი. თავის ვოლზე სულ სოფის სურათები უდევს. სასწაული ბავშვიაო, - როგორც იქნა, ემილიმაც ამოიდგა ენა.
- ოოო, ეს ამბავი თუ გაღრმავდა, კარგი იქნება, - ვთქვი მე, - ფრანგები ძალიან მიყვარს, ფრანგული ენა ხომ მით უმეტეს.
- იტყვის ახლა, იმდენი "ჟ" ურევია, ჩიტების ჟივჟივს მაგონებსო, - გადმომხედა მარკომ.
მართლაც ხშირად ვამბობდი ამას, როცა ფრანგულ ენაზე ლაპარაკს ჩამოვაგდებდი.
- დიახაც! - ჯიბრიანად ვუპასუხე, - და სხვათა შორის, შენზე კარგად მე გამოვთქვამ მაგ "ჟ"-ს.
რა თქმა უნდა, მარკოს, როგორც ჩემს შვილს, ინგლისურის გარდა ფრანგულიც ვასწავლე, რადგან სიგიჟემდე მინდოდა, ეს ენაც სცოდნოდა.
- ისე, სხვისი შვილები კაცებს მანამ უყვართ, სანამ თავისად დაიგულებენ, - მოულოდნელად ენის ხმა გაისმა, - ამიტომ მთლად ბრმად ნუ ენდობი მაგ კაცის სოფით გატაცებას. იქნებ შენი გულის მოსანადირებლად იქცევა ასე?
ემილის ხმა არ ამოუღია, უარესად გაწითლდა და თავი კიდევ უფრო ჩაღუნა.
- კაცო, იქნებ სერიოზული მიზნები ამოძრავებს იმ კაცს, რას გადაეკიდეთ? - დავიცავი უცნობი პარიზელი ფრანგი, - ასე რომ არ იყოს, რაღა ამსიშორეს მყოფ ქალს გადაეკიდებოდა, პარიზში რა, გოგოები გაწყდა?
- მართალია, - კვერი დამიკრა მარკომ და ელისმაც გაიმეორა, მართალიაო.
ენიმ მხრები აიჩეჩა, მე ჩემი მითქვამსო და გაჩუმდა.
- აი, რომ ჩამოვა, მერე ნახე, თუ სერიოზული ამბავი არ იყოს, - თქვა ელისმა.
- ვა, უკვე ჩამოსვლას აპირებს? - მარკომ გაოცება დამასწრო.
- კი, მარტში.
- ოოო, აბა, გვიჭამია ქართულ-ფრანგული ქორწილი! - გაიხუმრა ჩემმა შვილმა და ენის თვალი ჩაუკრა, - ისე... რამე რომ იყოს, შენი ქმარი... არა? - გააგრძელა მარკომ, ანუ ქმართან შერიგება აღარ გინდაო?
- არა, - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ემილიმ და ერთმანეთში ჩახლართული თითები მორიგეობით ისე გადაჭიმ-გადმოჭიმა, რომ თითებმა ტკაცატკუცი ატეხეს.
- შევეშვათ მაგ თემას... დროებით მაინც. კარს ისედაც არავინ უტალახიანებს, - ვთქვი და მარკოს ვაგრძნობინე, მაგ თემას აღარ შეეხო-მეთქი.
- მარკო, შენთან რა ხდება? - ელისმა მარკოს შეხედა.
- მე ბოლოს მოვყვები. ჯერ ქალებმა დაამთავრეთ. აი, ენიმ გააგრძელოს. ენი, შენთან რა ხდება? - მარკომ თავი ბოლოსთვის შემოინახა.
- ჩემთან? რა ვიცი... ახალი არაფერი, - ენიმ უწყინარი სახით სათითაოდ სუყველას შემოგვხედა და მხრები აიჩეჩა, - მე არავინ მყავს არც პარიზში და არც აქ.
- მე ხომ გყავარ, ენი, ა? - მარკომ ხელები ისე გაშალა, თითქოს ჩასახუტებლად იწევსო, - აღიარე, ხომ ასეა?
- კი, ასეა, - გაიღიმა ენიმ, - შენ მყავხარ... და ისა... არის კიდევ ერთი სიახლე.
- მართლა? აბა, გვითხარი, რა ხდება? - მარკო წინ გადაიხარა, ჩვენც ყველამ ყურები ვცქვიტეთ რაღაც მოულოდნელის მოლოდინში და გავირინდეთ.
- უნივერსიტეტში მინდა საბუთების აღდგენა. სახლში ჯდომა მომბეზრდა...
მისი სიტყვები მეხის გავარდნის ტოლფასი აღმოჩნდა. წამით ყველანი დავიბენით, მერე კი, თითქოს მოლაპარაკებულები ვყოფილიყავით, კლაკიორებივით ერთდროულად დავცხეთ ტაში...
ენი თანდათან გვიბრუნდებოდა... ისიც იმკვიდრებდა ვეებერთელა მზის ქვეშ ადგილს...
ენის შემდეგ მარკოს ჯერი დადგა. სანამ ის დაიწყებდა, ყველას დინჯად შემოგვხედა, მერე ცხვირის წვერზე არათითი მოისვა, ზუსტად ისე, როგორც მე მჩვეოდა, კარგა ხანს ეფერა თავის ლამაზ ცხვირს და ბოლოს დაიწყო:
- ჩემთან სიახლე ისაა, რომ შეყვარებული ვარ, - თქვა და... არ გაიღიმა.
სამაგიეროდ, სხვებს გაეღიმათ. კი არ გაეღიმათ, გაეცინათ.
მე კი... ვერ გეტყვით, რა დამემართა. რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მისმა ნათქვამმა სმენა დამიტკბო, მაგრამ ძალიანაც არ შევუშფოთებივარ. განა არ იყო დრო, ოჯახს მოჰკიდებოდა? მთავარია, ვინ აღმოჩნდებოდა მისი რჩეული.
- ოხ. თქვა ახალი ამბავი! - ხელი აიქნია ელისმა, - შენ, რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ხარ.
- არა, ამჯერად საქმე სერიოზულადაა, - მიუგო ელისს და სავარძელში გასწორდა, მუხლით მუხლზე გადადებული ფეხები კი მთელ სიგრძეზე გაშალა.
- რამდენად სერიოზულად? - შევეკითხე და გავისუსე.
გაისუსნენ სხვებიც, რადგან ჩემი შეკითხვა მშობლისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით იყო დასმული.
- იმდენად სერიოზულად, დედუცი, რომ საახალწლოდ ცოლი მომყავს, - ალმაცერად გადმომხედა ჩემმა შვილმა და თავი უკან გადააგდო.
- რაოოო? - თითქმის ერთდროულად წამოიძახეს ელისმა და ემილიმ, მხოლოდ ენი იჯდა ჩუმად, ჯერ კიდევ უცხოდ გრძნობდა თავს საკუთარი სურვილების განდობის შემდეგ.
- რაც გაიგონეთ. რა იყო, რა, გაგიკვირდათ?
- გვატყუებ რაღაცას, - დაიჯღანა ემილი.
- მეტყობა რამე, რომ გატყუებთ? - იუკადრისა მარკომ, - ვერ ვხვდები, ჩემი რატომ არასდროს არაფერი გჯერათ?
- მოიცა, მოიცა, - ჩავერიე ლაპარაკში, - იქნებ გვითხრა, ვინ არის, რა ჰქვია, სად მუშაობს, როგორი გოგოა, ჩვენ თუ ვიცნობთ... - ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ ამ ამბავს ახლა ვიგებდი, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონია.
- მაგარი გოგოა, მაგრამ თქვენ არ იცნობთ. აი, მოვიყვან ამ დღეებში და თქვენ თვითონ ნახავთ. დე, შენ რომ მოგეწონება, ზუსტად ისეთი გოგო მომყავს - მაღალი, ლამაზი და მხიარული, გიჟივით სულ იცინის.
- მე კი არა, შენ უნდა მოგწონდეს, ბიჭო, ჩემს მოწონებას რას უყურებ შენ!.. რამდენი წლისაა?
- ჩემზე უფროსია, - თქვა მარკომ და ტუჩები მოკუმა.
- რაა? უფროსი? რამდენით უფროსი? - ვეღარ მოვითმინე და ლამის ვიყვირე.
- თან ორსულადაა, - პასუხი არ გაუცია, ისე გააგრძელა.
- შეგაბეს ეჟვანი? - თავისივე ლექსიკონით გამოაჯავრა ელისმა.
ამაზე ჩემ გარდა ყველას გაეცინა, მე კი ათასი შავ-თეთრი ფიქრი დამიტრიალდა გონებაში.
- თან ცალი თვალი არა აქვს, ცალ ყურში არ ესმის და ცალი ფეხით კოჭლობს, - მიაყოლა მარკომ და ახარხარდა.
საზიზღარი!
- ნახე, როგორ დაგვაბოლა? - ელისი აღშფოთებას ვერ მალავდა, - შე დეგენერატო, როდის უნდა დადინჯდე, ა?
- იმ საუკუნეში, - კმაყოფილი ღიმილით გამოაცხადა მარკომ, ჩემკენ გადმოიხარა და ხელის ზურგზე თითები მსუბუქად გადამისვა, - ნუ გეშინია, დე, მე რომ ცოლის მოყვანას დავაპირებ, შენ არ გამოგაპარებ, ხომ იცი.
ოხ, შვილო, შვილო!..
ხმა არ ამომიღია, ის კი ვიგრძენი, რომ შვებით ამოვისუნთქე.
- აუ, მარკო, რანაირი ბიჭი ხარ, რა, - მორიდებანარევი ბუზღუნით ჩაილაპარაკა ემილიმ და საჩვენებელი თითი დაუქნია.
- რანაირი? - მისსავე კილოზე გამოაჯავრა წარბებაწეულმა.
- იმნაირი! - დაასწრო ელისმა და დაეჯღანა.
- იმნაირი შენ ხარ, თუ კარგია, - გაიცინა მარკომ, - რა იყო, ხუმრობა არ იცით? ესენი ვინ არიან! თქვენ ხუმრობა არ გესმოდეთ, რა ჩემი ბრალია?
- ეგ ხუმრობა კი არა, ტყუილი იყო, - უკმეხად შევნიშნე, ჩემი საკერავი გვერდზე გადავდე და ავდექი, ოთახიდან გასვლა დავაპირე.
- მოიცა, მოიცა, შენ საით გაგიწევია, კარლა, ა? - ხელი ჩამავლო ჩემმა შვილმა, - იქნებ დაგავიწყდა, რომ ახლა შენი ჯერია?
სიმართლე გითხრათ, მისი ოინბაზობის შემდეგ ნამდვილად არ ვიყავი გულახდილობის ხასიათზე, ამიტომ მარკოს ხელი უხეშად მოვიშორე.
- ჩემი ჯერი მაშინ დადგება, როცა შენგან კაცი დადგება! - ცივად წარმოვთქვი და უეცრად ისეთი ტკარცალი ატყდა, ვერ მივხვდი, ასე რამ გააცინა ეს ბავშვები.
- რა ლექსი გამოგივიდა, კარლა, ხედავ? - ელისი ტაშს მიკრავდა.
ახლაღა გავაცნობიერე, რომ ისინი ჩემმა ნათქვამმა გააცინა და უნებურად გამეღიმა.
- არასერიოზულ ხალხთან მაქვს საქმე... არ ვიცი, რა მეშველება, - თავის კანტურით ამოვთქვი და სამზარეულოს მივაშურე.
ცოცხალი თავით ვერ დამითანხმეს, გულახდილობის საათი მე გამეგრძელებინა. თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ გუნება მომეშხამა. უარის მიზეზად მარკოს "მიუღებელი საქციელი" მოვიშველიე.
- ჩვენ აქ სერიოზულად ვსაუბრობთ, ერთმანეთს ჩვენ-ჩვენს პრობლემებს ვუზიარებთ, ეს კი დგას და ლაზღანდარობს! - იმაზე ხმამაღლა ვლაპარაკობდი, ვიდრე ჩემი სიბრაზის ხარისხი მოითხოვდა, - სანამ ეგ ჭკუაზე არ მოვა, შაბათობით მაგის ფეხი არ დავინახო აქ!
- დედუსი, რა დაგემართა? - მარკო შემოვიდა, ზურგს უკან დამიდგა და ჩამეხუტა, - შენ მაინც იცი ჩემი შუტკები, პირველად გესმის? მეგონა, მიმიხვდებოდი და ვიფიქრე, ამათ დავაბოლებ-მეთქი.
პასუხი არ გამიცია. ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და გავიბუსხე.
- ნუ, მაშინ ავალ სახლში, ვიბანავებ, ხვალ ექსკურსიაზე მივდივარ, - უეცრად გამოგვიცხადა.
ამან მთლად გადამიყვანა ჭკუაზე.
- კიდევ იტყუები, ხომ? - შევყვირე და კოპებშეკრული მივაჩერდი.
- აუ, ყოველთვის კი არ ვიტყუები, რა გჭიიირს! მართლა მივდივარ.
- სად! - სასტიკი მასწავლებელივით წამოვიყვირე.
- რკონში.
თვალი თვალში გავუყარე, მგონი, არ იტყუებოდა.
- მერე აქამდე სად იყავი? გუშინ და გუშინწინ ვერ თქვი?
- ახლა ხომ გეუბნები, რა მნიშვნელობა აქვს? - ჯიქურ შემომაჩერდა.
- ის მნიშვნელობა აქვს, რომ მოგიმზადებდი რამეს, ხაჭაპურს გამოგიცხობდი, ქათამს შეგიწვავდი...
- არც ახლაა გვიან, აგერ, დატრიალდებიან გოგოები, ჰოპ, ჰოპ და ნახევარ საათში ყველაფერი მზად იქნება, რა პრობლემაა?
- ის პრობლემაა, რომ არც ცომი მაქვს, არც ყველი და არც ქათამი! - შევუღრინე.
- ახლავე გავვარდები და მოვიტან. ვინ გამომყვება? ხელის აწევით, ხელის აწევით! - იყვირა მარკომ და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ხელის აწევის მსურველები ნულს არ ასცდენია.
- ეხ. სად მყავს ახლა ჩემი პატარა ქალი და კაცი? - სოფი და გაბი იგულისხმა, - რა იყო, ქალებო, რამ გაგაზარმაცათ ასე? მარტო უნდა გამიშვათ ასე გვიან? მომიტაცებს ვიღაცა და ფა-ფუ! - ხუმრობდა მარკო.
- უფ, გადაგყვებიან თან! - ნიშნი მოუგო ელისმა, - ვის რაში სჭირდები, ერთი ვიცოდე! მარკო პოლოსავით მატყუარა!
- გაიხარე, დიდი მადლობა! - მარკო ისე მოიხარა წელში, კინაღამ გადატყდა, - ენი, წამო, შენ გამომყევი, კაი?
- მე-ე? არა, არა. ასე შორს ვერ წამოვალ! - ენის თვალებში შიში ჩაუდგა.
- რა შორს ეგ არის, გოგო, სადღეღამისო აგერაა, ყურის ძირში, მივხტებით და მოვხტებით.
- არა, რა, არა, რა, - ენიმ ხელები გაასავსავა და სამზარეულოდან გაიძურწა.
- ვერ გავიგე, ძაღლთან ერთად გადიხარ და ჩემთან ერთად არა? ოკს! მაგას დაგიმახსოვრებ, ენუკინიო! - მიაძახა მარკომ.
- მე გამოგყვები, - ისეთი განაზებული ხმით წარმოთქვა ემილიმ და ისე ჩუმად, გეგონებოდათ, ამ გოგოს ყველაზე დიდი ოცნება მხოლოდ მარკოსთან ერთად სუპერმარკეტში გასვლა იყოო.
- აი, რატომ მიყვარს ეს ქალი! მოდი, ჩემო პატარავ, ჩემო კრავო და ბატკანო...
- კრავი კი არა თხა! - დაისისინა ელისმა და გაიცინა.
აი, ასეთ ლაზღანდარობაში გაიარა იმ საღამომ. როცა მარკომ და ემილიმ საჭირო პროდუქტები მომიტანეს, მაშინვე სამზადისს შევუდექი, ხაჭაპურებიც დავაცხვე, ქათამიც შევწვი და მარკოს საყვარელი ქათმის სალათაც მოვამზადე.
სამი ხდებოდა, ლოგინში რომ ჩავწექი...
მშვენიერი საღამო იყო, არა?
გაგრძელება