ნაწილი Iნაწილი IIნაწილი IIIIVნაწილიV ნაწილიVI ნაწილი VII ნაწილიVIII ნაწილი
ერთ საათში გამოიხედა, ტემპერატურამაც დაუწია და ლაპარაკის ხასიათზეც დადგა. რას ვიზამდით, მარტო ხომ არ დავტოვებდით. წამოვიყვანეთ ჩვენსას, დივანზე წამოვაგორეთ, ვასვით, ვაჭამეთ და გავართეთ. ცოტა ხანში ჩაეძინა. ემილიმ თბილი პლედი მოიტანა და სათუთად გადააფარა. რახან ქეიფის გაგრძელება ბუხრის ოთახში არ გამოდიოდა, სამზარეულოში გავილალეთ, ყავა მოვადუღეთ და ნამცხვრებთან ერთად მივირთვით.
იმ ღამეს ელისსა და ემილის დაურეკეს გოგოებმა, თავისთან დაპატიჟეს, მარკოს ტელეფონიც არ გაჩერებულა, მაგრამ უცნაური რამ მოხდა - არც ერთი სახლიდან არ წასულა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ახალი წლის ღამეს ჩემი ბავშვებიდან სახლი არც ერთს არ დაუტოვებია. აი, ამას ჰქვია სოლიდარობა!..
- გინდა, არ გინდა, ჩვენი მეკვლე შენ ხარ, - მივახარე მეორე დილით ვასკას, დამფრთხალი რომ იყურებოდა აქეთ-იქით, - მართალია, ავადმყოფი მეკვლე შეგვხვდა, მაგრამ ამბობენ, ეს კარგის ნიშანიაო. ასე რომ, ეს წელი ყველაზე კარგი უნდა იყოს ჩვენთვის, გაიგე?
კაცი თავს იმდენად უხერხულად გრძნობდა, ხმას ვერ იღებდა. ქვეშ-ქვეშიდან იყურებოდა დამნაშავის მზერით.
- მაპატიეთ, ხალხო, არ მინდოდა თქვენი შეწუხება.
- კაი, რა შეწუხება, მშვენიერი დრო ვატარეთ. კიდევ კარგი, რომ მოგიკაკუნე, თორემ ისევ ისე, სიცხიანი იქნებოდი ახლა შენს გაყინულ სახლში. გათბობა არ გაქვს?
- კი, როგორ არ მაქვს, მაგრამ გამათბობლის ანთების თავიც არ მქონდა. ისე ცუდად ვიყავი, ტელეფონიც კი გამოვრთე, არავინ შემაწუხოს-მეთქი.
- მე წავედი! - ბუხრის ოთახში ელისმა შემოიჭყიტა.
- საით შენი მგზავრობა?
- შეხვედრა მაქვს, - ეშმაკურად ჩაიღიმა. მივხვდი, თავის მაქსს უნდა შეხვედროდა ალბათ.
- კი მაგრამ, ამ დილაუთენია რა იყო, ხაშია?
- რატომ დილაუთენია? უკვე თერთმეტი საათია. - ელისმა მობილურის ეკრანს დახედა.
- უცნაური ახალგაზრდობა მოდის, აი, - შევცინე ვასკას, - ჩემ დროს პაემანზე საღამოობით დავდიოდით. არა, ვასიკო?
- პაემანმა დილა-საღამო არ იცის, ქალბატონო კარლა, - გაიცინა ვასკამ, - სიყვარული ხომ დროს არ ექვემდებარება.
- სიყვარული! რა იციან ამათ სიყვარულის, - ხელი ჩავიქნიე და ელისს გავხედე, - მიდი, მიდი და ჭკვიანად იყავი, იცოდე!
- ჰო, მართლა, ჩემმა ბედოვლათმა დამირეკა, ბავშვს რამდენიმე დღით წავიყვანო, ჩემებს მოენატრათო. ნამდვილად არ მინდა მისი სიფათის დანახვა, რომ მოვა, გაუყვანე გაბი, კარგი?
- მაგრამ გაბის უნდა წასვლა?
- რატომ არ ენდომება? მამამისია და... - მხრები აიჩეჩა ელისმა.
- და ამდენი ხანი რომ არ უნახავს მამამისს?
- მერე რა? ნახავს და მიეჩვევა. სულაც არ მინდა, მამამისს დავაშორო.
- კი, ბატონო, როგორც იტყვი, - მხრები ავიწურე, რადგან ეს ამბავი დიდად არ მეპიტნავა.
ელისი ხუთი წუთის გასული არ იყო, რომ ვიღაცამ კარზე მოგვიზარუნა.
- აი, სტუმრების პირველი პარტია, - ღიმილით ვთქვი და კარის გასაღებად გავემართე.
ვასკა მაშინვე ადგა და უკან მომყვა. ალბათ ეუხერხულა უცხო ადამიანების წინაშე პირსახოცის ხალათით გამოჩენა. იქ კი, კარის ზღურბლთან, სამი უცხო მამაკაცი დამხვდა.
- გამარჯობათ, ქალბატონო, გილოცავთ ახალ წელს, - ერთმა სამი ცალი შოკოლადი მომაჩეჩა, - ჩვენ ვასკას მეგობრები ვართ, ხომ არ იც... ა, ბიჭო, აქ არ ყოფილა? შე ოხერო, ქვეყანა გადავჩითეთ შენს ძებნაში, ხომ მშვიდობა გაქვს? - კაცები ვასკას შემოეხვივნენ.
ვასიკომ ათასი მადლობა გადამიხადა, ორი ათასი ბოდიში მომიხადა და მეც ღიმილით მივუხურე კარი, რომ თავის მეგობრებთან დამეტოვებინა. ოთახში შემობრუნებულს ნამძინარევი მარკო შემეჩეხა, მობილური ყურთან მიედო და ვიღაცას ელაპარაკებოდა. საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და მანიშნა, ახლა არაფერი მითხრაო.
მე სამზარეულოს მივაშურე და ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. ცოტა ხანში მარკო ზურგიდან მომადგა და ხელები მხრებზე შემომაწყო.
- დე, დღეს ბიჭები რომ მოვიყვანო, შეიძლება?
- რატომ არ შეიძლება, დე, აბა, რად გვინდა ამხელა პურმარილი? პირიქით, გამიხარდება კიდევაც, თუ შინ დარჩები და გარეთ არ გახვალ.
- ჯიგარი ხარ, დედუცი! - დაიყვირა ჩემმა შვილმა და ტელეფონი ისევ ყურთან მიიდო, - ბიჭო, გამოდით მოკლედ რა... გელოდებით... რა ვიცი, როცა გინდათ. სამზე, ოთხზე... ოკს, ექვსზე იყოს, რა პრობლემაა... კაი, ხო... არ გინდა, არა, ყველაფერი გვაქვს, გართობა გვაკლია მხოლოდ!
გამეღიმა. ჩემი ბიჭი უკვე კაცი იყო, რისი აღქმაც ჯერ კიდევ მიჭირდა. ჩემთვის ჯერაც პატარა იყო, ცეროდენა მარკუშა, დორბლმორეული რომ უყურებდა საწოვრიან ბოთლში ჩასხმულ ფაფას და საჭმლის დანახვაზე თვალები რომ უელმდებოდა.
რა დრო გასულა მას შემდეგ...
შუადღე იქნებოდა, ელისის ქმარი რომ მოგვადგა. გაბი უკვე ჩაცმული ელოდებოდა მამას. კარის გაღებისთანავე სანდრო თბილად მომესალმა, ახალი წელი მომილოცა და მომიკითხა, თან ყვავილები და უზარმაზარი ბამბანერი მომართვა.
მამა-შვილის შეხვედრას საზეიმოს ვერ დავარქმევდი. გაბი ისეთი მორიდებით ჩაეხუტა სანდროს, რომ გული მომიკვდა. ვიფიქრე, ვუსაყვედურებ ამ ბიჭს, შვილს საერთოდ რომ არ აქცევს ყურადღებას-მეთქი, მაგრამ მეორე წამს გადავიფიქრე. ეს არ იყო ჩემი საქმე.
- ელისი სადაა? - სანდრომ ოთახში შეიჭყიტა.
- შეხვედრაზეა, - ყრუდ მივუგე.
- პირველ იანვარს?
- მაგისმა სამუშაომ პირველი და ორი არ იცის, საქმე საქმეა, - ვუპასუხე, თან გონება სწრაფად ავამუშავე, რომ ნოყიერი ტყუილი გამომეცხო, - კლიენტი მოსკოვიდან ჩამოვიდა და ამაღამ უკან მიფრინავს, ნაცნობ ნოტარიუსთან დღესვე უნდა გააფორმონ ხელშეკრულება.
- ა, გასაგებია... - გაწელა სიტყვა სანდრომ, - რას ამბობს, რაო?
- რაზე? - ვერ მივუხვდი.
- შერიგებაზე. - მოკლედ მომიჭრა, - დაბრუნებას არ აპირებს?
- არ ვიცი, სანდრო, ამაზე თქვენ უნდა ისაუბროთ, მე არაფერი ვიცი... შემოდი, აქ რატომ ვდგავართ? დაილოცე ერთი ჭიქით.
- არა, გმადლობთ, ქალბატონო კარლა, წავალ, გარეთ მელოდებიან. ორი-სამი დღე გაბრიელი ჩემთან დარჩება, გავართობთ. ხომ კი, მამი? - ბავშვი თეძოსთან მიიხუტა და ხელი შემოხვია.
გაბიმ მორიდებით დააქნია თავი და საწყალობლად ამომხედა. აშკარად არ უნდოდა ამდენი დღით მამასთან დარჩენა.
- მიდი, გაბი, აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო, - ბავშვს გავუღიმე, - საღამოს დედიკო დაგირეკავს, კარგი?
ისევ დააქნია თავი, ამჯერად უფრო მოწყენილმა.
- ელისს გადაეცით, რომ მასთან დალაპარაკება მინდა. ან შევრიგდეთ, ან საბოლოოდ გავიყაროთ. არც ერთი უნდა და არც მეორე. სხვა გზას კი მე ვერ ვხედავ და... ფული იშოვა და რა ჰგონია, მაგარი ქალი გახდა? ჩემი ფეხებია ეგ! - ამის თქმაზე მამლაყინწასავით გაიჯგიმა, ვითომ თვითონ დიდ ვინმეს წარმოადგენდა.
ცალყბად გავიღიმე. აშკარად ჩანდა, რომ სულაც არ სურდა შერიგება, უბრალოდ, ისე უნდა მოეწყო საქმე, რომ დაშორება მას არ დაჰბრალებოდა. სანდროსთან საუბარმა საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ ელისი სწორად მოიქცა, როცა მას გამოექცა. ეს კაცი ჩვენი გოგონას ღირსი არ იყო...
ისე გავბრაზდი, ვიფიქრე, გაბის არ გავატან-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ვინ იცის, იქნებ ბავშვი როგორ ელოდა მამას. რაც უნდა იყოს, მამა მაინც მამაა. მე ხომ ვიცი, როგორ უყვართ ბავშვებს თავიანთი მამები, განსაკუთრებით - ბიჭებს... ამიტომ რაც შემეძლო, თავაზიანად დავემშვდობე სანდროს, გაბის ვაკოცე და გულდამძიმებულმა მივხურე კარი...
ამ დროს სკაიპის მელოდია თავს იკლავდა. მაშინვე ლეპტოპს მივუჯექი. ალმა იყო. ერთმანეთის მილოცვების შემდეგ ვუსაყვედურე, სად დაიკარგე-მეთქი.
- კარლა, ვთხოვდები, მგონია. ეს კაცი, ვის დედასაც ვმკურნალობ და ვუვლი, ცოლობას მთხოვს. გაგიჟებულია, ისე ვუყვარვარ. აღარ ვიცი, რა ვქნა, ა? შენ რას მირჩევ? - შემომჩივლა დაქალმა.
ვიფიქრე, ისევ ხომ არ შეახსენა თავი ფსიქიკურმა პრობლემებმა-მეთქი.
- მაგრამ ის ხომ ბევრად უფროსია შენზე... რაში გაწყობს? - პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე.
- როგორ თუ რაში! იცი, რა ქონების პატრონია? ფული მექნება, გოგო და ყველანი გავმდიდრდებით.
- გგონია, ფულს გაგაკარებს? - გამეცინა, - ეს ერთი, და მეორეც, როდის აქეთ გაგექცა სხვის ქონებაზე თვალი?
- რაღა შენ და რაღა ჯინა! - მოულოდნელად მიყვირა, - ყოველთვის გშურდათ ჩემი, ახლა კი საბოლოოდ დაამტკიცეთ! აღარც შენთან არ მინდა ლაპარაკი! კარგად ბრძანდებოდე! - თქვა და სკაიპი გამორთო.
სახტად დავრჩი...
პირველი იანვრიდან ქეიფები ერთმანეთს წაეწყო. მარკოს მეგობრებს ელისისა და ემილის თანამშრომლები დაემატნენ, ორში ბედობა აღვნიშნეთ, მერე შობა მოვიდა, მერე ძველით ახალი წელი და ჩვენი დიდი ოჯახის მხიარულებას საზღვარი არ გამოსჩენია. შესაბამისად, არც ჩვენს ბუხარში განელებულა ცეცხლი.
გაბი ორი დღის შემდეგ სასწრაფოდ წამოიყვანა დედამისმა, რადგან აღრიალებულმა დარეკა, თქვენთან მინდაო. თურმე მამამისს "მკაცრი მამის" როლი მოურგია და ერთ-ერთი "აღმზრდელობითი გაკვეთილის" დროს გვარიანად მიუტყეპია.
ელისი გაალმასებული დაბრუნდა სახლში, გაბის ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა. სლუკუნ-სლუკუნით მეუბნებოდა, აღარასოდეს წავალ მამასთან, ის ჩემი მამა აღარ არისო.
- წარმოგიდგენია? ბავშვს წესიერად არც იცნობს და ტიპობს, ვითომ მაგარი მამა ჰგონია თავისი თავი! მაგი თუ არ ვაწრუწუნო, ქალი არ ვიყო, აგერ ნახოს! - თვალებს აბრიალებდა ელისი და პირიდან ცოფთან ერთად ნერწყვის შხეფებს ყრიდა.
არადა, რა კარგ ხასიათზე დაბრუნდა პირველში, პაემანზე რომ წავიდა. ჩანთიდან მინიატიურული წიგნი ამოიღო, სულ პაწაწინა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი გამოცემის "ვეფხისტყაოსანი" აღმოჩნდა.
- აი, ეს მაჩუქა! - ამაყად გამოგვიცხადა და გაბრწყინებული თვლებით გადმოგვხედა.
- ეს რა არის? - ემილიმ ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა წიგნი, - რა საყვარელია!
- ასე მითხრა, პრიორიტეტიაო, - დააბრეხვა ელისმა.
- რარიტეტი, შტერო! - შეუსწორა ენიმ და სიცილი ვეღარ შეიკავა.
- ხო, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, - ელისი გაწითლდა.
- ის მნიშვნელობა აქვს, რომ ხანდახან უნდა წაიკითხო რამე, მცირე განათლების მისაღებად მაინც. - არ დაინდო ენიმ და თავი გააქნია.
- შენ ხომ ყურებიდან გადმოგდის ცოდნა, რა! - აენთო ელისი.
- ყოველ შემთხვევაში, პრიორიტეტს რარიტეტისგან ვარჩევ!
- მეც ვარჩევ, ბატონო, უბრალოდ, შემეშალა! - იხტიბარი არ გაიტეხა ელისმა, წიგნს ხელი დასტაცა და თავის ოთახში გავარდა.
სწორედ ამ დროს შემოხმაურდნენ სახლში მარკო და მისი ძმაკაცები და ცოტა ხანში უწინდელი შეკამათება ყველას გადაავიწყდა.
მხიარულებამ ჯომოლუნგმას ზომის მწვერვალს მაშინ მიაღწია, როცა ელისისა და ემილის თანამშრომლები შემოგვიერთდნენ. მათთან მხოლოდ მე და ენი არ გავსულვართ. ენის არ უყვარდა უცხო საზოგადოებაში ტრიალი, მე კი მათი ტოლი არ ვიყავი...
გვიან, როცა სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ და მაგიდის ალაგებას შევუდექი, ელისი გვერდით დამიდგა და ჩუმად, დარცხვენით მკითხა:
- კარლა, რა არის რარიტეტი?
და მერე მე დიდხანს ვუხსნიდი, რა განსხვავება იყო პრიორტეტსა და რარიტეტს შორის...
გული მეთანაღრებოდა, ელისი განათლებით დანარჩენებს რომ ჩამორჩებოდა. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მისი მშობლების ბრალი იყო. განათლება შეიძლება საშუალოც გქონდეს ადამიანს, მაგრამ აღზრდა უნდა იყოს უმაღლესი განათლების ტოლი. სამწუხარო იყო, რომ ჩემს დაქალებს შორის ეს მხოლოდ მე მქონდა გათავისებული...
ძველით ახალი წლის დადგომა, რაც აქ გადმოვედით და ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მხიარულებაში არ გაგვიტარებია. საქმე ისაა, რომ 13-ში ენის დაბადების დღეა, მაგრამ იგი იმ საბედისწერო ამბის შემდეგ არასდროს აღნიშნავდა თავის იუბილეს, ამიტომ ჩვენც ისე ავდიოდით ხოლმე მასთან, თითქოს ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო და არა მისი იუბილე, ხოლო რაც აქ გადმოვედით, მხოლოდ ძველით ახალი წლის მომიზეზებით ვშლიდით სუფრას, თან ზედმეტი მხიარულებისაგან თავს ვიკავებდით, მაგრამ ეს იანვარი გამონაკლისი აღმოჩნდა. ენიმ თავად გამოთქვა სურვილი, "გემრიელად გვექეიფა". ანუ, თავისი დაბადების დღე კი არ ახსენა, ძველით ახალ წელს შევხვდეთო, სხვათა შორის აღნიშნა. რა თქმა უნდა, მივუხვდი, მაშინვე მარკოსთან დავრეკე სამსახურში და ეს ამბავი ვახარე. ბიჭს ტელეფონში ისეთი ბღავილი აღმოხდა, ალბათ მთელი ფილიალის ყურადღება მიიქცია. მერე ელისს ვაცნობე, რაც მოხდა და ახლა იქიდან გაისმა აჟიტირებული, სიხარულნარევი კივილისა და წივილის ხმები.
რა თქმა უნდა, ყველას გვიხაროდა, ენი ასე რომ გამოგვიცოცხლდა. ეგრევე დავფაცურდი. მე და სოფი მარკეტში გავვარდით, პროდუქტი ვიყიდეთ, მერე თონეში გავიარეთ და ცომი ავიღეთ, რომ ხაჭაპურები დამეცხო, ერთი ბოთლი კარგი ქართული კონიაკიც ვიყიდე და ენის საჩუქარზეც დავფიქრდი... ამდენი წლის შემდეგ პირველად. დავფიქრდი და თავში უეცრად საოცარი აზრი ამომიტივტივდა - მისთვის ჩემი წითელი კაბის ჩუქება გადავწყვიტე. მართალია, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რძალი რომ მეყოლება, იმას უნდა ვუსახსოვრო-მეთქი, მაგრამ ხელი ჩავიქნიე. ვინ იცის, ვის მომიყვანს ჩემი შვილი, იქნებ სულაც იუკადრისოს ჩემი ნახმარი კაბის ჩაცმა-მეთქი. ენის კი ვიცოდი, რომ ძალიან გაუხარდებოდა. სკოლაში რომ დადიოდნენ, რამდენჯერ უთხოვიათ მასაც და ელისსაც, ერთი წუთით ჩაგვაცვი, რომ სარკეში ჩავიხედოთო.
ვთქვი და გავაკეთე კიდევაც. როგორც კი საღამო მოახლოვდა და ჩვენების დაბრუნების დრო დადგა, ცომის ხელახალი აფუებით გართულმა ენის სასხვათაშორისოდ ვკითხე:
- გოგონი, შენ არ უნდა გამოიპრანჭო? რაც უნდა იყოს, დღეს იუბილარი ხარ.
- არა, რა უნდა გამოვიპრანჭო. ასე რა, ცუდად გამოვიყურები? - მკითხა და ტანზე დაიხედა.
ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, "მშვენიერი" დახეული ჯინსი და ბამბაზიის კუბოკრული პერანგი ეცვა და ორივე ძალიანაც უხდებოდა, მაგრამ იუბილარს ნამდვილად არ ჰგავდა.
ონკანს მივადექი და ხელები ცხელ წყალს შევუშვირე....
- წამო ჩემთან! - თავი ჩემი საძინებლისკენ გავაქნიე და გავიხმე.
მორჩილად გამომყვა. ამასობაში კაბა უკვე გამზადებული მქონდა - საგანგებოდ გადავაფინე საწოლზე, რომ შესვლისთანავე თვალში სცემოდა.
არ დამავიწყდება მისი რეაქცია, როცა კაბა დაინახა. თვალებში თითქოს იმ კაბისფერი ცეცხლის ენები აუგიზგიზდა.
- ეს ჩემი საჩუქარია, - თბილად ვუთხარი და უფრო თბილად გავუღიმე.
წამით ენა ჩაუვარდა, იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის ჩემი ნათქვამი.
- არა... რას ამბობ... ეს კაბა...
- ვიცი, რასაც ვამბობ. ეს კაბა დღეიდან შენია. მიდი, ჩაიცვი.
- კერი... მე ხომ ვიცი, შენთვის როგორი ძვირფასია ეს...
- იყო ძვირფასი და მორჩა. აწი რაში მჭირდება? გათხოვებას მე არ ვაპირებ და სხვაგან ვერც ვერსად ვერ ჩავიცვამ, არ ვარ იმ ასაკში. შენ კი ახლა გჭირდება კოხტაობა. მიდი, მიდი! - ხელით ვუბიძგე.
- აუ, არა რა... მეცვას, რაც მაცვია, კერი. უკვე შევეჩვიე, როგორც მაცვია და სულაც არ მე...
- იცი რას გეტყვი, გოგონი? - მკაცრად შევუტიე, - ადამიანი ყველაფერს ადვილად რომ ეჩვევა, სწორედ ესაა მისი ყველაზე ძლიერი ნაკლი. ვიცი, რომ ცხოვრებამ გაგასასტიკა და გაგახისტა, მაგრამ უნდა შეებრძოლო. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშორო თავიდან ის საზიზღარი მოგონებები. ცუდ მოგონებებს რომ გაუმკლავდე, ძლიერი უნდა იყო. მე კი ზუსტად ვიცი, რომ შენ ძლიერი ხარ. მიდი, რომ გეუბნები! - ეს ვუთხარი, კაბა ხელში შევაჩეჩე და ოთახიდან გამოვედი, რომ მარტო დამეტოვებინა...
გავიდა რამდენიმე, ჩემთვის რატომღაც დაძაბული წუთი და გამოვიდა... გაოცებულს რაღაც გაუგებარი ბგერები აღმომხდა. ჩემი კაბა ისე უხდებოდა, ისე უხდებოდა, თვალს ვერ ვწყვეტდი.
- რა, რა... - თვალებში შემომცქეროდა გაფაციცებული, - მიხდება? მიხდება?
სიტყვას ვერ ვძრავდი, აცრემლებული რეტიანივით მხოლოდ თავს ვუქნევდი. ხელები გამოიწვდინა და გადამეხვია.
- კეროლაინ... დიდი მადლობა... რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ... ჩემი დედა შენა ხარ და არა ის... ყოველთვის ასე იყო... ყოველთვის ასე ვგრძნობდი...
მისმა ნათქვამმა გული საშინლად ამიჩუქა.
- შენ საუკეთესო დედა გყავს მსოფლოში, ეს ყოველთვის გახსოვდეს, - ვუჩურჩულე და ყურის ძირში ვაკოცე.
უცებ ჩემს მხარს მოშორდა, თავი ასწია, აცრემლებული თვალებით შემომხედა და გულაჩუყებულმა მითხრა:
- საუკეთესო დედა ასეთ დროს განზე გამწევდა და გათხოვდებოდა?
მოულოდნელობისგან შევცბი, არ მეგონა, თუ უკვე იცოდა.
- ვინ გითხრა, ეს სისულელე საიდან მოიტანე? - მოჩვენებითად დავუცაცხანე.
- თვითონ დამირეკა და ისეთი სისულელეები მელაპარაკა, გული შემიღონდა.
- არ მიაქციო ყურადღება, ენი, რას იზამ, შენი გულისთვისაა იმსიშორეს გადახვეწილი. რა გგონია, ძალიან უხარია ასე შორს რომ არის ჩვენგან?
თითქოს ჩემი ნალაპარაკევი არც გაუგონია, გააგრძელა:
- შენც ჩემთან წამოგიყვანო, აქ გასწავლიო, მდიდარზე გაგათხოვებო, არაფერს დაგაკლებო... რაღაც უაზრობები მითხრა...
- ენი, რატომ დარდობ, დედი? - ისევ ჩავიხუტე, - გათხოვდეს, თუ უნდა. შენ რა? თუ კარგად იქნება, შენც კარგად იქნები, თუ არადა, მობრუნდება ისევ უკან და ეგ იქნება.
- იცი რა, კერი, - ჩურჩულზე გადავიდა, - სულ არ მინდა, რომ ჩამოვიდეს. არ იცი, როგორ მძაბავს მის გვერდით ყოფნა... რაღაცნაირად...
გულიანად გავიცინე და ჩავკოცნე და ჩავკოცნე, რომ მისი დარდი ასე გამენეიტრალებინა.
- ცუდზე არ იფიქრო, ხომ გითხარი უკვე, არა? გათხოვდეს, თუ ასე უნდა და მორჩა. შენ დარჩი ჩვენთან, სასიძოს ჩვენც გამოვძებნით შენთვის, საბერძნეთში რომ არ გაგიშვათ. აქ რა, ნაკლები ბიჭები გვყვანან? ერთი თითის გატკაცუნება და ჰოპ! აგერ დაეყრებიან ყველანი შენს ფერხთით, - გავეხუმრე, - ცუდი ისაა, რომ შენ დაგასწრებს გათხოვებას, ვოტ! - ვითომ ნიშნის მოგებით აღვნიშნე და კიდევ ვაკოცე...
როც ენისთან ასეთ სევდიან თემაზე საუბარს მოვრჩი, უჩუმრად დავუმესიჯე ელისს, ჩემთან გაიარეთ ატელიეში და ერთი ხელი ლუქი აარჩიეთ ენისთვის, ვითომ თქვენ უყიდეთ-მექი. მეორე მესიჯი ჩემს გამყიდველთან ვაფრინე, გოგოები მოვლენ და რასაც ხელს დაადებენ, გამოატანე-მეთქი, მერე კი კმაყოფილმა გავაგრძელე კერძების მზადება, ენი კი ოთახში შეიკეტა, ცოტათი მოვწესრიგდებიო...
ის საღამო დაუვიწყარი გამოდგა. ენის, ჩვენდა გასაოცრად, თმა ფენით დაევარცხნა, ელისის კოსმეტიკით მაკიაჟი გაეკეთებინა, თვალებიც კი დაეხატა და ისეთი ქალი გამოვიდა საძინებლიდან, რომ ყველანი დაგვაშტერა. ცხოვრებაში მაკიაჟისთვის დრო არ დაუხარჯავს, რადგან ისედაც დახატული გოგო იყო, მის თვალ-წარბსა და ტუჩ-სახეს არაფერიც არ სჭირდებოდა, მაგრამ ამ საღამოს რატომღაც, მოუნდა, "გარისკა" და ფურორიც მოახდინა. თქვენ მარკოს რეაქცია უნდა გენახათ, როცა მოვიდა და კარი გამოპრანჭულმა ენიმ გაუღო. როგორც მერე გვიყვებოდა, ვერ უცვნია, ხარბი მზერით შეუთვალიერებია და ნამდვილი დონჟუანივით მივესალმეო. როცა გაიცინა, მხოლოდ მაშინ მიხვდა თურმე, რომ მის წინ ენი იდგა. ბუხრის ოთახში კი, სადაც სუფრა გავშალეთ, ხელში ატატებული შემოიყვანა.
- ამას მიმალავდით, ბიჯოოო! - მთელი ხმით გაჰყვიროდა, - თქვენ არაქალებო და არაკაცებო! შეხედეთ, შეხედეთ ერთი! მაგარი ქალი, ძაან მაგარი. მორჩა, ვსიო, ეგ გოგო ჩემთვინა მინდა. არ არსებობს! ხომ გამომყვები ცოლად, ენუშკი, ა? ხომ გამომყვები? - აჟიტირებული ელაპარაკებოდა და გარშემო ურბენდა. თვალით ვანიშნებდი, ეგეთ რამეებს ნუ უხსენებ-მეთქი, რადგან ვიცოდი, ენის გათხოვებაზე საუბარი არ სიამოვნებდა, მაგრამ ქადაგად დავარდნილი მარკო ვერ გავაჩერე. დაძაბული ვიყავი, რაწამს მოიწყენდა ენი ჩემი შვილის ხმაურიანი გამოსვლით, არ ვიცოდი, მაგრამ არაფერიც! არც მოიწყინა და არც ცხვირი ჩამოუშვა. იღიმოდა და იღიმოდა. ბოლოს კი ეს ღიმილი სასწაული სიტყვებით დააგვირგვინა:
- ჯანდაბას, გამოგყვები, რახან ასე ძალიან მეხვეწები. აჰა, დაარტყი ხელი! - და თავისი ლამაზი ხელისგული გაუწოდა.
ამაზე იმდენი ვიცინეთ, ლამის ყველანი ჩავბჟირდით.
მოსწრებული პასუხისთვის ენიმ მარკოს "ლოყიან-ლოთიანი" კოცნა (თვითონ მონათლა ასე, როგორც სოფის ლოყაზე კოცნიდა) და ფრანგული სუნამო დაიმსახურა, რომელიც ჩემს ონავარ შვილს მისთვის საგანგებოდ შეერჩია...
- ვაიმეე, სუნამოოო! - ელისმა თვალები აატრიალა, - მარკო, ბავშვიანი ქალები არ გინდა ცოლად? აგერ, ორნი ვდგავართ რიგში, არც ჩვენ ვიტყვით უარს შენს ცოლობაზე, თუ სუნამოებს გვაჩუქებ, - და ელისმა ემილის თვალი ჩაუკრა.
ემილი მეგობრის უგერგილო ხუმრობაზე გაწითლდა და, როგორც სჩვეოდა, თავი ჩაღუნა. მას არ სიამოვნებდა ელისის ასეთი გამოხტომები.
- შენი შუბა დავხიე, შენთვის მე სუნამო ჯერ არ მიჩუქებია? - მარკომ მსუბუქად წამოარტყა თავში ხელი, - დაგაწკიპურტებ ახლა, თუ არ გაჩუმდები, - მერე კი უეცრად ეშმაკურად აუცეკვდა თვალები და წარბებაწეულმა ვითომ შეფიქრიანებული ხმით გააგრძელა, - ისე, სამი ცოლი მაგარი პონტია. ეგრე იყოს, თანახმა ვარ. ერთი დამირეცხავს, მეორე საჭმელს გამიმზადებს, მესამე... - ჩამოთვლასთან ერთად თითებს კაკვავდა, - მესამე ნაშობას ამომირჩევს ფეისბუქზე. აუ, რა ჰარამხანას გავმართააავ! - და ისე მოეწონა თავისი აზრი, რომ ახარხარდა.
ამჯერად მას წამოარტყეს თავში, თანაც სამივემ და სიცილ-ხორხოცი გაგრძელდა.
შუა ქეიფში ვიყავით, რომ მარკომ გამოაცხადა, თვის ბოლოს მეჯვარედ ვარ მიპატიჟებულიო.
- რას ამბობ, დედი, ვინ გაგიბედნიერდა? - გამიხარდა ეს ამბავი.
- ივას მოჰყავს ცოლი, ჩვენს მენეჯერს.
ივა მშვენიერი ბიჭია, თბილი, საყვარელი. მარკო მასზე ბევრს ოხუნჯობდა, ივანე ერქვა და ამერიკაში ჩასულმა აივენი დაირქვა, აქ ჩამოვიდა და ივად იქცაო.
- მაგრამ ივას მეჯვარე კი არა ვიქნები, მისი ცოლის.
- რაოო? - გაოცება ვერ დავმალე, - ეს რა დაიწყეთ ამ ახალგაზრდებმა, კაცო, ბიჭი გოგოს მეჯვარედ რატომ უნდა გაჰყვეს ერთი, გამაგებინეთ, ა? დაქალები დაელია?
- მერე რა? - შემეპასუხა ელისი, - დედას გეფიცები, მე თუ გავთხოვდი, ჩემს მეჯვარედ მარკოს წავიყვან. ხომ მაქვს შენთვის ნათქვამი, მარკო-სარკო, ა?
- აუჰ! მოუნდა მარკიზის მეჯვარეობა, - გაიცინა ენიმ, - რა, უელსის პრინცს მიჰყვები ცოლად თუ საფრანგეთის დოფინს?
ასე მხიარულად ძველით ახალ წელს მართლა არასდროს შევხვედრივარ. განა მარტო მე, მგონი, მთელი ოჯახი. ბავშვებსაც კი არ დაუძინიათ, ჯესიც კი გარშემო გვირბენდა ყეფა-ყეფით. თორმეტის მერე ჯინაც ჩაგვერთო სკაიპით, ცოტა ხანს ჩვენთან ერთად მონიტორს უჭახუნა ჭიქა, იცინა და ჩვენც გვაცინა. გვიანი სუფრა კი ალმას სკაიპის სიგნალმა შეახტუნა, რომელმაც "გვახარა", ხვალ ჯვარს ვიწერო...
ამან ხმამაღალი ოვაციები გამოიწვია. ენისა და ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, ეს ამბავი ყველას გაუხარდა. ბავშვებმა რა იცოდნენ, რამხელა ტკივილი იყო ენისთვის დედის ხელმეორედ გათხოვება. მერე ჩემთან ცალკე მოისურვა დალაპარაკება, მეც სამზარეულოში გავიტანე ლეპტოპი და იქ განვმარტოვდით. ალმამ სულ ბოდიშები მიხადა, შენთან მართალი არ ვარ, უაზროდ ავფეთქდი და მაპატიეო. მერე დააყოლა, ხვალ ორას დოლარს გიგზავნი და რომ მიიღებ, აუცილებლად გამაგებინეო. ბოლოს მთხოვა, ენისთვის მიმეხედა, ვხედავ, ნელ-ნელა კალაპოტში დგება და ხომ იცი, ყველაზე მეტი ყურადღება ახლა სჭირდებაო.
გამეცინა. ენის კი არა, პირველ რიგში მას ვჭირდებოდი. ვჭირდებოდი თუნდაც იმისთვის, რომ ენი სხვებს კიდევ არ გარიყვოდა და კვლავ მარტო არ დარჩენილიყო... რაც უნდა ყოფილიყო, ჩვენი ამ მხიარული ოჯახის სიმტკიცე მხოლოდ და მხოლოდ მე მეკავა...
- კარლა, ახლა შენი ჯერია, შენც უნდა გათხოვდე! - "მომახარა" ელისმა, სუფრას რომ დავუბრუნდი.
ახლა ამაზე ახმაურდნენ, ელისს კვერი ყველაზე აქტიურად მარკომ დაუკრა.
- მიდი, დედუჩი, შენც იპოვე ვინმე, თუნდაც აი, ჩვენი ვასკა, უცებ მოაყომარე და მერე მე მარტო დავრჩები ჩემთვის. ვაუ, მაგარი კი იქნება!
- შე ყაჩაღო, ისედაც მარტო არა ხარ? ვინ გიშლის რამეში ხელს, რო? - ვიწყინე.
- კაი, დე, რა იყო, გეხუმრები, - იმანაც იწყინა.
- შენ ხომ ჯერ ახალგაზრდა ხარ, კარლა, სულ ჩვენ რომ გვეუბნები, განა შენც ყველაფერი წინ არა გაქვს?
- რაღაც ვარიანტში კი, რა თქმა უნდა, - ღიმილით დავეთანხმე, - ქალის ასაკი, სხვათა შორის, სამ ფაზად იყოფა: ახალგაზრდობა, მეორე ახალგაზრდობა და მარადიული ახალგაზრდობა. აი, მე ახლა მარადიული ახალგაზრდობის ფაზაში ვარ.
- ისე, მთვარესავით ოთხი ფაზა რომ გვქონოდა, უკეთესი იქნებოდა, - პირველად ამოიღო ენიმ ხმა და ეშმაკურად ჩაილაპარაკა.
- აი, ღორმუცელა! სამი არ ჰყოფნის. ამას დამიხედეთ ერთი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ემატება მადა.
ახლა ამაზე იხორხოცეს, მიდგნენ და მიდგნენ ენის, მერე ისევ მე ამომიღეს მიზანში.
- ისე, ვასკა ძაან სასიამოვნო კაცია, კარლა. მე შენს ადგილას ვიჩალიჩებდი, - გათამამდა ელისი.
სანამ სხვებიც მხარს აუბამდნენ, მაგიდას ხელისგულები მსუბუქად დავკარი და ვთქვი:
- ეჰ, ბავშვებო, ბავშვებო, - თან ისე ამოვიოხრე, თითქოს მთელი მსოფლიოს დარდი ჩემს გულში ყოფილიყო ჩამარხული, - მე სიბერისკენ მიმავალი ადამიანების კოლექციას ვეკუთვნი. ახლა მარტო ჩემი გული კი არ არის გაჭაღარავებული, არამედ ოცნებებიც. ვოტ! - ბრძნული აზრები და სიმწრის ღიმილი ერთად დავაფრქვიე.
- აი, როგორ ეტყობა, რომ დიზაინერია, ხედავთ? - მარკომ ჩემი სევდიანი განწყობის გაფანტვა სცადა, - ადამიანების კოლექციასო. აიიი! - და საჩვენებელი თითი გაფშიკა.
- შენნაირი დედა არავის არ ჰყავს, მარკო-სარკო, რომ იცოდე ისე, რა! - შენიშნა ელისმა.
- გეთანხმები. - თავი დააქნია ემილიმ.
- და ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ასეთი დედა გვყავს სუყველას, არა? - წამოიძახა ელისმა და სათითაოდ გადახედა გოგოებს, - ჩვენ ბედნიერები ვართ ამით. ხომ ასეა?
- ასეა, ასე, - კვერი დაუკრა ემილიმ.
- მეც ვბედნიერობ, ბავშვებო, დიდი მადლობა, - ყველანი ღიმილით დავასაჩუქრე, მათ ხმაურიან ბედნიერებას მეც ხმაურიანად დავემშვიდობე და ჩემი ოთახისკენ გავეშურე.
სანამ დავწვებოდი, ფანჯარაში გავიხედე. არემარე სარკესავით იყო განათებული. დეკემბრის დანატოვარი თოვლი ყინვისგან ბრწყინავდა. ღრუბლები მთელი სისწრაფით მიწევდნენ წინ, რადგან გარეთ ქარი ღმუოდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ღრუბლები კი არა, სავსე მთვარე მიაპობდა ცას, ქარის ღმუილი კი მარკოს ხმამაღალ სიცილთან ერთად ერთობ სასიამოვნო ჰარმონიას ქმნიდა...
მე მართლა ბედნიერი ვიყავი...
გაგრძელება