ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი Iნაწილი IIნაწილი IIIIVნაწილი
V ნაწილიVI ნაწილი
VII ნაწილისამ დღეში ახალი წელი თენდებოდა. რადგან სამსახურში არ დავდიოდი, სახლში ვფაციფუცობდი. ბავშვებს ჟრიამული გაჰქონდათ, ლეკვთან თამაშით ირთობდნენ თავს და ყურთასმენა აღარ იყო. ენი თავის ოთახში ჩაიკეტა და წიგნი მოიმარჯვა. მე სადილის მზადება დავიწყე, პარალელურად სარეცხი მანქანა ჩავრთე და მერე ნაძვის ხის სათამაშოები გამოვალაგე, იქნებ ამით მაინც შევიტყუო ბავშვები-მეთქი.
ამ დროს ჟრიამული უცებ მიწყდა. მივაყურადე. გაბი ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ საიდუმლოებით აღსავსე მზერით მომიახლოვდა და მკითხა:
- კარლა, შეიძლება ცოტა ხნით ეზოში გავიდე?
- რა გინდა ეზოში, წეღან არ იყავი? - ხმა გავიმკაცრე.
- ბიჭები მელოდებიან, თამაში გვინდა.
- აგერ ითამაშე, სოფისთან. - თითი კართან მდგარი სოფისკენ გავიშვირე.
- ოოო, ეგ პატარაა, მაგასთან თამაში არ მინდა, - გაიბუტა გაბი.
- შენ რაღაც უშნოდ დაძვრები ბოლო დროს. არ მომწონს შენი ბოდიალი. დაურეკე დედაშენს და სთხოვე. თუ ნებას დაგრთავს, წადი!
სიხარულით თვალებგაბრწყინებული მეორე ოთახში გავარდა. ცოტა ხნის შემდეგ "ურას" გაბმული ძახილი მომესმა, როგორც ჩანს, ელისმა ნება დართო.
- დედიკომ ხოო! - ყვირილით შემოიჭრა ოთახში, თან ქურთუკის სახელოში მკლავს უყრიდა, - მალე მოვალ, არ დავიგვიანებ!
- ყურებს დაგაჭრი, ერთ საათში თუ არ მობრუნდები! - მუქარით მივაძახე და სოფის გავუღიმე, რომელსაც ჩემს ნათქვამზე ხითხითი აუტყდა, - მე და შენ კი ნაძვის ხის სათამაშოები ავარჩიოთ, კარგი? ზეგ ხომ უნდა მოვრთოთ ლამაზად.
ბავშვმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დამიქნია თავი.
- ის რატომღა იკლავს თავს? - ვიკითხე, რადგან ჯესი საწყალობლად წკმუტუნებდა სადღაც.
სოფი ამბის გასაგებად გაიქცა და მალევე მობრუნდა ლეკვით ხელში.
- ენიშ ოთახში უნდოდა შეშლა და იმან კალი ჩაკეტა, - ჩაუშვა ენი სოფიმ.
- სწორადაც მოქცეულა, ძაღლს საძინებელში რა უნდა?
სოფი დაბნეული შემომაჩერდა. გამახსენდა, რომ ჯესი ღამღამობით ემილის საძინებელში სწორედ მის ფეხებთან იწვა.
- ენის საძინებელში, - "გამოვასწორე" შეცდომა და ჯესის დაჭმუჭნილ სხეულზე მანიაკივით ვუჩქმიტე. სასწაულად საყვარელი ლეკვი იყო, შეხედავდი თუ არა, ჩქმეტა მოგინდებოდა.
ამ დროს კარზე ზარი დაირეკა. სოფი ჩემზე ადრე გავარდა, მეც უკან მივყევი.
- ვინ არის? - დავიყვირე, რადგან ჩემებს ჯერ არ ველოდი.
- ვასიკო ვარ, ქალბატონო კარლა! - მომესმა გარედან და კარი მაშინვე გავაღე.
- შემოდი, ვასკა და თუ ღმერთი გწამს, ქალბატონოს ნუ მეძახი. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გავშინაურდეთ? - ღიმილი შევაფეთე სახეში.
შეიშმუშნა, ჩაიბურტყუნა, კი ბატონო, ასე იყოსო და კართან უხერხულად აიტუზა.
- შემოდი, რას დგახარ? - ოდნავ განზე გავიწიე.
ამ დროს ჯესიმ ყეფა ატეხა.
- ოხ, რა ხმა აქვს, კაცო! - ვითომ შეეშინდა ვასკას, სოფის გასამხიარულებლად უკან გახტა, - სოფი, ხომ არ მიკბენს, ბიძია, ა?
- ალა, ალა, ალ იციშ კბენა, - სოფიმ ლეკვი უფრო ჩაიხუტა და გაბრუნდა.
- უკაცრავად, ხომ არ გაცდენთ?
- არ მაცდენ, არა, შემოდი, გაიყინა სახლი! რა სტუმარივით იქცევი, ადამიანო! - მთლად გავუშინაურდი მეზობელს და ისევ გავუღიმე.
შემოვიდა და ახლა ჰოლში აიტუზა.
- ვასკა, რა გჭირს, რაღაცის თხოვნა გინდა და გერიდება თუ რა ხდება?
- ხო... ისა... რაღაც მინდოდა მეთხოვა და...
- მითხარი მერე, მოსარიდებელი რა არის?
- რა და... პირველში რას აპირებთ?
- პირველში? რა ვიცი, რას უნდა ვაპირებდეთ. თუ სტუმარი მოგვივა, ვუმასპინძლებთ, თუ არადა, ჩვენ წავალთ ვინმესთან სტუმრად. იმედია, ვიღაც მაინც დაგვპატიჟებს, - გამეცინა.
- მე რომ დაგპატიჟოთ?
- შე-ენ? - თვალები ლამის გადმოვკარკლე, ეს კაცი ასე მოურიდებლად რომ მეპატიჟება, ვინ ვგონივარ-მეთქი.
- ყველანი, მთელი ოჯახი, - სასწრაფოდ დაამატა, რადგან მიხვდა, რაც გავიფიქრე.
- უი, დიდი მადლობა, მაგრამ... რა ხდება?
- არაფერი, ახალი წელია და... ვიფიქრე, მეზობლებს ვუმასპინძლებ-მეთქი.
- მერე მაგაზე ადვილი რა არის? ჩემი სახლი ქალებითაა სავსე, ყველას რაღაცის მომზადება გვეხერხება, ამიტომ აქეთ გეპატიჟებით, იმდენი საჭმელ-სასმელი გვექნება, რომ მთელ კორპუსს ეყოფა, - გულში გავიფიქრე, მარტოხელა კაცმა ნეტავ რაზე უნდა დაგვპატიჟოს-მეთქი.
- მადლობის მეტი რა მეთქმის, როცა ასეთი მშვენიერი ქალბატონი მეპატიჟება, მაგრამ... მინდოდა, რესტორანში წავსულიყავით.
- ოუ! - ამის გაგონებაზე ძალიან შევწუხდი. არა იმიტომ, რომ რესტორანი მეხამუშა, არამედ უცებ წარმოვიდგინე, ჩვენ ყველანი რესტორანში და ენი კიდევ სახლში მარტო, ბავშვებთან და ჯესისთან ერთად.
- ვასკა, რესტორანი კარგი რამეა, მაგრამ ხომ იცი, ჩვენ პატარები გვყავს, მარტო ვერ დავტოვებთ... წამო, სამზარეულოში დავსხდეთ, ყავას დაგალევინებ.
- ჰო, ურიგო არ იქნება, - ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა და უკან მომყვა.
ჯესიმ კვლავ ყეფა ატეხა, სოფის ხელიდან დაუსხლტა და ვასკას მიახტა.
- გადი, ძაღლო, იქით! - დავუცაცხანე ლეკვს და ვასკა შემოვიდა თუ არა, ჯესის კარი ზედ დრუნჩთან მივუხურე. უცებ გარეთ ეულად დარჩენილი სოფი გამახსენდა და მაშინვე გავედი, ბავშვს არ ეწყინოს-მეთქი, ის კი ენისთან შესულიყო საძინებელში და გვერდით მიწოლას აპირებდა.
ჯესი სააბაზანოში შევიტყუე, საჭმელი დავუყარე და კარი ჩავუკეტე.
ვასკას ფეხი ფეხზე გადაედო და საჩვენებელი თითით ასანთის კოლოფს ახტუნავებდა მაგიდაზე.
- იცით, რა მაინტერესებს? - შემოვედი თუ არა, დაიწყო ჩემმა მეზობელმა, - როგორ ახერხებთ, სულ ფორმაში რომ ხართ და სულ არაჩვეულებრივად რომ გამოიყურებით?
ოჰ, რა გაცვეთილი ქათინაურია, ღმერთო ჩემო!
- არაჩვეულებრიობის რა გითხრა, აბა, - თავმდაბლობა გამოვიჩინე, - ფორმაში კი იმიტომ ვარ, რომ სამსახური მაქვს ასეთი, ძირითადად ქალებთან მიწევს მუშაობა და მაგალითი უნდა ვუჩვენო.
- მგონი, მკერავი ხართ, არა?
სოფლელი!
- კი, მკერავი ვარ, - გულიანად გამეცინა.
- ნაცნობებს თუ უკერავთ, ისე? - ჩამიკრა.
- რა თქმა უნდა. რამე ხომ არ გაქვს შესაკერი? - ეშმაკურად გავხედე, თან ყავის მოთქვეფას შევუდექი. - არ მოგერიდოს! - თვალებით გავამხნევე.
- არა... ეს ისე ვთქვი... რა ვიცი, სიტყვის მასალად...
თვითონაც გაეცინა.
- ისე, კარლა... იმედია, თავხედობაში არ ჩამომართმევთ და...
- არა, ვასკა, მარტო მე ვერ წამოვალ რესტორანში, ტყუილად არ მთხოვო. - დავასწარი, სანამ თვითონ შემომთავაზებდა. და როცა შევამჩნიე, რომ ხასიათი წაუხდა, დავამატე, - ხომ გესმის, ამხელა ბიჭი მყავს... სხვანაირად გაიგებს.
- შენი ბიჭიც წამოვიდეს! - უცებ რაღაცნაირად აღეგზნოსავით, თითქოს გამოსავალი იპოვაო, - მე კი ჩემს ქალიშვილს წამოვიყვან. იმ რესტორანში შეფმზარეული კი მქვია, მაგრამ წილშიც ვზივარ, ამიტომ...
- რამხელაა შენი ქალიშვილი? - არ დავაცადე სიტყვის დამთავრება.
- თექვსმეტის.
- ო, დიდი გოგო ყოფილა. ჯერ მოსწავლეა, ხომ?
- კი, მოსწავლეა, თან მოდელობს და ამაზე სულ ვჩხუბობთ. არ მომწონს ჩვენებებზე რომ გამოდის.
- მოდელობს? რას ამბობ! მაშინ მეცოდინება. რა ჰქვია? - ფინჯნები ავაქაფქაფე და ერთი ვასკას წინ დავუდგი.
- გმადლობთ, - თავაზიანად გადამიხადა მადლობა და ფინჯანი ლამბაქიანად ახლოს მიიწია, - ნათია... ნათია მდინარაძე.
- უი, ლენას სააგენტოშია, მგონი, არა?
- კი, ასეა, გცოდნიათ.
- ოჰ, სასწაული გოგოა, დახატული, - მოწონება სახის ყველა ნაკვთით გამოვხატე, - რას ვიფიქრებდი, შენი შვილი თუ იყო. რა პატარაა ეს თბილისი.
- დიდი მადლობა. თქვენ...
- თქვენ კი არა შენ-თქო, ადამიანო, რა დაგემართა! - ისევ დავტუქსე.
- ჰო... შენ... ყველა მაგ სამოდელო თუ რა ჰქვია, სააგენტოებს იცნობ?
- თითქმის, მე ხომ მკერავი ვარ, - კვლავ გამეცინა. - პირდაპირი კავშირი მაქვს. მეც ვაწყობ ჩვენებებს მოდების კვირეულზე. სხვათა შორის, ნათიაც გამომიყვანია პოდიუმზე. შარშან გაზაფხულზე ჩემი ჩვენება სწორედ მან დახურა.
მივხვდი, ვერაფერიც ვერ გაიგო, რადგან ხმა არ გაუღია, დაბნეული ღიმილით მომჩერებოდა და მხოლოდ თავს აქნევდა. ბოლოს ჩაახველა და კითხვა გამიმეორა:
- ანუ ჩვენ ოთხნი შევიკრიბოთ?
სინანულით სავსე მზერით გადავაქნიე თავი.
- ვერა, ვასკა, ვერა. ჯერ ერთი, მარკო ასეთი ადვილი მოსახელთებელი როდია. რომ დაიწყებს პირველში კარდაკარ სიარულს, როდის დაამთავრებს, კაცმა არ იცის. შეიძლება სახლშიც კი არ შეხვდეს ახალ წელს. თანამედროვე ბიჭების ამბავი არ იცი? ისევ აქ შევიკრიბოთ, ჯობია, ნათიაც მოიყვანე და...
არ მიპასუხა, ყავა მოსვა და ფინჯანს ჩააშტერდა, თითქოს საპასუხოდ სიტყვებს ეძებსო. მომწონდა ეს კაცი, მომწონდა იმიტომ, რომ უბრალო იყო, ალალი და გულწრფელი. არ ცდილობდა თავის გამოჩენას, არც იმის სურვილი ჰქონდა, როგორიც იყო, იმაზე უკეთესად წარმოეჩინა თავი, რასაც ფიქრობდა, იმას ლაპარაკობდა. თუმცა, ეს მოწონება ისე მყავდა დამწყვდეული, რომ ფრთები არ გაეშალა და შორს არ გაჭრილიყო. მასთან მეგობრობა მსიამოვნებდა, მაგრამ რომანტიკული ურთიერთობის გაბმა სულაც არ მსურდა. სიმართლე გითხრათ, მაგ კუთხით ჩემს ტოლად და შესაფერისად ნამდვილად არ მიმაჩნდა. გარდა ამისა, არ ვიყავი იმ ასაკში, რომანობანა გამება ვინმესთან. ამიტომაც იყო, "რომანტიკულ ხიდზე" გადმოსვლას რომ არ ვანებებდი. გაღმით ის იყო, გამოღმით - მე...
ოცდათერთმეტში ისე დავიღალე, არც ახალი წელი მინდოდა და არც ძველი. მთელი დღე ფეხზე დგომისგან წელი გამიშეშდა. სამაგიეროდ, ყველაფრის მომზადება მოვასწარი. რა თქმა უნდა, გოგონებიც მეხმარებოდნენ. ელისმა კექსი გამოაცხო, ემილიმ - ფახლავა, მერე კი სალათები მოამზადა. გოზინაყი და საცივი არავის დავანებე, ეს საქმე ყველაზე უკეთ მე გამომდიოდა. ენი შავ საქმეებში გვეხმარებოდა - კარტოფილი გათალა, სტაფილო გაფცქვნა, მწვანილები დაგვიჭრა და რა ვიცი, ათას სხვა რამეში შემოგვაშველა ხელი. მხოლოდ ხაჭაპური დამრჩა გამოსაცხობი, რადგან მიყვარს, როცა სუფრაზე ცხელ-ცხელი ხაჭაპური შეაქვთ, ამიტომ მისი გამოცხობა ღამისთვის გადავდე. მთავარია, ცომი მოზელილი მქონდა და ყველიც - დაჭყლეტილი.
რაც შეეხება სუფრის გაშლას, მაგას გოგოები მიხედავდნენ. კერძების გაფორმება ყველაზე უკეთ ენის ეხერხება, სუფრის გაწყობა - ემილის. ელისს მხოლოდ სამზარეულოდან დანა-ჩანგლის, ჭიქებისა და თეფშების გამოტანა ევალება. არ გვავიწყდება სანთლებიც, რომელიც ჩვნს სუფრას ყოველთვის რომანტიკულ იერს სძენს. ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებით, მერე კი ვისაც სად უნდა, იქ მიდის - ზოგი მეგობართან, ზოგი ნათესავთან, ზოგი კი შინ რჩება, ჩემთან და ბავშვებთან.
საღამოსკენ ისე ვიყავი გასავათებული, განძრევის თავიც არ მქონდა. ნაძვის ხის მორთვაღა იყო დარჩენილი, რასაც ბავშვებთან ერთად უნდა შევდგომოდი. ამ რიტუალს არასდროს არავის ვანებებდი. ნაძვის ხის მორთვისას ბევრი რამაა გასათვალისწინებელი - პირველ რიგში, სიმეტრია უნდა დაიცვა, სათამაშოები ყველგან ერთნაირად უნდა გადაანაწილო, ხალვათი ადგილი არ უნდა დაგრჩეს. ამავდროულად, ფერებიც არ უნდა დაივიწყო. რაც შეეხება ფერებს, მე ჩემი პრინციპით ვხელმძღვანელობ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაძვის ხის ერთ სიგრძეს, წვეროდან ძირამდე წითელი ბურთულებით ვრთავ, მეორეს - მწვანით, მესამეს - ლურჯით... საბოლოოდ, როცა მორთულ ხეს შეხედავ, გეგონება, ცისარტყელას უყურებო, ძალზე ლამაზი გამოდის. თანაც, ჩვენი ნაძვის ხე ტრიალებს, ისეთი მექანიზმი აქვს დაბლა, ყუთში ჩამონტაჟებული, რომ თან ტრიალებს და თან შუქს ანთებს. ეს შუქი კი ბრჭყვიალს აწყებინებს წიწვების ბოლოებს, რომლებიც სხვადასხვა ფერის ფოსფორითაა შეღებილი. ისეთი ასოციაცია იქმნება, თითქოს ნაძვს გირლიანდები აქვს შემოხვეული და ის ანათებს. ასე რომ, ჩვენს ოჯახში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე იდგმება ყოველ ახალ წელს.
ნაძვის ხის მორთვაში მხოლოდ სოფი მეხმარებოდა. გაბი ისევ სადღაც გამქრალიყო. თუმცა, მორთვა ის-ის იყო, დავიწყეთ, რომ გაბიმ კარს ფეხებით ბრაგუნი აუტეხა. სულ ვეჩხუბები, კარს წიხლი არ დაარტყა, ხელით დააბრახუნე და გავიგებთ-მეთქი. ზარი ძალიან მაღლა გვაქვს მიმაგრებული და ჯერ ვერ სწვდება.
მის დასატუქსად შემზადებული გავემართე ჰოლისკენ, რომ ბრახუნის გამო ყური ამეწია ბიჭისთვის, მაგრამ რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა კარი გავაღე და გაბი უზარმაზარ ნაძვის ხეს ჩაბღაუჭებული დავინახე.
- ეს რა არის, ბიჭო!
- ნაძვის ხეა, ჩემი კლასელის მამამ მაჩუქა. მაინც ვერ ვყიდი და წაიღეო.
- მერედა, რად გინდოდა, ხომ გვაქვს უკვე?
- მერე რა? ორი მოვრთოთ. უფრო ლამაზი იქნება.
- დედა, გადამრევს ეს ბავშვი! ამხელა ნაძვი რით გინდა მორთო, ა?
- აი, ამ პარკშია სათამაშოებიც და გირლანდებიც. ჩემს ოთახში დავდგამ, რა, გთხოვ! - გაბიმ ბუნებრივი ნაძვის ხე ძლივს შემოათრია. იმწუთასვე წიწვების საამო სურნელმა ჰოლი გაავსო.
- ეს სათამაშოები საიდანღა მოათრიე? რაღაც ძალიან განებივრებს ის შენი კლასელის მამა, აი! დედაშენს ხომ არ დაადგა თვალი, ბიჭო? - გავეხუმრე და პარკი ჩამოვართვი, ჩავიხედე და ათიოდე წითელი ბურთულა შევათვალიერე. იქვე იდო ვარსკვლავის ფორმის გირლანდებიც.
- ეგეც მომცა, რამით ხომ უნდა მორთოო.
- მაგ კაცს რა, საკუთარი მაღაზია აქვს?
- ჰო, - თქვა ბავშვმა, გაოფლილმა ხელის ზურგი სახეზე ჩამოისვა და ამოიხვნეშა, - დავიღალე.
თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე და ელისს გავძახე, შენს შვილს მოხედე-მეთქი...
უკვე თერთმეტი ხდებოდა, კარზე ზარი რომ დაირეკა. კარის გასაღებად ენი გავარდა.
- ვინ არის, ენი? - გავხედე, როცა უკან შემობრუნდა.
- მარკიზი, - მოკლედ მომიგო.
ჩემი მარკო მოსულა. თვალები ისე უჟუჟუნებდა, მივხვდი, სადღაც ცოტა გადაეკრა.
- რას შვრებიიიით? - ხელოვნურად დაბოხებული ხმით წამოიძახა, მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა.
იშვიათად, რომ მაკოცოს, ამიტომ ცოტა გამიკვირდა.
- რა იყო, სიყვარულის ბუშტი გაგისკდა? - მწარედ გაჰკრა ელისმა და ხელსაწმენდების გადანაწილებას შეუდგა.
- აბა რააა, რაც უნდა იყოს, ახალი წელია, ძმაო! - საზეიმოდ გაშალა ხელები და ასე ხელებგაშლილი სავარძელში ჩაეშვა.
- ამას მოუსწრია ჩახეთქვა. რა იყო, ვერ მოიცადე ცოტა? - არ მოეშვა ელისი და დოინჯშემოყრილი წინ დაუდგა.
- აუ, შენს ძმობას გეფიცებიიი, ისეთ ტუსოვკაზე მოვხვდი, წამოსვლა არ მინდოდა, რა. ნაშობა იყო... - ხუთივე თითი ერთმანეთს მიადო და აკოცა.
- ნეტავი შენ, სულ ქალებზე არ ფიქრობდე. როდის დაღვინდები, ა? - გაეცინა ემილის.
- არც არასდროს. რა საჭიროა, თორემ კი. თქვენ ის მითხარით, რა გვაქვს სასუსნავი?
- ყველაფერი გვაქვს, - ცივად მივუგე.
- ნამცხვარი, რამე, ესა, ისა გამოაცხვეთ? - იკითხა და მის წინ მომლოდინე თვალებით ატუზული სოფი კალთაში ჩაისვა, - მოდი, ჩემი პატარა ქალი, მოდი ძიასთან.
- აბა რაა! - ემილიმ თითები მოიმარჯვა და ჩამოთვლას შეუდგა, - ფახლავა გვაქვს, ტორტი, ელისმა კექსი გამოაცხო.
- რა გამოაცხო? - გამოცოცხლდა მარკო და წინ წამოიწია, - კექსი?
- ჰო, რა იყო? არ მითხრა, რომ არ გიყვარს, ადრე მშვენივრად ნთქავდი!
- ნუ, ხო, შენ აბა, სხვას რას გამოაცხობდი, კექსის მეტი არაფერი გახსოვს, - ჩაიხითხითა ჩემმა შვილმა. შუბლშეკრულმა გავხედე, იმან კი თვალი ჩამიკრა.
- მარკო-სარკო! ამოგთხრი მაგ თვალებს უშნო ხუმრობისთვის! - გაწიწმატდა ელისი.
- დაანებეთ თავი, ვერ ხედავთ, რომ მთვრალია? - უკმაყოფილო ტონით სცადა ენიმ ელისის დაშოშმინება.
- ვინაა მთვრალი, მე ვარ მთვრალი? არ არსებობს! მე, უბრალოდ, კარგ ხასიათზე ვარ, თანაც ნასვამი. არა, სოფი? - და ბავშვს ლოყები დაუკოცნა.
სოფი აჭყლოპინდა და ძიას ხელები კისერზე მოხვია. ამ დროს გაბიც შემოვიდა ხელში აყვანილი ჯესით და ისიც მარკოს მიეტმასნა...
როგორც ყოველთვის, მხიარულად შევხვდით ახალ წელს, ჯერ ძველი გავაცილეთ და მერე ახალი დავლოცეთ. სკაიპში ჯინასაც ველაპარაკეთ. ალმასთან რამდენჯერმე დავრეკეთ, მაგრამ არ გვიპასუხა. ცოტა არ იყოს, გაგვიკვირდა, იგი ჩვენს ზარს უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა.
- იქნებ სადმე შორს უდევს ტელეფონი და არ ესმის?
- არ ვიცი. რამე ხომ არ მოხდა? იქნებ მოკვდა ის ბებერი? - ვარაუდი გამოვთქვი.
- მე რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ენიმ, - გამოჩნდება, სად წავა.
ცოტა ხანში ალმა ყველას გადაგვავიწყდა, რადგან ჩემებს შამპანური მოეკიდათ და შეჭიკჭიკდნენ. მათ ხუმრობას საზღვარი არ ჰქონდა. მე, სანამ თორმეტი საათი დადგებოდა, ყველასთან გადავრეკე, დამდეგი წელი მივულოცე და მოვალეობა მოვიხადე. სხვებმა კი გადარეკვა-გადმორეკვა თორმეტის მერე დაიწყეს.
- უი, სულ დამავიწყდა ჩვენი ახალი მეზობელი. - მოულოდნელად შეიცხადა ემილიმ, - არ დავუძახოთ? - თქვა და გაწითლდა.
რატომღაც, მეც გავწითლდი. ამ არეულობაში ვასკა საერთოდ არ გამხსენებია. ვინ იცის, მარტო უზის ახლა მაგიდას ან ტელევიზორს მიშტერებია მოლოდინით, აი, ახლა გავახსენდები მეზობლებს, აი, ახლა და შემეხმიანებიანო.
ჩვენ კი თავში აზრადაც არ მოგვსვლია მისი დაპატიჟება.
- კარლა, მიდი რა, შენ შემოიყვანე. ცოდოა, - მთხოვა ელისმა.
ცოტა დავიბენი. მეუხერხულებოდა გასვლა და მის კარზე ზარის დარეკვა.
- მე რატომ, აი, მარკო გავიდეს, კაცი კაცმა უნდა დაპატიჟოს.
- მე რა შუაში ვარ? სულ არ ვიცნობ იმ კაცს, - მარკომ შორს დაიჭირა, - მიდი, დედუსი, შენ კარგად გეხერხება ეგეთი რამეები, მიდი, მიდი.
კი დავიწმაწნე, მაგრამ რა ჩარა იყო, ავდექი, ჯერ კაბა გავისწორე, მერე თმაზე გადავისვი ხელი და გავედი. კარგა ხანს ვრეკე ზარი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. გარეთ ისე ციოდა, ლამის გავიყინე. ცოტა არ იყოს, განვიხიბლე. ტყუილად შევიცოდეთ ეს კაცი. ჩვენ დაპატიჟება გვინდოდა, ის კი ალბათ თავის ძმაკაცებში სადღაც ყირაზე გადადის, მეზობლები არც გავხსენებივართ-მეთქი.
ის იყო, შინ შემოსვლა დავაპირე, რომ გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა და კარიც გაიღო. პირკატა მეცა. ერთიანად აწითლებულ, თვალებდაწვრილებულ ვასკას საბანი შემოეხვია პირსახოცის ღუნღულა ხალათზე და კანკალებდა.
- ვასიკო, რა გჭირს? - გაოგნებული მივჩერებოდი.
- რა ვი, მგონი, სიცხე მაქვს, ამის დედაც... რაღა ახლა...
- რას ამბობ! რამდენი?
- მე რა ვიცი, თერმომეტრი არ მაქვს.
- გაგიჟდი, ადამიანო?.. ელის, ემილი! - კარი შევაღე და ჩემებს შევძახე, - ჩქარა, თერმომეტრი მოძებნეთ და ჯამით წყალგარეული ძმარი გამომიტანეთ!
ჩემს დაძახილზე მთელი სუფრა აიშალა და ყველანი გარეთ გამოეფინნენ.
ვასკა თავის ბინაში შევიყვანეთ, წამოვაწვინეთ და თერმომეტრი იღლიაში ჩავჩარეთ... ოჰოოო! წითელი ხაზი ორმოცს გადასცდენოდა.
არიქა, ვაყლაპეთ და ვაყლაპეთ წამლები, ანალგინი-დიმედროლი დავარჭვეთ მკლავზე, რადგან არაფრის დიდებით შარვალი არ ჩაიხადა. მერე ფეხებზე ძმარში დასველებული წინდები ამოვაცვი და შუბლზეც ძმრიანი ტილო დავაფინე.
გაგრძელება